შემთხვევა, სულუხიას თქმით, 7 ოქტომბერს, საღამოს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
„მეგობართან მიმავალს ქუჩაში დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გადაგვიკეტეს გზა და გადმომსვეს ტაქსიდან, წამართვეს ტელეფონი და გამისწორდნენ ფიზიკურად. მეუბნებოდნენ, რომ სამართალდამცავები იყვნენ, თუმცა არცერთმა არ გამიმხილა ვინაობა, არ წარმომიდგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მალავდნენ საკუთარ ვინაობას. მომაქციეს ალყაში და შემიზღუდეს მოძრაობა. ასე გაგრძელდა 1 საათზე მეტ ხანს. ტელეფონზე მირეკავდა 87 წლის მოხუცი ბებია, რომლისთვისაც პასუხის გაცემის ნება არ დამრთეს“, - დაწერა სულუხიამ.
მისი თქმით, შემოწმებისას მას არ აღმოაჩნდა კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება და სრულიად ფხიზელი იყო.
„დამიმტვრიეს ტელეფონის ეკრანი, ვითხოვდი შველას, თუმცა ვერავის გავაგონე ხმა. ვთხოვდი, დაებრუნებინათ წართმეული ტელეფონი, მაგრამ ამაოდ. ვხედავდი, როგორ ამზადებდნენ შავ იზოლენტაში გადახვეულ ნივთს, რა დროსაც ამ დაჯგუფებას გავექეცი. ჩემი სპორტული მონაცემების წყალობით შვიდიდან ვერცერთმა ვერ შეძლო, დამწეოდა. ტაქსის მძღოლი, რომლის სახელიც კი არ ვიცი, ახლაც იქ ჰყავთ დაკავებული და მუქარის საფუძველზე სთხოვენ, რომ აღიაროს, რომ ჯგუფურ დანაშაულშია ჩართული და მე და მძღოლი კრიმინალური დამნაშავეები ვართ“, - წერდა სულუხია.
„მთავაზობდნენ სცენარს, რომ მეღიარებინა დანაშაული, რომელთანაც კავშირი არ მაქვს“.
მისი თქმით, „დაჯგუფებისგან“ გაქცევის შემდეგ ფეისბუკზე სტატუსის გამოქვეყნება უცნობი ახალგაზრდების დახმარებით შეძლო. სულუხია „ტელეფონისა და პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას“ ითხოვდა და სახალხო დამცველთან გასაუბრების სურვილს გამოთქვამდა. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ მასთან შეხვედრისთვის მზად არიან.
მოგვიანებით სულუხიამ სოციალურ ქსელში დაწერა:
„მეგობრებო, სამშვიდობოს ვარ. ჩემს ქვეყანაში მშვიდად ცხოვრებას არაფერი მირჩევნია. თუმცა მომიწევს სიმართლის საჯაროდ და შესაბამის ადგილზე თქმაც...“
8 ოქტომბრის დილით სულუხიას სტატუსები საჯაროდ ხელმისაწვდომი აღარ არის. მათი ნახვა მხოლოდ მის ფეისბუკმეგობრებს შეუძლიათ.
რას ამბობს შსს?
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მოქალაქე, რომელიც ლისის მიმდებარედ, ქვეითად, ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს“.
შსს-ს ცნობით, „აღნიშნული პირი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ძირს დააგდო კუთვნილი მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა“.
„სამართალდამცველებმა ადგილზე დადგენილი წესით დალუქეს მობილური ტელეფონი, ასევე ტელეფონის ბუდეში მოთავსებული საბანკო ბარათი“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას უწყებაში.
შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რომელიც პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.
„ცემის დროს დაზიანებულ ეკრანს ჩემი ხარჯებით გავაკეთებ…“
9 ოქტომბერს სულუხიამ ახალი პოსტი გამოაქვეყნა. ის ტელეფონის დაბრუნებას ითხოვს და ამბობს, რომ „ცემის დროს დაზიანებულ ეკრანს“ საკუთარი ხარჯით შეაკეთებს.
„წინა დღის თარიღებით დაამზადებენ ჩხრეკის ორდენებს, 8 პოლიციელი იმას იტყვის, რაც გაამართლებს მთელ ამ რეალობას, რაც გამოვიარე. დანიშნავენ ექსპერტიზას, უკანონოდ წართმეული ტელეფონი რომ სამართლიანად ჩამორთმევად გადააქციონ. საჭიროების შემთხვევაში შექმნიან ფოტომასალასაც, რაც ჩემს დამნაშავეობას გამოავლენს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ფოტოველში ბოლოს გადაღებული ფოტო-ვიდეომასალა ჩემი და ჩემი საყვარელი ადამიანის ბედნიერ ცხოვრებას ასახავს… ასეთია იურისტებისა და კეთილისმსურველების ვარაუდი მომხდარზე, სადაც უამრავი უკანონოდ ჩადენილი ნიუანსი და ქმედება კანონიერად უნდა გაპრავდეს…“, - დაწერა სულუხიამ.
ის ამბობს, რომ არ ემეტება „საკუთარი რესურსები და დრო იმ ბრძოლისთვის, რომელსაც აზრი არ ექნება, განსაკუთრებით ქვეყანაში, სადაც ამდენი ამბავი და სცენარი იკერება ხმამაღლა მოსაუბრე მოქალაქეების ჩასახშობად“.
სერგეი ყანჩელის ბრალდებები
7 ოქტომბერს ასევე ცნობილი გახდა, რომ პროევროპული აქციების ერთ-ერთი მონაწილე, 23 წლის სერგეი ყანჩელი, პოლიციელებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მომხდარის გამო საქართველოს დატოვება მოუწია და ამჟამად იმყოფება უსაფრთხო ქვეყანაში, რომლის დასახელებისგანაც თავს იკავებს.
ყანჩელის განცხადებით, შემთხვევა მოხდა 27 სექტემბერს, როდესაც სარბენად იყო გასული. მისი მონათხრობის მიხედვით, პოლიციელებმა კუკიის სასაფლაოზე წაიყვანეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, დანით სახე გაუკაწრეს, იარაღით დაემუქრნენ და სქესობრივ კავშირს აიძულებდნენ.
„წამება გრძელდებოდა დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში“, - დაწერა მან 7 ოქტომბერს ფეისბუკზე.
მოგვიანებით, „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ყანჩელმა თქვა, რომ თავდაპირველად სამმა ადამიანმა გააჩერა, შემდეგ კი მათ კიდევ სამი შეუერთდა. მისი თქმით, პოლიციელების გაღიზიანება გამოიწვია მისმა უარმა, გაეხსნა პირადი ტელეფონი.
ყანჩელი მომხდარს საკუთარ სამოქალაქო პოზიციას უკავშირებს. მისი თქმით, პოლიციელები დასცინოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულების გამო.
ყანჩელი აცხადებს, რომ პოლიციელების წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.
საქართველოს პროკურატურაში 8 ოქტომბერს განაცხადეს, რომ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ფორუმი