Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნების" 14 წელი - ვისთვის რას ნიშნავს 2012 წლის 1 ოქტომბერი

ბიძინა ივანიშვილი კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო შეხვედრაზე მცხეთაში,  2012 წლის ივლისი
ბიძინა ივანიშვილი კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო შეხვედრაზე მცხეთაში, 2012 წლის ივლისი

უფასო ფული, ავტორიტარული მმართველობის დასრულება, ხარისხიანი ჯანდაცვა და განათლება, სამართლიანი სასამართლო, ლიბერალური ღირებულებების განმტკიცება, ევროკავშირში ინტეგრაცია - 2012 წლის 1 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ კოალიციამ ამ და სხვა დაპირებებით გაიმარჯვა. რა დარჩა მათგან 14 წლის შემდეგ?

„დღეს ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას იმისათვის, რომ მკვეთრად შევცვალოთ საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრება უკეთესობისკენ. მე ძალიან კარგად ვიცი როგორც უნდა გავაკეთო ეს“, – ეს სიტყვები “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის მაისში თბილისში, თავისუფლების მოედანზე წარმოთქვა, როდესაც მის მიერ დაფუძნებული კოალიცია საარჩევნო კამპანიას იწყებდა.

კოალიციაში, “ქართული ოცნების” გარდა, კიდევ 5 პარტიის წარმომადგენლები შედიოდნენ: „თავისუფალი დემოკრატები“; „რესპუბლიკური პარტია“; „ეროვნული ფორუმი“; „კონსერვატიული პარტია“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.

2012 წელს, ივანიშვილმა უპირატესად პროდასავლური პარტიები შემოიკრიბა - 2016 წელს "ქართული ოცნების" კოალიცია უკვე დაშლილი იყო.

2012 წლის დაპირებები - წერილობითი, ზეპირი

„ეს არის არჩევანი თავისუფლებასა და დიქტატს, სამართლიანობასა და უსამართლობას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და საერთაშორისო იზოლაციას შორის“, - ასე აღწერდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მიზანს „ქართული ოცნების“ კოალიციის სადამფუძნებლო დეკლარაცია, რომელსაც საარჩევნო პროგრამა დაეფუძნა.

წერილობით დაიდო პირობა, რომ "ქართული ოცნების" კოალიცია, მათ შორის:

  • დაასრულებს ავტორიტარულ მმართველობას და პოლიტიკურ მესიანიზმს;
  • განავითარებს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ინსტიტუტებს;
  • დაძლევს სამოქალაქო დაპირისპირების მემკვიდრეობას და განამტკიცებს ეროვნულ თანხმობას;
  • უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და რეგიონული პოზიციების გამყარებას, რისთვისაც გააღრმავებს ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციას;
  • საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მიაღწევს კონკრეტულ შედეგებს რუსეთთან მოლაპარაკებებში;
  • დაამკვიდრებს საარჩევნო დემოკრატიას, ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და არჩევნების გზით შეცვლის ტრადიციას;
  • გააძლიერებს ოპოზიციის როლს ქვეყნის მართვაში;
  • დაიცავს მედიის თავისუფლებას და წაახალისებს სამოქალაქო ინიციატივებს;
  • უზრუნველყოფს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების ხელშეუხებლობას;
  • დაამკვიდრებს კანონის უზენაესობას.

ზეპირი დაპირებებიდან ელექტორატისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა დაპირებები შემოსავლიანი ცხოვრების შესახებ.

- „თქვენ მიიღებთ გრძელვადიან უფასო ფულს - უპროცენტო კრედიტები იქნება, 10-წლიანი და 20-წლიანი, ძალიან ხანგრძლივი“.

- „არანაკლებ სამი წლის განმავლობაში, გპირდებით, თქვენ გექნებათ უფასოდ დახვნა, მოთესვა, მოვლა, მოყვანა, მიღება და შეიძლება ბაზრამდე მიტანაშიც მოგემსახუროთ“.

- „ვერცერთი ჩინოვნიკი ვერ იცხოვრებს საშუალო მოსახლეზე უკეთესად - აი, ამის პრეცედენტს შევქმნით“.

დაპირებებს შორის, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლამდე, რეგიონებში ამომრჩევლებთან შეხვედრებისას გასცემდა, ასევე იყო: 60 ქარხანა - 2013 წლის ბოლომდე, "ხალხის ჯიბეზე" ეკონომიკის წინსვლის ასახვა უკვე მესამე წელიწადს და „ძალიან კარგი“ ცხოვრება - მეოთხე წელიწადს.

„მე არ მგონია, რომ ჩვენ დაპირებების რომელიმე ნაწილი არ შევასრულეთ”, - უთხრა ივანიშვილმა ჟურნალისტებს 2015 წელს. ამ დროს მას სახელისუფლებო თანამდებობა უკვე დატოვებული ჰქონდა.

2012 წლის არჩევნებზე მთავარი გამწევი ძალა - მილიარდერი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი თავად იყო და ის გუნდის პირველი პრემიერ-მინისტრიც გახდა, თუმცა იმ წელს კოალიციის საარჩევნო სიის პირველი ნომერი არ ყოფილა. მის სახელს კოალიცია მხოლოდ საარჩევნო ბლოკის სახელწოდებაში იყენებდა - „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“.

პარტიულ სიას 2012 წელს კახა კალაძე ედგა სათავეში.

2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კოალიციამ, ამომრჩევლების 54,97%-იანი მხარდაჭერა მიიღო.

2016 წლიდან საპარლამენტო არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” უკვე დამოუკიდებლად, კოალიციის გარეშე მონაწილეობს. სიის სათავეში ძირითადად უცნობი, საზღვარგარეთ ნასწავლი ახალგაზრდები არაიან.

ცესკოს მონაცემებით, რაც ოპოზიციისთვის და მათი მხარდამჭერებისთვის ყოველ ჯერზე სადავო იყო, მმართველი პარტიის შედეგები, საპარლამენტო არჩევნებზე, წლების მიხედვით, ასე გამოიყურება: 2016 წელი - 48,68%; 2020 წელი - 48,22%; 2024 წელი - 53,93%.

2012 წლის არჩევნების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან დეკლარირებულად ორჯერ წავიდა და ისევ დაბრუნდა.

2024 წელს ის პარტიული სიის პირველი ნომერიც გახდა.

ახლა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოსტს იკავებს გაფართოებული უფლებებით და ნაკლები ანგარიშვალდებულებით.

14 წლის შემდეგ

2026 წლის 1 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „14 წლის წინ ქართველმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა და „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვა მიანდო”.

“საქართველოს ინტერესების დაცვა და პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის წინაშე” - ეს კი, კალაძის შეფასებით, “ქართული ოცნების” მმართველობის უცვლელი მოცემულობაა. ის ახსენებს, მაგრამ არ აკონკრეტებს - სირთულეებს, გამოწვევებსა და შეცდომებს, რაც, მისი თქმით, 14-წლიანი მმართველობის შემადგენელი ნაწილი იყო.

კახა კალაძე „ქართული ოცნების“ ე.წ. ძველი გვარდიის იმ მცირე ჯგუფიდან არის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გარშემო შემორჩა; მაშინ, როცა ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანების, ყველაზე ერთგული ხელქვეითების დიდი ნაწილი დღეს ან ოპოზიციაშია, ან გამქრალია პოლიტიკიდან ანდა ციხეში ზის - ფულის გათეთრებისა თუ ქრთამის აღების გამო.

„გაჩნდა იმედი ჩვენს ქვეყანაში, რომ მწამებლური სისტემა დასრულდებოდა, დასრულდებოდა ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, მიყურადებები, ფარული მოსმენები, ოჯახის წევრების სხვადასხვა პირადი ვიდეოებით დაშანტაჟებები, ქონებების ჩამორთმევა და უბრალოდ გარე მმართველობა ამ ქვეყანაში და არაადამიანური მოპყრობები საქართველოს მოსახლეობის მიმართ“, - ასე აღწერს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატი, არჩილ გორდულაძე პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით გაჩენილ იმედებს.

გორდულაძე „ქართული ოცნების" ახალი სახეა - მმართველი პარტიის სიით ის 2024 წელს გახდა დეპუტატი.

დღევანდელი საქართველოს სულ სხვაგვარ რეალობას აღწერს ციხიდან გამოგზავნილ წერილებში “ქართული ოცნების” ორგზის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილთან 2012 წლამდეც აკავშირებდა მჭიდრო ურთიერთობა.

ექსპრემიერი თავის წერილებში ახსენებს ფრაზებს: არაფორმალური გარიგება, მართლმსაჯულების პიროვნებაზე მორგება, “გადაგდება”, პატიმრის ოჯახის წევრების “აწიოკება”, სახლებში შევარდნა, “უღირსი”, “ცილისმწამებლური” სახელისუფლებო პროპაგანდა, შანტაჟი, შუღლი და ერთმანეთის ჩაძირვა ბიძინა ივანიშვილის ორბიტაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელსაც ფულის გათეთრების ბრალდებით 5 წელი აქვს მისჯილი და ახლა კორუფციული დანაშაულის გამოც ასამართლებენ, ციხიდან გამოგზავნილ პირველ წერილში დაწერა, რომ მასზე ზეწოლას ყოფილი თანაგუნდელები ბიძინა ივანიშვილის დავალებით ახდენდნენ. თუმცა შემდგომ წერილებში ღარიბაშვილი ივანიშვილის მიმართ მხოლოდ პატივისცემას გამოხატავს.

განადგურებული დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კორუფციისა და კრიმინალის აღზევება, სიღარიბე, საერთაშორისო პარტნიორების დაკარგვა, რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენა და მისი ინტერესების გატარება - ასე აღწერს ოპოზიცია “ქართული ოცნების” მმართველობის 14 წელიწადს.

2022 წლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, განსაკუთრებით დაიძაბა "ქართული ოცნების" ხელისუფლების ურთიერთობები საერთაშორისო პარტნიორებთან. "ქართული ოცნების" ლიდერები ღიად აცხადებენ, რომ მათთვის "ასეთ" ევროკავშირში გაწევრიანება მიმზიდველი აღარ არის.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკა, დემოკრატიული უკუსვლა, ადამიანის უფლებების დარღვევა თუ დეზინფორმაციის გავრცელება - ევროკავშირის კრიტიკის მთავარი აქცენტებია.

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი 2014 წლის ივნისში მოაწერა; ხოლო კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო. თუმცა ამ ეტაპზე შეჩერებულია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, გაუქმებულია მაღალი დონის თანამშრომლობა, ვიზიტები. დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს უვიზოდ ჩასვლა აეკრძალათ. ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუწესეს ინდივიდუალური სავიზო შეზღუდვებიც. რისკის ქვეშ არის უვიზო მიმოსვლა.

2024 წლის ნოემბერში, ვაშინგტონმა შეაჩერა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა. სტატუს-კვო შენარჩუნებულია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის დაწესებული სანქციების კუთხითაც. აშშ-ის მიერ სანქცირებულია „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. სანქცირებულთა დიდმა ნაწილმა მაღალი თანამდებობები დატოვა.

ყოფილი თანაგუნდელების შეფასებები

„შეუძლებელია იმაზე ლაპარაკი, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის განწყობები რაიმე ფორმით შენარჩუნდა - დაპირებები არ შესრულდა, აღარანაირი იდეალები აღარ არსებობს... ბიძინა ივანიშვილმა 14 წლის მანძილზე ნაბიჯ-ნაბიჯ წაართვა, მოპარა ხალხს ეს გამარჯვება... მის გარდა ამ გამარჯვებით არავინ არ უნდა ისარგებლოს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელი, ამჟამად ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გედევან ფოფხაძე. ის ამბობს, რომ ახლა ყველაფერი დაპირებების საპირისპიროდ სრულდება:

“გვეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი [დაპირებები] აღარ არის საჭირო და ცუდია - ევროკავშირში გაწევრიანება რა საჭიროაო, ევროპა რაღაც სუვერენიტეტს გვართმევსო, ადამიანის უფლებები არ უნდა დავიცვათო... ადამიანი შეიძლება მიტინგისთვის დაიჭირონ , პოლიტიკური შეხედულებების გამო ხალხს დევნიან. აბსოლუტურად ყველაფერი იმის საწინააღმდეგოდ კეთდება, რაც იყო დეკლარირებული მაშინ”.

ფოფხაძე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი იყო ორი მოწვევის პარლამენტში, ახლა ოპოზიციონერი პოლიტიკოსია - „კოალიცია ცვლილებისთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი. მის პოლიტიკურ გაერთიანებას ახლა „ქართული ოცნება“ აკრძალვას უპირებს სხვა ოთხ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად. სულ ბოლოს, სიას დაამატეს თავისივე პარტიის ყოფილი ექსპრემიერის, გიორგი გახარიას ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიწოდებული მასალების თანახმად, “ქართული ოცნება” მთავარ პრობლემად თვლის იმას, რომ ოპოზიციური პარტიები მის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ.

სარჩელის თანახმად, რადგან „პოლიტიკური პარტიები 2016 წლიდან „პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო პოლიტიკურ, ისე საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და შესაბამისად, მის კონსტიტუციურობას“, ეს ნიშნავს, რომ „მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს“.

დემოკრატიულ ქვეყნებში არ იძებნება ხუთი პარტიის ერთბაშად აკრძალვის პრეცედენტი.

ვინც აკრიტიკებს, "ქართული ოცნებისთვის" ლამის ყველა „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობაა“ - ოპოზიციური პარტიები, მედიისა თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

14-წლიანი მმართველობის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მასობრივი დაჭერაც დაიწყო, მათ შორის - დროებითი საგამოძიებო კომისიის ["წულუკიანის კომისია"] სხდომებზე არგამოცხადების გამო. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დაჭერა ემუქრება "საბოტაჟის საქმის" ფარგლებშიც, რომელიც ახლა სასამართლოში განიხილება.

“ვერ ასცდებიან ისტორიის შეფასებას… მე, რა თქმა უნდა, ასეთ საქართველოზე არ ვოცნებობდი. ასეთ უკუსვლას ვერ წარმოვიდგენდი. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ამ ქვეყანაში ჩვენი ევროპული არჩევანი, რომელიც საუკუნეების არჩევანია, დადგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანი მიროტაძე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც, 2012 წელს „ეროვნული ფორუმიდან“, „ქართული ოცნების“ კოალიციის სიით შევიდა პარლამენტში. ის ახლა არცერთ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს.

მიროტაძე თვლის, რომ დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესები საერთოდ აცდენილია “ქართული ოცნების” ხელისუფლების “ვიწრო, მერკანტილურ” ინტერესებსა და სურვილებს.

“ციხეები გაავსეს, პოლიტიკა მოკლეს, ადამიანის უფლებები დაასამარეს, ცდილობენ სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორი თავიდან ბოლომდე ამოძირკვონ, გააქციეს ადამიანები ქვეყნიდან, ბავშვებს არა აქვთ განათლების შესაძლებლობა, ჯანდაცვა ჩამოქცეულია, არცერთი სტრუქტურა და სისტემა არ არსებობს”. ანი მიროტაძის თქმით, საკუთარი თანაგუნდელების მასობრივი დაჭერები და “გადაძახილები” ხელისუფლების “დიაგნოზია” - “ისინი მოვიდნენ იმისთვის, რომ საკუთარი კეთილდღეობა ააწყონ, რაც შეიძლება მეტი ფული იშოვნონ” და “როდესაც ერთმანეთს წირავენ, სხვას რას უზამენ?!”.

მისთვის არ არის სანდო ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები, რითაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება ხშირად ამაყობს, რადგან, პოლიტიკოსის შეფასებით, ყოველდღიურობაში ხალხის ცხოვრებას "გაუმჯობესება არ ეტყობა".

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG