Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმარმა, რომელიც სექსუალურ ძალადობაზე საუბრობდა, გაურკვეველი საგანი გადაყლაპა - პენიტენციური სამსახური

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ინციდენტი მოხდა 4 ოქტომბერს 21:12 საათზე
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ინციდენტი მოხდა 4 ოქტომბერს 21:12 საათზე

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდადებულმა გიორგი დავითაძემ, რომელიც ბადრაგების მხრიდან სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს, „გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა“.

4 ოქტომბერს, 22:45 საათისთვის, პენიტენციური სამსახურის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმადაც იმავე საღამოს დავითაძემ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ „დემონსტრაციულად გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი“.

უწყების განცხადებით, ეს ინციდენტი მოხდა 4 ოქტომბერს 21:12 საათზე და გადაღებულია საკნის სამეთვალყურეო ვიდეოკამერით.

განცხადებიდან არ ირკვევა, საიდან ჰქონდა დავითაძეს „გაურკვეველი მცირე საგანი“ - ან რა ტიპისა შეიძლება ყოფილიყო ეს საგანი.

პენიტენციური სამსახურის თანახმადვე, ჯანმრთელობის მდგომარეობის „მონიტორინგის მიზნით“ დავითაძეს შესთავაზეს „ვივამედში“ გადაყვანა, თუმცა მან „კატეგორიული უარი განაცხადა“.

„შესაბამისად, გიორგი დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი და მათი რეკომენდაციების საფუძველზე მიიღება შემდგომი შესაბამისი ზომები“, - აცხადებს სამსახური.

გიორგი დავითაძის საქმე

  • 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა სექსუალური ძალადობის შესახებ. ის ამბობს, რომ №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა და დამამცირებლად მოექცა.
  • „ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს - თითით, ხელით. […] გამაუპატიურეს - 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში“, - თქვა პატიმარმა.
  • დავითაძე ასევე ამბობს, რომ ძალადობის შემდეგ სუიციდის მცდელობა ჰქონდა. მან გამოაცხადა, რომ შიმშილობას დაიწყებს, თუ მის მიერ დასახელებული თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.
  • პენიტენციური სამსახური ბრალდებას „კატეგორიულად უარყოფს“.
  • უწყებამ 2 ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო, რომელიც, უწყების განცხადებით, ასახავს პატიმარ გიორგი დავითაძის მონაწილეობით 2025 წლის 21 დეკემბერს №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას. ვიდეოს ხმა არ აქვს.
  • 3 ოქტომბერს დავითაძის ოჯახის წევრებმა რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გამართეს და მოითხოვეს, სრულად და ხმით გასაჯაროვდეს ვიდეოკადრები, რომლებშიც, მათი განმარტებით, მსჯავრდადებულზე ძალადობაა ასახული.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG