Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებმა რუსეთის მხრიდან დივერსიების გაძლიერებაზე გაფრთხილება გაავრცელეს

რუსეთის საელჩო პრაღაში  (არქივი)
რუსეთის საელჩო პრაღაში (არქივი)

ჩეხეთის, ლატვიისა და შვედეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ რუსეთმა უახლოეს თვეებში, შესაძლოა, გაძლიეროს დივერსიული კამპანია ევროპაში. ამის შესახებ მათ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადეს.

ჩეხეთის უსაფრთხოებისა და ინფორმაციის სამსახურის (BIS) ხელმძღვანელმა, მიხალ კუდელკამ დაუშვა, რომ მოსკოვმა, შესაძლოა, სცადოს შეზღუდული შეჭრის განხორციელება ნატოს იმ ერთ-ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთს ესაზღვრება. სხვა შესაძლო სცენარებს შორის მან დაასახელა პროვოკაციები უცხო დროშის ქვეშ და ფართომასშტაბიანი „გავლენის ოპერაციები”.

კუდელკას შეფასებით, ასეთი სცენარი შეიძლება განხორციელდეს „თვეების და არა წლების“ განმავლობაში. ამასთან, BIS-ის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთის ქვეყნები იღებენ ზომებს, რათა არ დაუშვან მოვლენების ასეთი განვითარება.

ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ნორმუნდს მეჟვიეტსმა უფრო ფრთხილი პოზიცია დაიკავა. მისი თქმით, არსებობს ნიშნები იმისა, რომ მოსკოვი ემზადება ევროპაში „უფრო გადამჭრელი მოქმედებებისთვის“, თუმცა ლატვიური დაზვერვა ვერ ხედავს გარდაუვალი თავდასხმის მტკიცებულებებს. ასევე გაურკვეველია, აქვს თუ არა რუსეთს კონკრეტული გეგმები, თუ მოსკოვი უპირველეს ყოვლისა შიშისა და გაურკვევლობის გავრცელებისკენ მიისწრაფვის დასავლურ საზოგადოებებში.

შვედეთის სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, თომას ნილსონმა განაცხადა, რომ რუსეთის დივერსიული აქტივობა უფრო საშიში ხდება. „გარდამტეხ მომენტად“ მან ლაიფციგის აეროპორტში შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატით მომხდარი ინციდენტი დაასახელა, რომელზეც პასუხისმგებლობა გერმანიის ხელისუფლებამ რუსულ სპეცსამსახურებს დააკისრა. ნილსონის თქმით, მსგავს ქმედებებს შეუძლია გამოიწვიოს მსხვერპლი ადამიანებს შორის ან სერიოზული ზიანი მიაყენოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

სპეცსამსახურები ასევე აღნიშნავენ რუსული ტაქტიკის სავარაუდო ცვლილებას. თუ ადრე დივერსიებისა და ხანძრების გაჩენის მიზანი უპირატესად პანიკის დათესვა შეიძლება ყოფილიყო, ახლა, მათი შეფასებით, სულ უფრო ხშირად ირჩევენ კონკრეტულ ობიექტებს, რომლებიც უკრაინის მხარდაჭერასთან არის დაკავშირებული. მათ შორის არის – რკინიგზის ინფრასტრუქტურა, ლოგისტიკური ობიექტები და თავდაცვითი მრეწველობის საწარმოები.

კუდელკას თქმით, რუსული ტაქტიკა აგებულია პრინციპზე „ესკალაცია დეესკალაციისთვის“: მოსკოვი ვარაუდობს ზეწოლის იმდენად გაძლიერებას, რომ ევროპულმა ქვეყნებმა შეამცირონ უკრაინის მხარდაჭერა. დივერსიული კამპანიის დამატებითი ეფექტია სპეცსამსახურების დატვირთვა. ახლა, აღნიშნა მან, თითოეული დიდი ხანძარი ან შეფერხება უნდა შემოწმდეს, როგორც შესაძლო დივერსია.


ფორუმი

XS
SM
MD
LG