13 აგვისტოს დილით აფეთქებები იყო რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკის სამრეწველო ზონებში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ განაცხადა. სხვა წყაროების თანახმად, დარტყმა იყო ონლაინ-ვაჭრობის უმსხვილესი რუსული კომპანიის, Wildberries-ის საწყობებზე და კომპანია „გაზპრომის” ქარხანაზე.
ბაშკირეთის რესპუბლიკის მეთაურ რადიი ხაბიროვის მიერ სოციალური ქსელებით დილით გავრცელებული ინფორმაციით, „ერთ-ერთი უპილოტოს ნამსხვრევები ჩამოცვივდა” ქალაქ სალავატის სამრეწველო ზონაში, სადაც ხანძარი გაჩნდა. ხაბიროვს რომელიმე კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია.
რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულ დამოუკიდებელ გამოცემა ASTRA-ს თვითმხილველებმა აცნობეს, რომ სალავატში იწვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“. გამოცემამ ეს დაადასტურა გავრცელებული კადრების ანალიზის საფუძველზეც.
- „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“ ტრანსნაციონალური ენერგოკომპანია „გაზპრომის" შვილობილი კომპანიაა და რუსეთში ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობქიმიურ კომპლექსს ფლობს.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ ქარხანას დრონებით ორჯერ დაარტყეს 2025 წლის სექტემბერშიც და 2026 წლის ივლისში.
მორიგი შეტევა Wildberries-ის საწყობებზე
13 აგვისტოს ბაშკირეთის რესპუბლიკის ჩიშმის რაიონში შეტევა იყო ონლაინ-ვაჭრობის უმსხვილესი რუსული კომპანია Wildberries-ის საწყობებზეც. ეს ჯერ რუსულმა გამოცემა ASTRA-მ და მონიტორინგის უკრაინულმა არხმა Exilenova+-მა დაწერეს და მოგვიანებით კომპანიამაც დაადასტურა.
Wildberries-ის ინფორმაციით, სამრეწველო ზონის ტერიტორიაზე საჰაერო შეტევის შედეგად კომპანიის ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, პერსონალი ევაკუირებულია.
განახლება: 13 აგვისტოს შუადღისთვის ბაშკირეთის რესპუბლიკის მეთაურმა რადიი ხაბიროვმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ 21 დრონიდან 16 სალავატში ჩამოაგდეს, ხოლო დანარჩენების სამიზნე იყო ლოგისტიკის ცენტრი ჩიშმის რაიონში, სადაც ხანძარს აქრობენ, მათ შორის ვერტმფრენის დახმარებით. ხაბიროვის თანახმად, დრონებით შეტევის შედეგად დაჭრილია ორი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში კომპანია Wildberries-ის საწყობებზე შეტევა 18 ივლისიდან დაიწყეს. დარტყმა იყო უკვე 20-ზე მეტ ობიექტზე.
- რუსული Forbes-ის დათვლით, მხოლოდ ივლისში Wildberries-მა თავისი საწყობების მინიმუმ 17% დაკარგა, ზარალი კი დაახლოებით 280 მილიარდი რუბლი იყო.
ფორუმი