Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოაქვეყნონ ხმოვანი კადრები - დავითაძის ოჯახი კვლავ აქციებს მართავს

„მოვითხოვ, გაასაჯაროვონ სრული ვერსია კადრებით - რომელიც შეიცავს ხუთ ფაილს, ყველა რაკურსით“, - განუცხადა ირმა დავითაძემ რადიო თავისუფლებას.
„მოვითხოვ, გაასაჯაროვონ სრული ვერსია კადრებით - რომელიც შეიცავს ხუთ ფაილს, ყველა რაკურსით“, - განუცხადა ირმა დავითაძემ რადიო თავისუფლებას.

გიორგი დავითაძის ოჯახმა თბილისში აქცია გამართა და რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების უფროსის, შოთა ტრაპაიძისა და ძალადობაში დადანაშაულებული ბადრაგის გათავისუფლება მოითხოვა.

ოჯახის მოთხოვნაა, გამოქვეყნდეს „სრული კადრები - ხმით“. აქამდე პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ კადრებს ხმა არ აქვს.

მორიგი აქცია 6 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყო პენიტენციურ სამსახურთან, - სადაც დავითაძეებმა, თავიანთი მოთხოვნების გამეორებასთან ერთად, გააკრიტიკეს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.

შემდეგ დემონსტრაცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაგრძელდა - ოჯახი მაუწყებლისგან პირდაპირ ეთერში ჩართვას მოითხოვს.

„გამოაქვეყნონ ხმოვანი კადრები“ - დედა

„მე მოვედი აქ იმ მოთხოვნით, რომ გადადგეს შალვა ტრაპაიძე და მისი ჯალათი ბადრაგები, ყველანი დაისაჯონ სისხლის სამართლის წესით“, - განაცხადა დავითაძის დედამ.

„მოვითხოვ, გაასაჯაროონ სრული ვერსია კადრებით - რომელიც შეიცავს ხუთ ფაილს, ყველა რაკურსით. დანარჩენი რაკურსებით, - გარდა იმისა, რაც გამოაქვეყნეს, სადაც ასევე ჩანს, - რაც მე ნანახი მაქვს, კიდევ უფრო კარგად ჩანს [მომხდარი]“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

„გარდა ამისა, იქ ჩანს, რომ გიორგი მათ წყნარად მიჰყვება იმ ჯურღმულში და [ბადრაგი, ინიციალებით გ.კ.] ხვდება ამ სიტყვებით, ახლა უნდა გაგაუპატიუროთო. მაგრამ ხმოვანი რომ გამოაქვეყნონ, თქვენ იცით, რა მოხდება? როგორ ამცირებენ პატიმრებს?! დედით, შვილებით, რა სიტყვებს იყენებენ, როგორ აგინებენ და შემდეგ საპასუხოდ პატიმრისგან გინებაც არ უნდათ მოისმინონ“, - განაცხადა მან.

დამაზუსტებელ კითხვაზე თქვა, რომ მას პირადად ხმოვანი კადრები არ აქვს ნანახი, თუმცა ხმოვანი კადრები არსებობს.

  • იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ წინა დღეს, 5 ოქტომბერს, ჟურნალისტების კითხვების მიუხედავად, არ თქვა, ამ ვიდეოჩანაწერს ჰქონდა თუ არა ხმა.
  • რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, - ზოგადად, პენიტენციურ სისტემაში, ციხეებში, დეესკალაციის ოთახში არსებულ კამერებს აქვს თუ არა ხმის ჩაწერის ფუნქცია, მინისტრმა უპასუხა: „არ გიპასუხებთ“.

„დატოვონ სამსახურები“

„მოვედი გიორგი დავითაძის მხარდასაჭერად. მოვედი ბადრაგის და ციხის უფროსის გადადგომის მოთხოვნით“, - უთხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რადიო თავისუფლებას.

„გამოძიება თუ მიმდინარეობს, როგორც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები და პროკურორი ამბობენ, აუცილებელია, ეს ხალხი, ვინც ხელს შეუშლის გამოძიების სწორად წარმართვას, წავიდნენ“, - განაცხადა მან.

გიორგი დავითაძის საქმე

  • 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით 10-მა ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.
  • პენიტენციური სამსახური „გაუპატიურებას“ კატეგორიულად უარყოფს.
  • უწყებამ იმავე დღეს გაავრცელა უხმო ვიდეო, რომელიც, მისი განცხადებით, 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას ასახავს.
  • სახალხო დამცველის თქმით, გავრცელებულ მასალაში ფიზიკური ძალადობის მტკიცებულება ვერ ნახეს.
  • 5 ოქტომბერს კითხვაზე, არის თუ არა სხეულში „თითით შეღწევა“ დათვალიერების პროცედურის ნაწილი, იოსელიანმა თქვა: „დებულებაში უნდა ვნახოთ“.
  • სამოქალაქო ორგანიზაციებმა საქმის სრულყოფილი გამოძიება მოითხოვეს.
  • 3 ოქტომბერს დავითაძის ოჯახის წევრებმა ციხესთან აქცია გამართეს და ვიდეოს სრული, მათ შორის ხმიანი, ვერსიის გასაჯაროება მოითხოვეს.
  • დავითაძის ბრალდებების გასაჯაროების შემდეგ №6 დაწესებულებაში რამდენიმე ინციდენტი მოხდა.
  • იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ კანონმდებლობა პენიტენციურ დაწესებულებებში ხმოვანი ჩანაწერის გაკეთებას არ ითვალისწინებს და დავითაძის „დაუდასტურებელი ბრალდებების ფაქტებად წარმოჩენა“ დაწესებულებაში დესტაბილიზაციის მცდელობაა.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG