Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

2026 წელს რუსეთის გენერალური პროკურატურის საიტზე კიდევ რამდენიმე ბრალდებულის ექსტრადირების შესახებ გამოქვეყნდა ინფორმაცია.
2026 წელს რუსეთის გენერალური პროკურატურის საიტზე კიდევ რამდენიმე ბრალდებულის ექსტრადირების შესახებ გამოქვეყნდა ინფორმაცია.

რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, საქართველომ რუსეთს გადასცა დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და ნარკოტიკებით ვაჭრობას ედავებიან.

უწყების ინფორმაციით, ორივე მათგანი საქართველოში დააკავეს, რის შემდეგაც რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მათი ექსტრადიცია მოითხოვა. რუსეთის მხარის ცნობით, საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მოთხოვნა დააკმაყოფილეს. 24 სექტემბერს უწყებამ კადრები გამოაქვეყნა, რომლებშიც ნაჩვენებია პატიმრების გადაცემა ლარსის გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

რუსული გამოძიების ვერსიით, 2023 წელს პუშკარევმა ნარკოტიკული საშუალებების დიდი პარტია შეიძინა, რომელიც მაგადანში ჩაიტანეს და გასაყიდად გაამზადეს.

რუსეთის გენპროკურატურის ცნობით, 2024 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე მაგადანის ოლქში, რძის ფერმის ტერიტორიაზე, ბრალდებულები და მათი თანამზრახველები ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველ მცენარეებსაც ზრდიდნენ. სამართალდამცველებმა ფერმის შენობებში სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს.

უწყების თანახმად, პუშკარევი მართავდა ინტერნეტმაღაზიას, რომელიც ნარკოტიკების გასაღებისთვის გამოიყენებოდა. გამოძიება მას ასევე ედავება, რომ 2024 წლის იანვარში სამალავის საშუალებით თანამზრახველს 1,3 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება გადასცა.

რუსეთში ორივე მათგანს დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული პატიმრობა და ორივე საერთაშორისო ძებნაში იყო გამოცხადებული.

საქართველოს პროკურატურას რუსეთისთვის პატიმრების გადაცემაზე ინფორმაცია ამ დროისთვის (11:05) არ გაუვრცელებია.

რუსეთში ექსტრადიციების განახლება

„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ სამართლებრივმა მრჩეველმა და სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ 5 სექტემბერს ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ რუსეთში პატიმრების ექსტრადირების განახლებაზე.

„მას შემდეგ, რაც რუსეთი ევროსაბჭოდან გააგდეს 2022 წელს, საქართველო რუსეთში არ ახდენდა პატიმრების ექსტრადირებას სამი წლის განმავლობაში. ეს განაცხადა იუსტიციის სამინისტრომ ევროსასამართლოს ერთ-ერთ საქმეში. იმავე საქმის ფარგლებში მათ ასევე დადეს პირობა, რომ არ გადაცემის მიდგომას შეინარჩუნებდნენ, სანამ ერთიანი ევროპული პოზიცია არ ჩამოყალიბდებოდა ამ საკითხზე.

როგორც აღმოჩნდა, „ქართულმა ოცნებამ“ ევროსასამართლოს წინაშე აღებული ვალდებულებიდან ერთი წლის თავზე შეცვალა მიდგომა და არანაირი დასაბუთება არ მოგვისმენია, რატომ. არც რამე საერთო ევროპული მიდგომაა ამაზე ცნობილი“, - დაწერა ბურჯანაძემ.

მისი შეფასებით, რუსეთში პატიმრების გადაცემა ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს შეიცავს.

„არანაირი გარანტია არ არსებობს იმის, რომ მათი ძირითადი უფლებები იქ იქნება დაცული. ისინი აღარც ევროპული კონვენციის წევრები არიან და, სამწუხაროდ, საქართველოს გრამი ბერკეტი არ აქვს ხელთ გადაცემული პირების დასაცავად“, - წერს ბურჯანაძე.

კიდევ ვინ გადასცა საქართველომ რუსეთს

2026 წელს რუსეთის გენერალური პროკურატურის საიტზე პუშკარევისა და ფედუნოვის გარდა, საქართველოდან რუსეთში კიდევ რამდენიმე ბრალდებულის ექსტრადირების შესახებ გამოქვეყნდა ინფორმაცია:

  • რასულ კაიტმაზოვი - რუსეთის გენპროკურატურამ 17 ივლისს განაცხადა, რომ საქართველო რუსეთს გადასცემდა 40 წლის დაღესტნელ კაცს. მას ბრალად ედება 2017 წელს სხვა პირთან ერთად კაცის ცემა, რომელიც მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა. კაიტმაზოვი საქართველოში დააკავეს და რუსეთმა მისი ექსტრადიცია ამის შემდეგ მოითხოვა.
  • მაქსიმ შერბაკოვი - 3 ივლისს რუსეთის გენპროკურატურამ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთს გადასცემდა მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს. გამოძიების ვერსიით, 2024 წლის აგვისტოში კონფლიქტის დროს მან ნაცნობს თავში რამდენჯერმე დაარტყა დანა. დაზარალებული დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩა.
  • ნიკიტა პოდსტავკინი - 2026 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთს გადასცა ძებნილი, რომელსაც 2024 წლის ივნისში თანამზრახველებთან ერთად კაცის ცემას ედავებიან. დაზარალებული მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოდსტავკინი საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა და საქართველოში დააკავეს. თებერვალშივე რუსეთმა საქართველოს გადმოსცა გიორგი პაპაშვილი, რომელსაც ბრალი ედებოდა 22 წლის თამაზ მთივლიშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში.

საქართველომ რუსეთს შესაძლოა გადასცეს მიხაილ ტიმოფეევიც. 18 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომლითაც მისი ექსტრადიცია დასაშვებად იქნა ცნობილი. საბოლოო გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრმა უნდა მიიღოს.

ტიმოფეევის ექსტრადიციას რუსეთი 2004-2005 წლების მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების საქმეზე ითხოვს. ის ხაბაროვსკის მხარის ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის ყოფილი თანაშემწეა. ტიმოფეევი ბრალს უარყოფს და საქმეს პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს. მისი ადვოკატებიც მიუთითებენ შესაძლო პოლიტიკურ მოტივზე, პროკურატურა კი აცხადებს, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნა არ დასტურდება.

  • 16x9 Image

    სანდრო ჯუფალაკიანი

    მუშაობს კონფლიქტებისა და ეკონომიკის თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2020 წლიდან.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG