მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა 6 ოქტომბერს დილის ექვსი საათისთვის სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ 5 ოქტომბრის 20:30 საათიდან 6 ოქტომბრის 05:00 საათამდე „მოსკოვის რეგიონისკენ მიფრინავდა 650 უპილოტო საფრენი აპარატი, მათი დიდი ნაწილი საჰაერო თავდაცვის ძალებმა შორეულ საზღვრებთან გაანადგურეს. 105 უპილოტო განადგურებულია მოსკოვთან მიფრენისას”.
სობიანინს არ უთქვამს, რა შედეგები გამოიწვიეს მოუგერიებელმა დრონებმა.
განახლება: მოსკოვის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვის ინფორმაციით, უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად სოლნეჩნოგორსკის რაიონში ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო პოკროვსკის, ისტრის და დომოდედოვოს რაიონებში ექვსი ადამიანი დაშავდა. დაზიანებული და დამწვარია ათზე მეტი კერძო სახლი.
სხვა წყაროები
მონიტორინგის უკრაინული არხის, Supernova+-ის ინფორმაციით, მოსკოვის ოლქში შეტევა იყო საწარმოო-სადისპეტჩერო სადგურზე „ვოლოდარსკაია“.
რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა გამოცემა ASTRA-მ უკრაინული არხის მიერ გავრცელებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაადასტურა, რომ ხანძარია სწორედ „ვოლოდარსკაიას“ ტერიტორიაზე.
ეს ობიექტი კომპანია „ტრანსნეფტეპროდუქტის“ შემადგენლობაშია და მოსკოვის რეგიონში უმსხვილეს ნავთობის ბაზას წარმოადგენს.
- „ვოლოდარსკაია“ ინახავს და მილსადენებით ახდენს საავტომობილო ბენზინის და საავიაციო და დიზელის საწვავების ტრანსპორტირებას. ბრუნვა წელიწადში სამი მილიონი ტონაა.
- ამ ობიექტს ნედლეული მიეწოდება მოსკოვისა და რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან. მილსადენების ქსელით სადგური პირდაპირ დაკავშირებულია მოსკოვის ვნუკოვოს, დომოდედოვოს და შერემეტიევოს აეროპორტებთან.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა არაერთხელ დაარტყეს მოსკოვის და რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსაც.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2026 წლის დასაწყისიდან კიდევ უფრო ინტენსიური გახადეს შეტევები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ტერმინალებსა და ტრანსპორტირების მარშრუტებზე, რამაც პრობლემები შეუქმნა ექსპორტს და საწვავის დეფიციტი შექმნა თავად რუსეთში.
- მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს.
- უკრაინა აცხადებს, რომ ეს ობიექტები ჩართული არიან რუსეთის არმიის მომარაგებაში, მსგავს ობიექტებზე დარტყმა არის გაეროს წესდებით გარანტირებული თავდაცვის უფლების რეალიზაცია და მიმართულია რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ.
ფორუმი