იმ რაიონებს შორის, სადაც აფეთქებები იყო, რიაზანის ოლქის ქალაქი სასოვოა. მონიტორინგის უკრაინული არხის, Exilenova+-ის ინფორმაციით, შეტევა იყო სამრეწველო კომპლექსის ტერიტორიაზე, სადაც დაზგების მშენებელი ქარხანა „სასტა“ და ტექნოლოგიური კომპანია „იანდექსის“ მონაცემთა დაცვის, ე.წ. დატა-ცენტრია.
რიაზანის ოლქის გუბერნატორმა პაველ მალკოვმა სასოვოს რაიონზე დრონებით შეტევა დაადასტურა. მან სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ხანძარი გაუჩნდა ერთ-ერთი საწარმოს სახურავს. კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია.
- ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, კანადის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიერ სანქცირებული ქარხანა „სასტა“ აწარმოებს დანადგარებს, რომლებიც სამხედრო, ავიაკოსმოსურ, სატრანსპორტო და მძიმე მრეწველობაში გამოიყენება.
რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ სასოვოში ხანძარია სწორედ ქარხანა „სასტას“ ტერიტორიაზე, სადაც „იანდექსის“ ცენტრიცაა.
„იანდექსმა“ თავის საიტზე(Yandex Cloud) გამოქვეყნებულ ცნობაში დაადასტურა „ინციდენტი“ და ელექტროკვების პრობლემები ცალკეულ ზონებში, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
განახლება: 8 ოქტომბერს დილით კომპანიის პრესსამსახურში რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასს" დაუდასტურეს, რომ დრონებით შეტევის შედეგად ქალაქ სასოვოში მდებარე ცენტრში ხანძარი გაჩნდა და მან მუშაობა შეაჩერა.
- მონაცემთა დაცვის ცენტრებს უკრაინაშიც ხშირად უტევენ რუსეთის ჯარები.
დამოუკიდებელმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაწერა, რომ 8 ოქტომბერს, დრონებით შეტევის შემდეგ ხანძარი გაჩნდა ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ სალავატის იმ რაიონშიც, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“ მდებარეობს.
ქარხანაზე შეტევის შესახებ წერენ მონიტორინგის უკრაინული არხებიც.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა „გაზპრომის" ამ ქარხანას დაარტყეს 2025 წლის შემოდგომაზეც და ორჯერ 2026 წლის ზაფხულში.
განახლება: 8 ოქტომბერს დღისით უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატზე“ შეტევა.
- რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის შეტევებს მოსკოვი „ტერორისტულს” უწოდებს.
- უკრაინა აცხადებს, რომ მისი სამიზნე ობიექტები ჩართული არიან რუსეთის არმიის მომარაგებაში, მსგავს ობიექტებზე დარტყმა არის გაეროს წესდებით გარანტირებული თავდაცვის უფლების რეალიზაცია და მიმართულია რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ.
ფორუმი