Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუხიანის აგარაკებზე გაზმომარაგების აღდგენა დაიწყო - სემეკი

თბილისში, მუხიანის აგარაკებზე აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) სხდომაზე გახდა ცნობილი.

კომისიამ კომპანია „ყამარი მ-ს" ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია გაუუქმა და მის სალიცენზიო არეალში არსებული მომხმარებლების მომარაგება „თბილისი ენერჯის“ დაავალა.

სემეკის განმარტებით, გადაწყვეტილება „ყამარი მ-ის" მიერ მომხმარებლების უწყვეტი და საიმედო გაზმომარაგების ვალდებულების შეუსრულებლობას უკავშირდება.

კომისიის ცნობით, „ყამარი მ-ს" საბითუმო მიმწოდებელ „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტთან“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები სათანადოდ არ შეუსრულებია და მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასური არ გადაუხდია.

დავალიანების გამო, 5 ოქტომბერს „ყამარი მ-ს" ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა.

საკითხზე სემეკს 8 ოქტომბერს უნდა ემსჯელა, თუმცა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, სხდომა 7 ოქტომბერს გაიმართა.

მოგვიანებით განცხადება კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მუხიანის აგარაკებზე გაზის მიწოდება 19:00 საათიდან აღდგება.

მუხიანის აგარაკებზე „ყამარი მ-ი“ 4 572 აბონენტს ემსახურებოდა. თავდაპირველად კომპანია მომხმარებლებს აცნობებდა, რომ გაზის გათიშვის მიზეზი „ცენტრალურ ქსელზე ავარია“ იყო, თუმცა მოგვიანებით სემეკმა განაცხადა, რომ რეალური მიზეზი „ყამარი მ-ის" მიერ „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის“ მიმართ დაგროვილი მნიშვნელოვანი დავალიანება იყო.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG