Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერცმა უკრაინისთვის 1,3 მილიარდ ევროზე მეტი დახმარების შესახებ გამოაცხადა და კიევიდან პუტინს მიმართა: დაასრულეთ ეს უაზრო ომი!

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი. უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 28 სექტემბერს დაბომბილი შენობის ფონზე, კიევი, უკრაინა. 2026 წლის 4 ოქტომბერი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი. უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 28 სექტემბერს დაბომბილი შენობის ფონზე, კიევი, უკრაინა. 2026 წლის 4 ოქტომბერი

„ბატონო პუტინ, დაასრულეთ ეს უაზრო ომი! ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მზად ვართ ომის დასრულებაზე სასაუბროდ, მაგრამ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე ეს ბარბაროსული თავდასხმები უნდა შეჩერდეს“, - განაცხადა 4 ოქტომბერს გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა კიევში ვიზიტის დროს, დედაქალაქის ცენტრში ყოფნისას, საჰაერო განგაშის სირენების ხმის ფონზე. მოგვიანებით გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე მერცმა ისიც თქვა, რომ კიევში ვიზიტის დროს სამი საჰაერო განგაშის მოწმე გახდა.

უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 28 სექტემბერს დაბომბილი შენობის მონახულებისას მერცმა აღნიშნა:

“კიევში მეცნიერებათა აკადემიაზე თავდასხმა განხორციელდა ქალაქის ცენტრში, რამდენიმე ასეულ მეტრში გერმანიის საელჩოდან. დღეს დილით კი, მშვიდ კვირა დღეს, კიევში საჰაერო განგაშია. ესაა ყოველდღიური ომის დანაშაულები”.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა:

"დადებითი ის არის, რომ გვაქვს ერთიანობა, გვყავს ძლიერი პარტნიორები. მადლიერები ვართ, ფრიდრიხ, რომ აქ ხართ. ეს პირადად შენი და შენი სახელმწიფოს მნიშვნელოვანი, ძალიან გაბედული გზავნილია".

4 ოქტომბერს კიევში ვიზიტისას გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა გერმანიის მიერ უკრაინისთვის თავდაცვის სფეროში 1 მლრდ ევროზე მეტი და ენერგეტიკის სფეროში 350 მილიონ ევროზე მეტი დახმარების გამოყოფის შესახებ.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ საქმე ეხება დრონების ერთობლივ წარმოებას. ენერგოსფეროში დახმარებაზე კი მერცმა განაცხადა, რომ ზამთრის მოახლოებისას ენერგოსფეროში დასახმარებლად გერმანიამ გამოყო 350 მლნ ევროზე მეტი უკრაინისთვის სხვადასხვა სახის გენერატორების, ტრანსფორმატორებისა და ისეთ ტექნიკის გადასაცემად, რომელიც რუსეთის მხრიდან უკრაინის ენერგოობიექტებზე თავდასხმის შედეგების შერბილებას შეუწყობს ხელს.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, ზამთარში ბერლინში გაიმართება „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის თანათავმჯდომარეობით, უკრაინისთვის შემდგომი დახმარების კოორდინაციისთვის.

4 ოქტომბერს ფრიდრიხ მერცი უკრაინის თავდაცვის მინისტრ იევჰენი ხმარასაც შეხვდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ხმარა გერმანიის კანცლერს ესაუბრა ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე, რუსეთში დაგეგმილ მობილიზაციასა და უკრაინის დღევანდელ გამოწვევებზე, კერძოდ, საუბარი შეეხებოდა რეაქტიულძრავიან დრონებსა და ბალისტიკური რაკეტებს. იევჰენ ხმარამ ფრიდრიხ მერცს გადასცა იმ შეიარაღების სია, რომელიც უკრაინას სჭირდება თავდაცვისთვის, მათ შორის არის საბრძოლო მასალა F-16-ებისთვის და რაკეტები IRIS-T და Patriot-ის სისტემებისთვის. შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა გერმანულ კომპანიებთან ხუთ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

გერმანიის კანცლერმა კიევში ყოფნისას განაცხადა, რომ კვირას გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხებოდა აგრეთვე უკრაინის ევროპულ პერსპექტივასაც:

“გვინდა დავაჩქაროთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება და გავიმეორებ ჩემს წინადადებას ასოცირებულ წევრობაზე. გვინდა დავაჩქაროთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება და ამისთვის ვმუშაობთ ბრიუსელში. ვიცით, რომ უკრაინა აქ მუშაობს რეფორმებზე კორუფციასთან ბრძოლის სფეროში, კანონის უზენაესობაზე“.

4 ოქტომბერს, გერმანიის კანცლერის ვიზიტის დროს, რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებული მორიგი თავდასხმისას ერთი დრონიკიევში "ჩრდილოეთის ხიდზე" აფეთქდა.

კვირას გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 3 ოქტომბერს ესაუბრა ამერიკელ მომლაპარაკებლებს, რომლებიც "კომუნიკაციაში არიან უკრაინასა და რუსეთთან და გვთავაზობენ, რომ სამმხრივი შეხვედრა რაღაც ფორმით ტექნიკურ დონეზე გაიმართოს ოქტომბრის ბოლოსთვის". ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 3 ოქტომბერსაც დაადასტურა უკრაინის მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის:

"ახალი არაფერია. ჩვენ მზად ვართ შეხვედრისთვის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ან ამერიკული მხარის მიერ შემოთავაზებულ მეორე ქვეყანაში. როგორც ვიცი, ისინი ამას შესთავაზებენ რუსეთის მხარესაც, ან უკვე შესთავაზეს - არ ვიცი, მათი ქმედებების ზუსტი თანმიმდევრობა. ასე რომ, დაველოდებით მათ პასუხს".

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG