Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანია იტყობინება სამხედრო მრეწველობის ობიექტებზე რუსული დივერსიის შესახებ

დანიამ გამოაცხადა ადგილობრივი სამხედრო სამრეწველო-კომპანიების წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული დივერსიული ოპერაციების შესახებ.

საქმე ეხება ობიექტებს, რომლებიც უკრაინას ამარაგებენ.

ამის შესახებ დანიის პოლიციის დაზვერვის სამსახურის ანალიტიკოსმა, იოზეფინა კრისტენსენმა კოპენჰაგენში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოაცხადა.

„გაზაფხულზე ბევრ დაგეგმვას ვაკვირდებოდით, თუმცა ძალიან ცოტა რამ ხორციელდებოდა. ხოლო ზაფხულის დასაწყისში დავინახეთ, რომ მათ გაცილებით მეტი ოპერაციის განხორციელება დაიწყეს“, — განაცხადა მან.

კრისტენსენმა აღნიშნა, რომ მოსკოვი სულ უფრო ხშირად იყენებს გამოუცდელ აგენტებს, მათ შორის უსახლკაროებსა და ნარკოდამოკიდებულებს, რომელთა გადაბირება Telegram-ითა და სხვა სოციალური ქსელებით ხდება.

კრისტენსენის თქმით, გადაბირება, როგორც წესი, მარტივი დავალებებით იწყება, როგორიცაა დაზვერვა ან ფოტოგადაღება, შემდეგ კი რეალურ დივერსიულ ოპერაციებში გადადის. „ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უბრალოდ სწრაფი ფულის შოვნას ცდილობს“, — განაცხადა მან.

კოპენჰაგენში რუსეთის საელჩომ ეს ბრალდებები უარყო. დიპლომატიურ წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ დანიის ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებები წამოაყენა, — წერს Reuters-ი.

დღეს უფრო ადრე გამოცემა Politico წერდა, რომ ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩები ბოლო კვირებში მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ უნდა უპასუხოს ბლოკმა რუსეთის შესაძლო მასშტაბურ ჰიბრიდულ თავდასხმებს, რომლებსაც, შესაძლოა, ადამიანური მსხვერპლი მოჰყვეს. ამის შესახებ ჟურნალისტები ევროკავშირის ხუთ დიპლომატსა და ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინებოდნენ. დიპლომატები განიხილავენ სწრაფი რეაგირების ჯგუფების გაგზავნას, დაზარალებული ქვეყნისთვის ფინანსურ დახმარებასა და ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელების კოორდინაციის წესს.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG