Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში საქმიანობას წყვეტს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის სათავო ოფისი
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის სათავო ოფისი

გერმანული ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი (FNF) საქართველოში საქმიანობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ფონდის თანახმად, იხურება თბილისის ოფისიც. გადაწყვეტილება ორგანიზაციის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის 30 სექტემბერს მიიღო, FNF საქართველოში 2002 წლიდან მუშაობდა.

"ეს ნაბიჯი ჩვენთვის ადვილი გადასადგმელი არ ყოფილა, თუმცა მისი გადადგმა გარდაუვალი გახდა", - ნათქვამია ორგანიზაციის პრესრელიზში, რომელშიც მიზეზებია ახსნილი.

რატომ ტოვებს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი საქართველოს

"საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებები FNF-ს ქვეყანაში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას აღარ აძლევს", - ნათქვამია განცხადებაში.

"მიმდინარე წელს ჩვენმა ფონდმა ახალი კანონის („გრანტების შესახებ“ კანონის) საფუძველზე განაცხადი წარადგინა, რათა ქვეყანაში კვლავ დაგვეფინანსებინა პროექტები და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა გაგვეგრძელებინა. ამასთან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ პროგრამის თითოეული კომპონენტი საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებისთვის დაგვექვემდებარებინა და ყველა ღონისძიების განსახორციელებლად შესაბამისი ნებართვები მიგვეღო."

ფონდის შეფასებით, ეს პირობები მის საქმიანობას აუცილებელ თავისუფლებას უზღუდავს. ფონდმა საქმიანობის გაგრძელების მიზნით განაცხადი შეიტანა, თუმცა ის 2026 წლის 28 ივლისს არ დაკმაყოფილდა. ამის გამო ფონდი აცხადებს, რომ საქართველოში საკუთარი ღირებულებებისა და პრინციპების შესაბამისად მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ აქვს.

"ეს პირობები, თავისი არსით, ლიბერალური ფონდისთვის აუცილებელ სამოქმედო თავისუფლებას საფუძველს აცლის. მიუხედავად ამისა, ჩვენი განაცხადით მაინც ვცადეთ, გამოგვეყენებინა ყველა შესაძლებლობა, რათა საქართველოში საქმიანობა გაგვეგრძელებინა და მხარი დაგვეჭირა იმ ძალებისთვის, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვიან. თუმცა ეს განაცხადი 2026 წლის 28 ივლისს უარყოფილ იქნა. შესაბამისად, ჩვენ აღარ ვხედავთ შესაძლებლობას, გავაგრძელოთ ისეთი საქმიანობა, რომელიც ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებს შეესაბამება", - ნათქვამია განცხადებაში.

"ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საქართველო იმედისა და დემოკრატიული პროგრესის სიმბოლო იყო" - FNF.

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის განცხადებით, ფონდი საქართველოში 2002 წლიდან მუშაობდა, ინტენსიურად თანამშრომლობდა პარტნიორ ორგანიზაციებსა და ლიბერალურად განწყობილ საზოგადოებასთან "თავისუფალი საზოგადოების, საქართველოს ევროპული მომავლისა და საზოგადოებებს შორის მჭიდრო დიალოგის ხელშეწყობის მიზნით".

"ჩვენ მომავალშიც მხარს დავუჭერთ ყველა იმ ქართველს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული დღის წესრიგისთვის იბრძვიან".

ორგანიზაციის განცხადებით, FNF-ი გააგრძელებს ამ ადამიანების მხარდაჭერას საზღვარგარეთ და მათი ხმის გაჟღერებას.

"მადლობას ვუხდით ჩვენს თანამშრომლებს, ასევე ყველა პარტნიორსა და მეგობარს, რომლებმაც ჩვენი საქმიანობა შესაძლებელი გახადეს. ბოლო წლებში ბევრ მათგანს სულ უფრო ხშირად უწევდა პირადი რისკების გაწევა საკუთარ ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად. ამიტომ, შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებს", - ნათქვამის განცხადებაში.

2024 წლის გაზაფხულზე, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი ერთ-ერთი იყო საქართველოში მოქმედ სხვა გერმანულ ფონდებთან - ჰაინრიხ ბიოლის ფონდთან, ფრიდრიხ ებერტის ფონდთან და კონრად ადენაუერის ფონდთან ერთად, რომელიც აკრიტიკებდა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ "ქართული ოცნების" მთავრობის ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც მოგვიანებით კანონად იქცა.

თბილისში ოფისი დახურა კონრად ადენაუერის ფონდმაც

გერმანულმა კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც 2003 წლიდან მუშაობდა საქართველოში, 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში საქმიანობას წყვეტს - მიზეზად საქართველოში შექმნილი „პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩო“ დაასახელა.

KAS-ის თანახმად, 2026 წლის 28 ივლისს საქართველოს მთავრობამ ფონდის მიერ „გრანტების შესახებ“ ახალი კანონის ფარგლებში წარდგენილი პროექტების დაფინანსების განაცხადები არ დააკმაყოფილა.

გრანტების კანონი

2025 წლის 20 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით შეცვალა „გრანტების შესახებ“ კანონი და მთავრობის ნებართვის გარეშე დაფინანსების მიღება აუკრძალა მისგან დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ეს ცვლილებები, - სხვა საკანონმდებლო რეგულაციებთან, მათ შორის „აგენტების კანონთან“ (ფორმალურად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“, რომელსაც მოწინააღმდეგეები „რუსულ კანონს“ უწოდებენ) და „FARA-ს ქართულ ანალოგთან“ ერთად, - ევროკავშირისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ „უპრეცედენტო დემოკრატიული უკუსვლის“ განმაპირობებელ ერთ-ერთ ფაქტორად მიიჩნევა.

Amnesty International-ის მიერ 2026 წლის 15 ივნისს საქართველოზე გამოქვეყნებულ ანგარიშში, „რეპრესიების ანატომია“, წერია, რომ „გრანტების კანონისა“ და სხვა ცვლილებების შედეგად, ათობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია იძულებული გახდა, შეემცირებინა შტატი, შეეჩერებინა მუშაობა ან „გადარჩენის რეჟიმში“ განეგრძო საქმიანობა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განაცხადებით, "უცხოურ გრანტებთან დაკავშირებით თანხმობების გაცემის დადებითობის მაჩვენებელი 95%-ია", რაც, მისი სიტყვებით, "ხაზს უსვამს მთავრობის დამოკიდებულებას ისეთი პროექტების მიმართ, რომლებიც შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. თუკი რომელიმე პროექტი პირდაპირ ან ირიბად გულისხმობს პოლიტიკურ პროცესებში არამართლზომიერად თანხების ხარჯვას, მთავრობას ვერ ექნება დადებითი პოზიცია".

საქართველო-გერმანიის ურთიერთობები

საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები ბოლო წლებში გაუარესდა:

  • 2024 წლის 31 დეკემბერსა და 2025 წლის 24 მარტს გერმანიამ, სხვა დასავლური ქვეყნების მსგავსად, სავიზო შეზღუდვები დაუწესა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს;
  • გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებისთვის 237 მილიონი ევროს დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო;
  • ამავე დროს, გაგრძელდა ის პროექტები, რომლებიც, ბერლინის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის დახმარებას ემსახურება. გერმანიამ რიგი სხვა პროგრამები აღარ განაახლა;
  • გერმანიის ყოფილი ელჩი პეტერ ფიშერი, რომელიც თანამდებობაზე 2022 წლის აგვისტოში დაინიშნა, მწვავედ აკრიტიკებდა პროცესს, რომელსაც საქართველოში უპრეცედენტო დემოკრატიულ უკუსვლას უწოდებდა;
  • „ქართული ოცნების“ ლიდერები ფიშერს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და „რევოლუციური პროცესების მხარდაჭერაში“ ადანაშაულებდნენ.

გერმანიის ახალმა ელჩმა ბარბარა ფოსმა რწმუნებათა სიგელის ასლი 27 აგვისტოს გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.

მანამდე, 23 ივლისს, გერმანიაში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე კარტოზიამ პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა - თანამდებობაზე დანიშვნიდან 10 თვის შემდეგ.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG