გაფართოების ახალ მიდგომებს 15-16 ოქტომბერს ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე განიხილავენ.
ევროკომისიის ახალი ინიციატივა ორმხრივი მომზადების მიზანს ემსახურება: ერთი მხრივ, კანდიდატი ქვეყნებისთვის - გასაწევრიანებლად და მეორე მხრივ, თავად ევროკავშირისთვის - ახალი წევრების მისაღებად. შესაბამისად, პროექტში ჩადებულია არაერთი მექანიზმი - რყევებისა და წევრი ქვეყნების შიშების დასაზღვევად.
ამ პროცესში წევრობის კანდიდატებს მნიშვნელოვანი ფინანსური, ეკონომიკური თუ ტექნოლოგიური დახმარების შესაძლებლობები ეძლევათ - უფრო სწრაფად განვითარებისთვის და ადაპტირებისთვის.
საქართველოს შანსები მწირია. „საქართველო კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ ქაღალდზე”, - განაცხადა 6 ოქტომბერს მარტა კოსმა, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში.
"ჯობია, მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო", - უპასუხეს ევროკომისარს "ქართული ოცნებიდან".
გაფართოების ტემპი
“თუკი ევროკავშირში მეტი ქვეყანა გაწევრიანდება, გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო სწრაფი და ეფექტიანი უნდა გახდეს”, - აცხადებს ევროკომისია.
ახალი სტრატეგია ამ მხრივ რამდენიმე მიმართულებას მოიცავს:
- სრული კონსენსუსის კვალიფიციური უმრავლესობით ჩანაცვლება - თუკი აქამდე გადაწყვეტილებების მიღებას ყველა წევრის [27] ხმა ესაჭიროებოდა, კვალიფიციური უმრავლესობით - წევრი ქვეყნების 55% ან მთლიანი მოსახლეობის 65% იქნება საკმარისი [სულ მცირე - 15 წევრი გამოდის]. ეს არის მორიგი მცდელობა, რადგან მსგავსი ინიციატივების გატანა აქამდე ვერ ხერხდებოდა - ისევ კონსენსუსის არარსებობის გამო.
- მე-7 მუხლის უფრო ეფექტიანი გამოყენება - ევროკავშირის სადამფუძნებლო ხელშეკრულების ეს მუხლი ითვალისწინებს წევრი სახელმწიფოსთვის გარკვეული უფლებების შეჩერებას, ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების „განსაკუთრებით სერიოზული დარღვევის“ შემთხვევაში. ეს მექანიზმი ითვალისწინებს საბჭოში ხმის მიცემის უფლების შეჩერებასაც.
გაფართოებისა და კანონის უზენაესობის შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიშები კვლავაც დარჩება ქვეყნების მონიტორინგის მთავარ ინსტრუმენტებად.
რადიო თავისუფლების ევროპის რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი იხსენებს, რომ მე-7 მუხლი სხვადასხვა დროს უნგრეთსა და პოლონეთზე ვრცელდებოდა, თუმცა მათთვის ხმის მიცემის უფლება არასოდეს ჩამოურთმევიათ, რადგან ეს ორი ქვეყანა ერთმანეთის სასარგებლოდ იყენებდა კონსენსუსის პრინციპს.
“ახლა ევროკომისია გვთავაზობს, რომ ახალი წევრებისთვის ხმის მიცემის უფლების დროებითი ჩამორთმევა შესაძლებელი იყოს კვალიფიციური უმრავლესობით, რისი მიღწევაც ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე სრული კონსენსუსის. თუმცა ეს წესი არ გავრცელდება ამჟამინდელ წევრებზე, რაც ნიშნავს, რომ უფრო ძველი წევრი ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლის გამო დასჯა უფრო რთული იქნება”, - განმარტავს იოზვიაკი.
კანდიდატი ქვეყნების ეტაპობრივი ინტეგრაცია
ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ციფრული ტექნოლოგიები, თავდაცვა - ახალი სტრატეგია ითვალისწინებს კანდიდატი ქვეყნების თანდათანობით ჩართვას ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ცალკეულ სექტორებში, „სრულუფლებიან წევრობამდე ბევრად ადრე”.
ევროკომისია აცხადებს, რომ ეტაპობრივი ინტეგრაცია “კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს კანდიდატ ქვეყნებს წევრობისთვის მომზადებაში, კავშირის ცალკეულ პოლიტიკაში მათი უფრო ადრეული მონაწილეობის გზით”; “გაზრდის მზადყოფნას გაწევრიანებისთვის” და “მოიტანს ხელშესახებ სარგებელს როგორც ევროკავშირის, ისე გაფართოების პროცესში მყოფი ქვეყნების მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის”.
სარგებელზე წვდომა დამოკიდებული იქნება გაწევრიანების მოსამზადებელ ეტაპზე მიღწეულ პროგრესზე და კავშირთან სტრატეგიულ შესაბამისობაზე. პროგრესი შემოწმდება კანდიდატ ქვეყნებთან მუდმივი დიალოგის პროცესში. შესაძლებელი იქნება სარგებელზე წვდომის შეზღუდვა.
ეტაპობრივი ინტეგრაციის შეთავაზებების ნაწილი უკვე ხელმისაწვდომია კანდიდატი და პოტენციური წევრი ქვეყნებისთვის, მაგალითად - SEPA-სა და Roam Like at Home-ის ინიციატივების სახით
ხუთი ქვეყანა - ალბანეთი, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთი მაკედონია და სერბეთი - ოფიციალურად უკვე შეუერთდა ევროში ერთიანი გადახდის სივრცეს, SEPA-ს, რაც საკომისიოს გარეშე სწრაფი ანგარიშსწორების შესაძლებლობას იძლევა.
უკრაინა და მოლდოვა კი 2026 წლის დასაწყისიდან სარგებლობენ როუმინგის ტარიფების გაუქმების შეთავაზებით - Roam Like at Home-ის ფარგლებში. მომავალ წელს იმავე სარგებელს მოელიან ბალკანეთის ქვეყნები.
ახალი წევრების განსხვავებული უფლებები
ყველაზე სადავო საკითხი სამომავლო წევრების შეზღუდულ უფლებებს უკავშირდება.
პროექტის ტექსტში აღნიშნულია, რომ „ახალი წევრი სახელმწიფოები აიღებენ ვალდებულებას, შეზღუდული ვადით - არ დაუპირისპირდნენ საბჭოს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ერთსულოვნებას მოითხოვს“.
ახალი წევრი ვერ გამოიყენებს ვეტოს უფლებას, მათ შორის - საგარეო პოლიტიკის უმეტეს საკითხზე, როგორიც არის, მაგალითად, რუსეთისთვის სანქციების დაწესება და “ეს შეზღუდული პერიოდი შესაძლოა 15 წლამდეც კი გაგრძელდეს”.
სპეციალისტების შეფასებებით, შეზღუდვები ევროკავშირის დედაქალაქებში არსებული შიშების დაზღვევას ემსახურება - რათა არ გამოიწვიოს პრობლემები ბლოკში “ღარიბი და მოუმზადებელი ქვეყნების” გაწევრიანებამ.
ბრიუსელში დიპლომატები პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ საჭიროა „კიდევ ერთი უნგრეთის თავიდან არიდება“ - რაც მინიშნებაა კანონის უზენაესობის მრავალრიცხოვან პრობლემებზე, რომელთა წინაშეც ბუდაპეშტი ვიქტორ ორბანის პრემიერობის დროს აღმოჩნდა.
უნგრეთის პოპულისტი პრემიერ-მინისტრი მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნიდა ევროკავშირის შიგნითაც, მათ შორის - საკვანძო საკითხების გადაწყვეტის დროს ვეტოს გამოყენებითა და ხშირი ვაჭრობით.
ევროკომისიის ინიციატივის თანახმად, ახალი წევრების ვალდებულება - „ხელი არ შეუშალონ ევროპულ საბჭოში სხვაგვარად არსებულ კონსენსუსს” - გავრცელდება არა მხოლოდ სექტორულ პოლიტიკაზე, არამედ ინსტიტუციურ საკითხებზეც და “მათ შორის მომავალ გაფართოებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე“.
რიკარდ იოზვიაკის თანახმად, ბრიუსელში არსებობს შიში, რომ ახალმა წევრებმა შესაძლოა დაბლოკონ მეზობელი კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება, ორმხრივი დათმობების მისაღებად. ამ მხრივ არსებობს გამოცდილებაც: სლოვენიამ თითქმის ერთი წლით შეაფერხა ევროკავშირში ხორვატიის გაწევრიანება - დავების გამო, რაც ქვეყნებს შორის სახმელეთო და საზღვაო საზღვრებს უკავშირდებოდა. თავად ხორვატია კი, ამჟამად აფერხებს მონტენეგროს გაწევრიანების მოლაპარაკებებში რამდენიმე საკვანძო თავის დახურვას, ასევე ორმხრივ ურთიერთობებში გარკვეული მიზნების მისაღწევად.
ევროკავშირის მიზანი
გაფართოება ევროკავშირის მტკიცე გადაწყვეტილებაა, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრას მოჰყვა. გაძლიერება, სტაბილურობა და უსაფრთხოება - ევროკავშირის გეოგრაფიული არეალის გაზრდა წინსვლის წინაპირობად განიხილება.
„გაფართოება ჩვენს ინტერესშია. ეს ეხება ჩვენი ინტერესისა და ჩვენი ღირებულებების დაცვას. უფრო ფართო ევროკავშირი არის გრძელვადიანი ინვესტიცია ევროპის მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში. ესაა მიზეზი, რის გამოც ევროკავშირი დაფუძნდა“, - განაცხადა 6 ოქტომბერს ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა.
"გაფართოება აძლიერებს ევროპის გავლენას მსოფლიოში.
ეს იყო ჩვენი ყველაზე წარმატებული საგარეო პოლიტიკა, ათწლეულების განმავლობაში … დღევანდელი გეოპოლიტიკური რეალობა მოითხოვს, რომ უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ. იქ, სადაც წარმატებულ ქვეყნებს ლოდინი უწევთ, არასტაბილურობა იკიდებს ფეხს”, - კაია კალასის შეფასებით, ევროკომისიის ახალი წინადადებები გამოკვეთს მკაფიო ნაბიჯებს ქვეყნებისთვის, რომლებსაც გაწევრიანების სურვილი აქვთ.
საქართველო - „მხოლოდ ქაღალდზე“
ევროინტეგრაციის გზაზე დაწინაურებულ კანდიდატებს შორის ოთხი ქვეყანა სახელდება: მონტენეგრო, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა. მათთვის ახლა სპეციალური გზამკვლევის მომზადებაც იგეგმება.
ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ მონტენეგრო გაწევრიანებას უკვე 2028 წლისთვის შეძლებს და არცთუ შორეულ მომავალში დადგება დანარჩენი სამი ქვეყნის გაწევრიანების საკითხიც.
ფავორიტებს შორის აღარ ახსენებენ საქართველოს.
„საქართველო კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ ქაღალდზე. ვწუხვარ ამის გამო. ვისურვებდი, რომ საქართველო, საქართველოს ხალხის უდიდესი მხარდაჭერით, ყოფილიყო იმავე დონეზე, რომელზეც არიან მოლდოვა და უკრაინა. როგორ ვიურთიერთებთ ქვეყანასთან, ეს დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, როგორ დაინახავენ ამას წევრი ქვეყნები”, - განაცხადა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა 6 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც გაფართოების საკითხზე მნიშვნელოვანი დოკუმენტების გამოქვეყნებას ეძღვნებოდა.
7 ოქტომბერს კი ევროკომისარმა განმარტა, რომ საქართველოს საკითხს მომავალ კვირაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში [Foreign Affairs Council - FAC) განიხილავენ.
მარტა კოსს “ქართული ოცნების” ხელისუფლების ლიდერები გამოეხმაურნენ.
„მე მგონი, ჯობია, მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო და ეს არჩევანი იყო გასაკეთებელი. ჩვენ რომ მოგვესმინა და დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, საქართველო დღეს ქაღალდზე იქნებოდა მხოლოდ სახელმწიფო ბევრი მიზეზის გამო”, - უთხრა ჟურნალისტებს სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო ბრიუსელის “მავნე რჩევებს” არ ითვალისწინებს.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ბრიუსელისთვის რომ დაეჯერებინა, “დიდი ალბათობით, სამხედრო კონფლიქტში, ახალ სამხედრო დაპირისპირებაში შევიდოდა რუსეთთან და დღეს ომისგან ისეთივე დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით, როგორიც არის უკრაინა”.
მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის თქმით, “თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა - მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში”.
“ღმერთმა დაგვიფაროს ამ ყველაფერში მოლდოვას და უკრაინას გადავასწროთ. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. ჩვენი გზა არის მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების და ამ გზას გავაგრძელებთ აუცილებლად“, - კობახიძემ 7 ოქტომბერს ასევე თქვა, რომ დისტანცირება არა თბილისის, არამედ ბრიუსელის გადაწყვეტილებაა, ხოლო საქართველო პირნათლად ასრულებს თავის ვალდებულებებს და უკვე თითქმის 90%-ს უტოლდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ს ვალდებულებების შესრულების მაჩვენებელი.
„ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე… მათი [ევროკავშირის - რ.თ.] პასუხისმგებლობაა, ჯანსაღი ფორმით, სამართლიანად იმოქმედონ ქართველი ხალხის, ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოს მიმართ, რასაც ვერ ახერხებენ”, - თქვა კობახიძემ.
ასოცირების შეთანხმება არ წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანების გზამკვლევს. საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი 2014 წლის ივნისში მოაწერა. იმ დროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა თეორიულადაც არ განიხილებოდა.
- 2024 წლის 28 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, “ქართული ოცნების” ხელისუფლების სახელით ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველო ევროკავშირში გაწევრებისთვის აუცილებელი შემდეგი ნაბიჯის [გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება] გადადგმას დღის წესრიგიდან ხსნის, 2028 წლის ბოლომდე.
- ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა უწყვეტი საპროტესტო აქციები თბილისში.
წითელ ხაზებზე მიუთითებს თავის ფეისბუკპოსტში „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქციის თავმჯდომარე, ირაკლი კირცხალია:
“ჩვენ ევროკავშირის წევრობა გვსურს არა ნებისმიერ ფასად და არა საქართველოს ინტერესების ხარჯზე. ამიტომ, როდესაც გვეუბნებიან, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას „ჩამორჩება“, ჩვენი პასუხი მარტივია: საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!”
“სამწუხაროა, რომ ჩვენ იმ ოთხი ქვეყნის რიგებში აღარ ვართ, რომელთათვისაც მზადდება გზამკვლევი, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესოა, რომ ეს გაფართოების თემა ძალიან აქტუალურია, ძალიან ახლოს არის და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თუ შევძლებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ხელახლა დავაყენოთ ამ გზაზე, რომელიც არის სწორი გზა, ჩვენი ადგილი ასევე იქნება იქ გათვალისწინებული”, - განაცხადა 7 ოქტომბერს საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ფეისბუკლაივში.
ევროკავშირთან ურთიერთობებში “გაყინული მდგომარეობა”, ზურაბიშვილისთვის, ერთი მხრივ, ასახავს რეალობას - "რაშიც ჩაგვაყენა ხელისუფლებამ”, ხოლო, მეორე მხრივ, იმის მაჩვენებელია, რომ ევროკავშირი არ ეგუება "არც ამ [თბილისის] რიტორიკას ... არც საქართველოს რუსეთისკენ მიბრუნებას” და “დაელოდება, როდის დაუბრუნდება საქართველო თავის ჭეშმარიტ გზას”.
ფორუმი