ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში 21 სექტემბერს გამოქვეყნებულ პოსტში ომს „სირცხვილი“ უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ომის ერთ-ერთ შედეგად ის დაასახელა, რომ „რუსეთმა საუბედუროდ, დაკარგა კონტროლი თავის დიზელის მრეწველობაზე“.
დონალდ ტრამპის თანახმად, რუსეთში ბევრი ქარხანა აფეთქებულია ან დროებით მაინც მწყობრიდანაა გამოსული.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2026 წლის დასაწყისიდან კიდევ უფრო ინტენსიური გახადეს შეტევები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ტერმინალებსა და ტრანსპორტირების მარშრუტებზე, რამაც პრობლემები შეუქმნა ექსპორტს და საწვავის დეფიციტი შექმნა თავად რუსეთში.
- სექტემბრის დასაწყისში რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის შიდა ბაზარი სრულადაა უზრუნველყოფილი დიზელით და საავიაციო საწვავით, თუმცა არის საავტომობილო ბენზინის გარკვეული დეფიციტი.
ზელენსკის პასუხი
აშშ-ის პრეზიდენტს სოციალური ქსელებით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი.
ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, „რუსეთის ომი უკრაინის და საღი აზრის წინააღმდეგ უნდა შეწყდეს“, უკრაინა პირველივე წუთიდან მიისწრაფოდა მშვიდობისკენ და ათეულობით დიპლომატიური წინადადება წარმოადგინა „ომის ღირსეულად დასასრულებლად, გარანტირებული უსაფრთხოებისა და რუსეთის ახალი შეჭრების აღსაკვეთად“.
პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, ახლაც მიმდინარეობს დიალოგი პრეზიდენტ ტრამპთან და აშშ-თან და განიხილება იდეები მშვიდობის მოახლოებისთვის, მათ შორის გადამწყვეტი ნაბიჯები დეესკალაციის მიზნით.
უკრაინა მზად არის შესაბამისი ნაბიჯები გადადგას დეესკალაციისთვის, თუ რუსეთი შეწყვეტს დარტყმებს უკრაინის ენერგეტიკის სექტორსა და სურსათის ექსპორტის მარშრუტებზე.
- უკრაინის პრეზიდენტი ამჟამად ნიუ-იორკშია, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტსაც შეხვდება.
ვაშინგტონის ერთ-ერთი, ჯერჯერობით უშედეგო ინიციატივა ეხება რუსეთის და უკრაინის მიერ ერთმანეთის ენერგოობიექტებზე შეტევების შეწყვეტას.
20 სექტემბერს, აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შემდეგ დასავლეთის მედიასაშუალებებმა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ ტრამპმა ზელენსკის ისევ სთხოვა, დიზელის საწვავის პრობლემების გამო თავი შეიკავონ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებისგან.
თეთრ სახლს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
- სექტემბრის შუა რიცხვებში პრეზიდენტმა ტრამპმა Truth Social-ში დაწერა, რომ დიზელზე მსოფლიო ფასების ზრდა დიდწილად რუსეთ-უკრაინის ომითაა გამოწვეული და არა ირანის.
- ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციამ და ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეზღუდვამ მსოფლიო ბაზრისთვის საწვავის მიწოდების პრობლემა და საწვავის გაძვირება გამოიწვია.
- დიზელის საწვავი მკვეთრად გაძვირდა აშშ-შიც, რაც ბევრი ანალიტიკოსის აზრით, ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ამცირებს კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების წარმატების შანსს. 2026 წლის ნოემბერში დაგეგმილი არჩევნები გადაწყვეტს, შეინარჩუნებს თუ არა პრეზიდენტ ტრამპის რესპუბლიკური პარტია უმრავლესობას.
სამი დარტყმა ერთ კვირაში
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 21 სექტემბერს განაცხადა, რომ მხოლოდ 14-20 სექტემბრის პერიოდში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყეს რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ სიზრანში, იაროსლავის ოლქის ქალაქ იაროსლავლში და რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში.
უკრაინის გენშტაბის თანახმად, ამ ქარხნებში დაზიანებულია ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარები და რეზერვუარები.
- მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს, კიევი კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმას რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში და ერთ-ერთ მიზნად ასახელებს რუსეთისთვის ომის დაფინანსების წყაროთა შეზღუდვას.
ფორუმი