Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორვეგიამ და კანადამ 7,7 მლნ დოლარი გამოყვეს რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად

ბავშვი უკრაინის დროშით. დერგაჩი, 17 ივნისი, 2023.
ბავშვი უკრაინის დროშით. დერგაჩი, 17 ივნისი, 2023.

ნორვეგიისა და კანადის ხელისუფლებებმა დაახლოებით 7,7 მილიონი დოლარი გამოყვეს იმ ბავშვების დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ინიციატივებისთვის, რომლების დეპორტირება ან იძულებით გადაადგილება განახორციელა რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

ამის შესახებ ინიციატივა Bring Kids Back ავრცელებს ინფორმაციას კანადაში გამართული კონფერენციის, Pathways to Peace-ის დასრულების შემდეგ.

ნორვეგიამ 2,6 მილიონ დოლარამდე გამოყო UNICEF-ისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის უკრაინელი ბავშვების მოძიების, დაბრუნებისა და რეინტეგრაციის პროგრამებისთვის.

სექტემბრის შუა რიცხვებში კანადამ განაცხადა, რომ იმავე საჭიროებებისთვის გამოყოფს დაახლოებით 4,5 მილიონ დოლარს. გამართული კონფერენციის შედეგების მიხედვით, კანადის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიით დაზარალებულებს დამატებით 600 ათას დოლარს გადასცემს. გამოყოფილი თანხის ნაწილი ასევე მიიმართება იმ ადამიანების (მათ შორის ბავშვების) მხარდასაჭერად, რომლებმაც რუსეთის სამხედროების მხრიდან სექსუალური ძალადობა გადაიტანეს და ოკუპაციიდან დაბრუნდნენ.

გარდა ამისა, კონფერენციაზე ჰონდურასმა გამოაცხადა, რომ ოფიციალურად უერთდება ბავშვთა დაბრუნების საერთაშორისო კოალიციას. საერთო ჯამში მასში ახლა 52 სახელმწიფო ან საერთაშორისო ორგანიზაცია შედის.

ასევე ცნობილი გახდა, რომ კიდევ ორი ქვეყანა შეუერთდა Safe Pathways Home-ის ინიციატივას, რომელიც საშუალებას იძლევა, მათი ტერიტორია უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისთვის ტრანზიტულ ზონად იქნეს გამოყენებული. ამ ქვეყნების დასახელებები საჯაროდ არ გამოცხადებულა.

ამ ფონზე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 1 ოქტომბერს სანქციები დააწესა იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების წამებაში, ასევე უკრაინელი ბავშვების დეპორტაციასა და იდეოლოგიურ ხელახალ აღზრდაში მონაწილეობდნენ (მათ შორის არის „პირველთა მოძრაობის“ გამგეობის თავმჯდომარე არტურ ორლოვი). მანამდე ევროკავშირმა სანქციების სიაში შეიყვანა 10 ფიზიკური პირი და რუსეთის 17 სტრუქტურა, რომლებიც უკრაინელი ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებში იყვნენ ჩართული.

უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისას რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან 20 000-ზე მეტი ბავშვი გადააადგილა იძულებით ან მათი დეპორტაცია მოახდინა. 2026 წლის სექტემბრის ბოლოსთვის უკრაინის ხელისუფლებამ და Bring Kids Back-ის ინიციატივამ 2651 ბავშვის დაბრუნება შეძლეს.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG