პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით დაიწყო (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).
„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომლის შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
„მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას“
პროევროპული აქციების ერთ-ერთი მონაწილე, 23 წლის სერგეი ყანჩელი, პოლიციელების მხრიდან შემდეგ ქმედებებზე საუბრობს:
- „ფიზიკურად გამისწორდნენ, დანით გამიკაწრეს სახე და იარაღით მემუქრებოდნენ“.
- „[იარაღს] მადებდნენ თავზე, მკერდსა და სხეულის სხვა ნაწილებზე“.
- „მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას“.
ყანჩელი ამბობს, რომ მომხდარის გამო საქართველოს დატოვება მოუწია და ამჟამად იმყოფება უსაფრთხო ქვეყანაში, რომლის დასახელებისგანაც თავს იკავებს.
ყანჩელის განცხადებით, შემთხვევა მოხდა 27 სექტემბერს, როდესაც სარბენად იყო გასული.
„წამება გრძელდებოდა დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში“, - დაწერა მან 7 ოქტომბერს ფეისბუკზე.
მოგვიანებით, „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ყანჩელმა თქვა, რომ თავდაპირველად სამმა ადამიანმა გააჩერა, შემდეგ კი მათ კიდევ სამი შეუერთდა. მისი თქმით, პოლიციელების გაღიზიანება გამოიწვია მისმა უარმა, გაეხსნა პირადი ტელეფონი.
ყანჩელი მომხდარს საკუთარ სამოქალაქო პოზიციას უკავშირებს. მისი თქმით, პოლიციელები დასცინოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულების გამო.
ყანჩელი აცხადებდა, რომ პოლიციელების წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა პროკურატურაში.
პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე 7 სექტემბერს ისაუბრა მომღერალმა მიშო სულუხიამაც.
ფორუმი