Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენის მთავრობამ ჰუთების წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

იემენის მთავრობის ძალები, რომლებსაც საუდის არაბეთი უმაგრებს ზურგს (საილუსტრაციო ფოტო).
იემენის მთავრობის ძალები, რომლებსაც საუდის არაბეთი უმაგრებს ზურგს (საილუსტრაციო ფოტო).

იემენის პრეზიდენტმა რაშად ალ-ალიმიმ 4 ოქტომბერს გამოაცხადა მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ, რომლის მიზანიც ჰუთების კონტროლის ქვეშ არსებული ყველა რაიონის დაბრუნებაა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ალ-ალიმის თქმით, სამთავრობო ძალები შეტევას განაგრძობენ „მანამ, სანამ ქვეყანა ტერორისტული მეომრების მმართველობისგან არ გათავისუფლდება“.
იემენში ჰუთის მიმდევრები ირანის მომხრე ძალებს წარმოადგენენ.

რამდენიმე დღით ადრე იემენში საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა.

სააგენტოს წყაროების თანახმად, იემენის ხელისუფლება ჰუთებზე შეტევას საუდის არაბეთის მხარდაჭერით განახორციელებს.

იემენის სამთავრობო ძალებმა ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე ეფექტიანი კონტროლი დაამყარეს, - განუცხადა ორშაბათს Reuters-ს იემენის ინფორმაციის მინისტრმა მოამარ ალ-ერიანიმ, თუმცა ამ ტერიტორიაზე ჰუთების ძალებთან შეტაკებები კვლავ გრძელდება.


სამთავრობო ძალები სწრაფად მიიწევდნენ წინ სანაპირო ზოლის გასწვრივ, საუდის არაბეთის ძლიერი საჰაერო მხარდაჭერით, რათა დაეკავებინათ საკვანძო პოზიციები დუბაბის რაიონში, სრუტის ყველაზე ვიწრო წერტილში. ეს არის ნავთობის გადაზიდვის სასიცოცხლო მარშრუტი, რომლის ხელში ჩაგდებამ ჰუთების მიერ გასულ თვეში ენერგეტიკულ ბაზრებზე შოკური ტალღა გამოიწვია.


თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ერიანიმ განაცხადა, რომ სამხედროებმა ხელში ჩაიგდეს დუბაბის ასაფრენი ბილიკი, რომელიც უშუალოდ სრუტის სიღრმეში მდებარეობს, და ალყაში მოაქციეს ამ ტერიტორიაზე დარჩენილი მოწინააღმდეგის ძალები, სამთავრობო უწყების სხვა წყარომ თქვა, რომ სრუტესთან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზაზე ბრძოლები გრძელდებოდა.

უფრო ადრე ჰუთებმა უარყვეს სამთავრობო ძალების წარმატება და ასეთ განცხადებებს „სრული სიყალბე“ უწოდეს. ისინი დაიმუქრნენ, რომ თავს დაესხმებოდნენ ნებისმიერ მფრინავ აპარატს, რომელიც საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში იმოძრავებდა.

მიუხედავად იმისა, რომ სრუტის გარშემო სანაპირო ზოლის დაბრუნება ჰუთებს გაურთულებს ხმელთაშუა ზღვასა და ინდოეთის ოკეანეს შორის ნაოსნობისთვის ხელის შეშლას, მათ მაინც შეეძლებათ სამიზნეში ამოიღონ გემები დრონებით, სანაპიროს გასწვრივ და ხმელეთის სიღრმეში არსებული უფრო შორეული პოზიციებიდან.
იემენის მთავრობის ხუთი სამხედრო წყაროს ცნობით, ჰუთებმა ასევე მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას ქალაქ ტაიზის მახლობლად, დაიკავეს მთის გზის მონაკვეთები და იქ მყოფი სამთავრობო ძალები ალყაში მოაქციეს. ამავე დროს სამთავრობო უწყების ერთმა სხვა წყარომ უარყო გზის გადაკეტვის ფაქტი.


იემენში რამდენიმე ფრონტის ხაზზე ბრძოლები კვლავ მძვინვარებს მას შემდეგ, რაც მიძინებული სამოქალაქო ომი აშშ-ირანის კონფლიქტის შედეგად განახლდა. ჰუთები ცდილობენ, დაეუფლონ ბაბ-ელ-მანდების სასიცოცხლო სრუტეს და რაკეტებსა და დრონებს უშენენ საუდის არაბეთის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურას.


იმ ფონზე, როდესაც სპარსეთის ყურის ენერგორესურსების ექსპორტი უკვე შეზღუდულია მის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ თეირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო, იემენში მიმდინარე ბრძოლები საფრთხეს უქმნის ნავთობის ექსპორტის კიდევ ერთ მსხვილ მარშრუტს, რაც ზრდის გლობალურ ფასებს და ახალ საფრთხეებს აჩენს ისედაც ცეცხლში გახვეულ რეგიონში.

განახლებულმა საბრძოლო მოქმედებებმა გააუარესა ჰუმანიტარული კრიზისი იემენში; გაეროს მიგრაციის სააგენტომ ორშაბათს განაცხადა, რომ ომის განახლების შემდეგ სახლ-კარი 184 000-მდე ადამიანმა დატოვა.


გასულ თვეში ჰუთებმა საგრძნობლად გააძლიერეს თავიანთი აქტივობა. მათ წამოიწყეს მოულოდნელი შეტევა, რომლის დროსაც მალე ხელში ჩაიგდეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაბ-ელ-მანდების სრუტე და წითელი ზღვის სანაპიროს დაახლოებით 150 კილომეტრი. ამან მათ გაუხსნა ზეწოლის ახალი ბერკეტი საერთაშორისო ნაოსნობის მარშრუტებსა და ახლო აღმოსავლური ნავთობის გატანაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შემდეგ.



ჰუთები 2014 წლიდან აკონტროლებენ იემენის დედაქალაქ სანასა და ჩრდილო-დასავლეთის მნიშვნელოვან რაიონებს, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს. ამ წლების განმავლობაში მათ გაუძლეს საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და მათი დასავლელი მოკავშირეების შეტევების სერიას და ირანის დახმარებით თავიანთი შეიარაღების მოდერნიზება მოახდინეს.

2022 წელს შეთანხმდა ზავი, რომელიც მიმდინარე წლამდე დაცული იყო, სანამ ჰუთებმა საუდის ნაოსნობაზე და ნავთობის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები არ დაიწყეს, როგორც პასუხი ირანის წინააღმდეგ ომზე.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG