Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთლად სახუმაროც არ არის ეს სანქცია, ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება - მჟავანაძე ბრიტანეთის სანქციების შემდეგ

"ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება საქართველოში... სოცქსელები გამეთიშება" - ამბობს ნიკოლოზ მჟავანაძე სანქცირების შემდეგ.
"ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება საქართველოში... სოცქსელები გამეთიშება" - ამბობს ნიკოლოზ მჟავანაძე სანქცირების შემდეგ.

ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ნიკოლოზ მჟავანაძე, - პრო-რუსული ორიენტაციის მქონე წამყვანი და პოლიტიკოსი, - აცხადებს, რომ სანქცირება „მთლად სახუმაროც არ ყოფილა“ და მას „საქართველოში მოღვაწეობის უფლება წაერთვა“.

Sezon TV-ის ყოფილი წამყვანი ნიკოლოზ მჟავანაძე, რომელიც მრავალი თვეა, ბელარუსში იმყოფება, სანქცირებიდან 5 დღეში, 6 ოქტომბერს, ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს:

„ვიღაცებმა, - თავიდან მეც, - ცოტა ისე, იუმორით გავატარეთ ეს ყველაფერი. მაგრამ მთლად სახუმაროც არ არის, მეგობრებო, ეს სანქცია“.

„სოცქსელებიც გამეთიშება“

„ფაქტობრივად, მე საქართველოში მოღვაწეობის უფლება წართმეული მაქვს. ვერცერთი ბანკი მე ვერ მომემსახურება“, - თქვა მან.

„ადამიანს, რომელსაც რაიმე სამსახური აქვს, ხელფასი უნდა აიღოს ან გარკვეული ჰონორარი უნდა აიღოს, ან ფული უნდა ჩაურიცხოს ვიღაცამ, ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება საქართველოში“, - განაცხადა მჟავანაძემ.

მისი თქმითვე, აქვს მოლოდინი, რომ სოციალური ქსელებიც, მათ შორის იუტუბი, სადაც მონეტიზაცია ახალი ჩართული ჰქონდა, გაეთიშება უახლოეს მომავალში, - „დროის ამბავია ეს ყველაფერი“.

ნიკოლოზ მჟავანაძე „ოცნებას“ აკრიტიკებს

იგი აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებასაც და მას მიმართავს: „თავს რომ იწონებთ იმითი, რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და გავლენებისგან განთავისუფლდითო! შენს მოქალაქეს დიდი ბრიტანეთი ასანქცირებს და საქართველოში ყველაფერი, - ბანკი იქნება, მიკროსაფინანსო იქნება, ექვემდებარება ბრიტანეთს?! გეკითხებით, ჩვენ ვართ თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფო“?!

„მთელი მოსახლეობა რომ დაასანქციროს, ესე იგი ფული ვერ უნდა აიღოს ადამიანმა“? - იკითხა მან.

მჟავანაძის შეფასებით, სანქციები არის „სადამსჯელო ოპერაცია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათ სასურველ პოლიტიკას არ ატარებენ“.

„ერთი წლის წინანდელი [რის გამოც სანქციები დაწესდა] ახლა რატომ გაიხსენეს, ეს არის გაუგებარი“, - თქვა მან და სანქცირება დაუკავშირა აზერბაიჯანს, თავის პოზიციებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ, თუმცა ამ მოსაზრების რაიმე დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოება არ უთქვამს.

ბრიტანეთის ახალი სანქციები

დიდმა ბრიტანეთმა 2026 წლის 1 ოქტომბერს სანქციები დაუწესა საქართველოს ოთხ მოქალაქეს, კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერ პოლიტიკოსებს: მამუკა ფიფიას (რომელთანაც მჟავანაძე დაპირისპირებულია), გიორგი ირემაძეს, ნიკოლოზ მჟავანაძესა და პაატა აბულაძეს.

იმავე პაკეტის სანქციები ასევე შეეხოთ რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოქმედ და ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტებს, მარატ კამბოლოვსა და ალან გაგლოევს.

სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, ბრიტანეთში შესვლის აკრძალვას, სატრასტო მომსახურების შეზღუდვასა და დირექტორის თანამდებობის დაკავების აკრძალვას.

  • მამუკა ფიფია ლიდერია პარტიისა „სოლიდარობა მშვიდობისთვის“. არის აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძე-რომანოვის მეგობარი;
  • გიორგი ირემაძე „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და „საქართველოს ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის“ დამფუძნებელია.
  • ნიკოლოზ მჟავანაძე „სეზონი TV-ს“ წამყვანი იყო, დღეისთვის პორტალ Taonews-ის ხელმძღვანელია.
  • პაატა აბულაძე კი თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის ნახევარდის ქმარია.
ნიკოლოზ მჟავანაძე, პაატა აბულაძე, მამუკა ფიფია და გიორგი ირემაძე დენის პუშილინთან. წყარო: პუშილინის ტელეგრამი
ნიკოლოზ მჟავანაძე, პაატა აბულაძე, მამუკა ფიფია და გიორგი ირემაძე დენის პუშილინთან. წყარო: პუშილინის ტელეგრამი

ეს ოთხეული 2025 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებულ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ იმყოფებოდა - რის გამოც დაუწესეს სანქციები. „რესპუბლიკის“ ხელმძღვანელი დენის პუშილინი ირწმუნებოდა, რომ „დონეცკში ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრაზე მათ გადასცა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს რიგებში მებრძოლი ქართველი დაქირავებულების სია“.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG