Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში ისევ მსხვერპლია რუსეთის შეტევის შედეგად, პრილუკიში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

7 ოქტომბერს რუსეთის სარაკეტო შეტევამ მრავალბინიანი სახლი გაანადგურა უკრაინის ქალაქ პრილუკიში.
7 ოქტომბერს რუსეთის სარაკეტო შეტევამ მრავალბინიანი სახლი გაანადგურა უკრაინის ქალაქ პრილუკიში.

მეორე დღეა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიში, სადაც 7 ოქტომბერს რუსეთის სარაკეტო შეტევამ ხუთსართულიანი სახლი გაანადგურა. 8 ოქტომბერი უკრაინაში გლოვის დღეა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 8 ოქტომბრის დილის მდგომარეობით დადასტურებულია 22 ადამიანის სიკვდილი, მათ შორის 5 ბავშვის. 7 ოქტომბრის ღამის მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 20 იყო.

დაშავებულია 54 ადამიანი, მათ შორის 7 ბავშვი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობითვე, სამაშველო ოპერაციისას გადაარჩინეს 15 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.

განახლება: 8 ოქტომბერს შუადღისთვის უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულად გამოაცხადა.

  • 7 ოქტომბერს უკრაინის სხვადასხვა რეგიონსა და დედაქალაქ კიევზე რუსული რაკეტებითა და დრონებით მასირებული შეტევის შემდეგ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ „რუსებს სურდათ მტკივნეული და საჩვენებელი დარტყმა“ და „პუტინს დაბადების დღეზე რუსულმა არმიამ „აჩუქა“ სახლის განადგურება პრილუკიში“.

7 ოქტომბერს პუტინი 74 წლის გახდა. მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის გამომწვევი შეტევის შემდეგ, 7 ოქტომბერს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ქალაქ პრილუკიში დაარტყეს რაკეტების მწარმოებელ საწარმო „პლასტმასს“.

მაშველებს ბავშვის ცხედარი გამოაქვთ უკრაინის ქალაქ პრილუკიში რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად 7 ოქტომბერს განადგურებული სახლიდან
მაშველებს ბავშვის ცხედარი გამოაქვთ უკრაინის ქალაქ პრილუკიში რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად 7 ოქტომბერს განადგურებული სახლიდან

კიევი

8 ოქტომბერს დილით უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ დედაქალაქ კიევის დესნიანსკის რაიონში ორი ადამიანი დაიღუპა რუსეთის მორიგი საჰაერო შეტევის შედეგად.

მსხვერპლის გამომწვევი დარტყმა 7 ოქტომბერს საღამოს იყო მრავალბინიან სახლზე, რომლის ნაწილი დანგრეული და დამწვარია. დაღუპულთა ცხედრები ერთ-ერთ განადგურებულ ბინაში იპოვეს. დაშავებულია კორპუსის ოთხი მცხოვრები, მათ შორის ორი ბავშვი.

  • მანამდე, 7 ოქტომბერს დილით კიევში ორი ადამიანი დაიღუპა რუსული რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევის შედეგად.
  • 7 ოქტომბერს კიევსა და უკრაინის სხვადასხვა რეგიონში სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა.
  • 8 ოქტომბერი უკრაინაში გლოვის დღედაა გამოცხადებული.

რუსეთის ჯარებმა კიევზე დრონებით შეტევა მიიტანეს 8 ოქტომბერს დილითაც.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი და 14 დაშავდა. კიევის სოლომიანსკის რაიონში დარტყმა იყო 4-სართულიან მაღაზიაზე. კლიჩკოს ცნობით, სამიდან ორი დაღუპულის ცხედრები ამ მაღაზიაში იპოვეს.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG