რუსეთის ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა „სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე“ უკრაინული დრონებით შეტევა დაადასტურა, თუმცა კონკრეტული ობიექტები არ დაუსახელებიათ.
ვოლგოგრადი
გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადის მცხოვრებნი სოციალურ ქსელებში წერდნენ ძლიერი აფეთქებების შესახებ.
ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ბოჩაროვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, „სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე კიევის დანაშაულებრივი რეჟიმის უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული ტერორისტული შეტევის” შედეგად ქალაქ ვოლგოგრადის კრასნოარმეისკის რაიონში ხანძარი გაჩნდა მრავალბინიან სახლში, სადაც ერთი ადამიანი დაშავდა.
გუბერნატორს არაფერი უთქვამს რომელიმე სამრეწველო ობიექტის დაზიანებაზე.
მონიტორინგის უკრაინული არხის, Supernova+-ის ცნობით, ვოლგოგრადში დარტყმა იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ ხანძარია ქალაქ ვოლგოგრადის კრასნოარმეისკის რაიონის იმ ნაწილში, სადაც ერთმანეთის გვერდითაა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ლუკოილ-ვოლგოგრადნეფტეპერერაბოტკა" და ქიმიური საწარმო „კაუსტიკი“.
- „კაუსტიკი“ როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო დანიშნულების პროდუქციას აწარმოებს.
- ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც კომპანია „ლუკოილისაა“ და წელიწადში თხუთმეტ მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის გადამუშავება შეუძლია, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ადრეც არაერთხელ შეუტიეს, მათ შორის 2026 წლის ივლისში. ქარხანა იძულებული გახდა ნავთობის გადამუშავება შეეჩერებინა.
სამარა
დრონების გარდა, რაკეტებით შეტევის საფრთხის რეჟიმი იყო გამოცხადებული რუსეთის ქალაქ სამარაში. დროებით დახურეს აეროპორტი და საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტის მიმოსვლა შეაჩერეს.
მონიტორინგის უკრაინული არხების ინფორმაციით, სამარასთან შეტევა იყო კომპანია „ტრანსნეფტის“ საწარმოო-სადისპეტჩერო სადგურზე. სავარაუდოდ, ამ ობიექტზე ხანძრის შესახებ დაწერა რუსულმა გამოცემა ASTRA-მაც.
- „ტრანსნეფტის“ ეს ობიექტი რეზერვუარების უმსხვილეს პარკს წარმოადგენს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე 2 ოქტომბერს დილით გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, პირველი ოქტომბრის საღამოს რვიდან ორი ოქტომბრის დილის რვა საათამდე რუსეთის 13 რეგიონში, მათ შორის ვოლგოგრადსა და სამარაში, შავი და აზოვის ზღვების თავზე და ყირიმში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 646 უკრაინული დრონი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, უკრაინისგან განსხვავებით, არასდროს ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.
განახლება: 2 ოქტომბერს დღისით უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა დარტყმა „ლუკოილის“ ქარხანაზე ვოლგოგრადში და „ტრანსნეფტის“ სადგურზე სამარაში.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2026 წლის დასაწყისიდან კიდევ უფრო ინტენსიური გახადეს შეტევები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ტერმინალებსა და ტრანსპორტირების მარშრუტებზე, რამაც პრობლემები შეუქმნა ექსპორტს და საწვავის დეფიციტი შექმნა თავად რუსეთში.
- მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს, კიევი კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმას რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში და ერთ-ერთ მთავარ მიზნად ასახელებს რუსეთისთვის ომის დაფინანსების წყაროთა შეზღუდვას.
ფორუმი