Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეჩერდეს რუსეთში ექსტრადირება - "სოც. სამართლიანობის ცენტრი" გადაცემული პატიმრის რუსეთში მკვლელობის შემდეგ

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი": „დაუყოვნებლივ შეაჩერონ რუსეთის ფედერაციაში პირთა ექსტრადირება“.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი": „დაუყოვნებლივ შეაჩერონ რუსეთის ფედერაციაში პირთა ექსტრადირება“.

რუსეთში საქართველოდან ექსტრადირებული პატიმრის მკვლელობის შემდეგ უფლებადაცვითი ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებს, რომ საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში პატიმრების ექსტრადირების განახლება ადამიანის უფლებებთან მკაცრად შეუსაბამოა.

ორგანიზაცია ხელისუფლებას - იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას - მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ შეაჩერონ რუსეთის ფედერაციაში პირთა ექსტრადირება“.

მკვლელობა „გაქცევის მცდელობისას“

  • ეს ამბავი 2 ოქტომბერს მოხდა ყაბარდო-ბალყარეთში, მურტაზოვოს სადგურის რაიონში.
  • 43 წლის დმიტრი პუშკარევი, - რომელიც საქართველომ 24 სექტემბერს გადასცა რუსეთს ლარსის გამშვებ პუნქტზე, - სხვა პატიმრებთან ერთად გადაჰყავდათ მატარებლით ვლადიკავკაზიდან ადლერის მიმართულებით.
  • რუსეთის სამართალდამცავი უწყებების ვერსიით, პუშკარევი პატიმართა გადასაყვან სპეციალურ ვაგონში დაესხა თავს ბადრაგს, მისი სამსახურებრივი იარაღი ჩაიგდო ხელში და გაქცევა სცადა.
  • ოფიციალური ვერსიის თანახმად, მან ბადრაგის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა - ერთი თანამშრომელი დაიღუპა, ხოლო კიდევ სამი დაიჭრა.

რუსული გამოძიება პუშკარევს რამდენიმე ნარკოდანაშაულს ედავებოდა, მათ შორის ნარკოტიკების შეძენასა და გასაღებას, ნარკოტიკული მცენარეების მოყვანასა და ინტერნეტმაღაზიის საშუალებით მათ გავრცელებას.

სხვა საქმეები

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" იხსენებს სხვა საქმეებსაც, როდესაც რუსეთს საქართველომ პატიმრები გადასცა:

  • რუსეთის გენერალური პროკურატურის ამ წლის, 2 თებერვლის განცხადებით, საქართველომ რუსეთს გადასცა ნიკიტა პოდსტავინი, რომელიც იძებნებოდა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რასაც მოჰყვა მსხვერპლის სიკვდილი);
  • რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მსგავსი შინაარსის განცხადება ასევე გამოაქვეყნა 2026 წლის 3 ივლისს, რომელშიც საქართველოდან ექსტრადირებული მაქსიმ ჩერბაკოვის შესახებ იუწყებოდა, ხოლო 17 ივლისს საქართველოდან მოხდა დაღესტნელი რასულ კაიტმაზოვის ექსტრადირება.
  • 2026 წლის სექტემბერში ასევე განიხილებოდა მიხაილ ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადირება, თუმცა ეს პროცესი გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად შეჩერდა და ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს;
  • კომიტეტმა საქართველოს ექსტრადიცია და დეპორტაცია კომიტეტში საქმის განხილვის დამთავრებამდე აუკრძალა. მისი დაკავების საქმეს კი ევროპული სასამართლო განიხილავს, - წერს სსც.

„თუ 2026 წელს საქართველომ მართლაც განაახლა რუსეთის ფედერაციაში პირთა ექსტრადიცია, ეს პრაქტიკა აშკარად განსხვავდება იმ ოფიციალური პოზიციისა და ფაქტობრივი მდგომარეობისგან, რომელიც საქართველოს მთავრობამ ევროპული სასამართლოს წინაშე დააფიქსირა და რომელსაც თავად სასამართლო დაეყრდნო“, - აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

ორგანიზაციის შეფასებით, დმიტრი პუშკარევის მკვლელობის ფაქტი „თავისთავად არ იძლევა შესაძლებლობას დავასკვნათ, რომ საქართველოს მიერ მისი ექსტრადირება ევროპული კონვენციის დარღვევა იყო“, მაგრამ მისი სიკვდილი „კიდევ უფრო მწვავედ აყენებს კითხვებს“:

  • „რამდენად სრულყოფილად შეაფასეს საქართველოს კომპეტენტურმა ორგანოებმა რუსეთში მის მიმართ მოსალოდნელი საფრთხეები;
  • რა გარანტიები მიიღეს რუსეთისგან;
  • არსებობდა თუ არა ამ გარანტიების შესრულების დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმი და
  • ახორციელებდა თუ არა ქართული მხარე პირის მდგომარეობის შემდგომ კონტროლს“.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG