Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

ნოდარ ჩაჩუა
ნოდარ ჩაჩუა

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დააკავეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას პროკურატურაში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ნოდარ ჩაჩუას ბრალი წარდგენილი აქვს:

  • სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა;
  • 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით - ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის მიზნით უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაცია;
  • 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა;
  • 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა.

ბრალდება სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არსებული ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია ნოდარ ჩაჩუას მეუღლეც, რომელიც ასევე ყოფილი ჟურნალისტია.

დაკავებები ნარკოდანაშაულის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებების შესახებ ბოლო პერიოდში თითქმის ყოველდღიურად აცხადებს.

  • 30 სექტემბერს შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. უწყების ცნობით, ამოღებული იყო სხვადასხვა სახის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.
  • 1 ოქტომბერს პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის ამოღებისა და 2 პირის დაკავების შესახებ განაცხადა.
  • 2 ოქტომბერს მცხეთის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის ამოღების საქმეზე 1 პირი დააკავეს.
  • 4 ოქტომბერს სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკის ამოღებისა და 5 პირის დაკავების შესახებ განაცხადეს.
  • 5 ოქტომბერს იმერეთში პოლიციამ, უწყების ცნობით, 40 კილოგრამამდე, 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო და უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა.
  • 6 ოქტომბერს შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით კიდევ 11 პირის დაკავების შესახებ განაცხადა. უწყების ინფორმაციით, ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG