„ყამარი“, - რომელსაც „სოკარი“ დავალიანების გამო გაზს აღარ აწვდის, - მოსახლეობას ავტომატიზებული მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაჰპირდა, რომ გაზი 8 ოქტომბერს აღდგება, - თუმცა მოსახლეობა შიშობს, რომ პრობლემა ასე სწრაფად არ მოგვარდება.
მარეგულირებელ ორგანო სემეკში აცხადებენ, რომ პრობლემას სწავლობენ. პარალელურად, 8 ოქტომბერს სემეკის სხდომის დღის წესრიგში „ყამარისთვის“ ლიცენზიის გაუქმებაა შეტანილი.
თუკი კომპანიას ლიცენზიას გაუუქმებენ, აბონენტები გაზის რომელიმე სხვა მომმარაგებელმა კომპანიამ უნდა გადაიბაროს. სემეკის თანახმად, ეს კომპანია „თბილისი ენერჯი“ იქნება.
გაზი 4 572 აბონენტს შეუწყდა
სალომე შავიანიძე, რომელიც წლებია, მუხიანის აგარაკების დასახლებაში ცხოვრობს, ამბობს, რომ გაზმომარაგება 5 ოქტომბერს შეუწყდათ.
ამ დასახლებაში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მონაცემებით, 4 572 მომხმარებელია დარეგისტრირებული.
მათ გაზს აწვდის კომპანია „ყამარი მ“, - რომელიც ამ გაზს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტისგან“ ყიდულობს.
ეს უკანასკნელი კი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის, SOCAR-ის შვილობილი ფირმაა.
„გამოიჩინეთ მოთმინება“
„ყამარისგან“ 5 ოქტომბერს მიღებული მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში წერია, რომ გაზმომარაგება შეწყდა „ცენტრალურ ქსელზე ავარიის გამო“ და „დაზიანება ვერ აღმოიფხვრა“.
„უბნის ჯგუფში აჩოჩქოლდა ხალხი… და გავარკვიეთ, რომ არსებობს ეს პრობლემა „ყამარსა“ და „სოკარს“ შორის, რაზეც სემეკში არის კომისიის სხდომაც დაგეგმილი“, - უყვება სალომე შავიანიძე რადიო თავისუფლებას.
მოგვიანებით „ყამარის“ გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში წერია: „გთხოვთ, გამოიჩინოთ მოთმინება… მიმდინარეობს სემეკსა და სოკართან მოლაპარაკება გაზმომარაგების აღდგენის თაობაზე“.
„ეს მოლაპარაკება რომ არ შედგეს, არ ვიცი, მოთმინება სადამდე გვეყოფა მოსახლეობას. არ ვიცით, რეალურად როდის აღდგება მომარაგება. გამოდის, სიმართლეს არ შეესაბამება ის, რაც ყამარმა მოგვწერა, თითქოს დაზიანების გამო არის გაზმომარაგება შეწყვეტილი“, - ამბობს იგი.
„ყამარი“ vs „სოკარი“
სემეკის მიერ 6 ოქტომბერს გავრცელებული ცნობის თანახმად, კომისია სწავლობს „ყამარი მ-ის“ მიერ მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის გათიშვის საკითხს. კომისიის თანახმად, აქვს ინტერესი, რომ „უმოკლეს ვადებში შესაძლებელი იყოს ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა“.
კომისია განმარტავს, რომ „ყამარის“ მიერ მომხმარებელთათვის გაზის გათიშვის მიზეზია კომპანიის დავალიანება „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის“ მიმართ. მათი განცხადებიდან ირკვევა, რომ:
- „ყამარსა“ და „სოკარს“ (რომელიც „საბითუმო მიმწოდებელია“) გაფორმებული ჰქონდათ გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება - მოსახლეობის „გაზით უწყვეტი მომარაგების უზრუნველსაყოფად“;
- „ყამარს“ „სოკარის“ წინაშე წარმოექმნა „მსხვილი დავალიანება“ - „ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისა და მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის გამო“;
- უცნობია, რა მოცულობისაა ეს დავალიანება.
- „აღნიშნული დავალიანების გამო, შპს „ყამარი მ-ს“ 2026 წლის 5 ოქტომბერს შეუწყდა ბუნებრივი გაზის მიწოდება“, - აცხადებენ სემეკში.
უფრო მოკლედ: „სოკარმა“ „ყამარს“ დავალიანების გამო გაზი აღარ მიაწოდა, რის გამოც ეს უკანასკნელი ვერც მოსახლეობას აწვდის გაზს.
ვის ეკუთვნის „ყამარი მ“?
სამეწარმეო რეესტრში ბოლო, 2026 წლის 28 მარტის მონაცემებით, ამ კომპანიას ჰყავს 5 მფლობელი.
თითოეული მათგანი წილების 20-20 პროცენტს ფლობს. ესენი არიან გურამ, გვანცა, ანი და ზაზა ყამარაულები და ირინე ღუდუშაური.
კომპანია 2008 წელსაა რეგისტრირებული.
გაზმომარაგებას, ალბათ, „თბილისი ენერჯი“ გადაიბარებს
მარეგულირებელ კომისიაში საჯარო სხდომა 8 ოქტომბერსაა დანიშნული.
იქ, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილება:
- „ყამარისთვის“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმების საკითხი;
- „აბონენტების გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით „თბილისი ენერჯისათვის“ შესაბამისი მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების საკითხი“.
კომპანია „თბილისი ენერჯიში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ეს ამბავი მათთვისაც სიახლე იყო, თუმცა დაემორჩილებიან სემეკის გადაწყვეტილებას. ხოლო დეტალურ კომენტარს 8 ოქტომბრის სხდომის შემდეგ გააკეთებენ.
ამ სხდომის შესახებ ისაუბრებენ „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის“ წარმომადგენლებიც.
რადიო თავისუფლებამ ვერ მოახერხა „ყამარი მ-თან“ დაკავშირება. მოსახლეობას არ პასუხობენ არც კომპანიის ცხელ ხაზზე. მითითებულ ნომერზე ავტომოპასუხე ამბობს: „მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან“.
ამ ეტაპზე უცნობია, რა დრო დასჭირდება „თბილისი ენერჯის“ იმისათვის, რომ მას შემდეგ, რაც მოსახლეობისთვის მომსახურების გაწევას დაავალდებულებენ, შესაბამისი სისტემა გადაიბაროს/გამართოს.
ყიზილაჯლოს მაგალითი
დაახლოებით მსგავსი პრობლემა შექმნილი იყო მარნეულშიც, სადაც კომპანია „მამედ გაზსა“ და სემეკს შორის არსებული დავის ფონზე, სოფელ ყიზილაჯლოს მოსახლეობას ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდა.
„რადიო მარნეულის“ ცნობით, დავის ძირითადი მიზეზი ტარიფი იყო - „მამედგაზი“ მომხმარებლებისგან სემეკის მიერ დადგენილ 47 თეთრზე მეტს, 57 თეთრს ითხოვდა.
2026 წლის 1 აგვისტოდან ყიზილაჯლოში გაზის განაწილების ლიცენზია „სოკარ ჯორჯია გაზს“ გადაეცა.
„სოკარის“ განცხადებით, ამის შემდეგაც „მამედი“ მოსახლეობისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტას თვითნებურად ახორციელებდა და მას, როგორც ლიცენზიატს, უფლებამოსილების განხორციელებაში ხელს უშლიდა.
20 აგვისტოს „მამედ გაზის“ ხელმძღვანელი ნარიმან ალახვერდოვი დააკავეს - „ფინანსურ დავასთან დაკავშირებით სასამართლოში გამოუცხადებლობის“ გამო.
ფორუმი