„სლოვაკეთს ხმამაღლა აქვს გაცხადებული, რომ ის დაუჭერს საქართველოს კანდიდატურას მხარს 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე. [...] დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არაერთი ქვეყნის პოზიცია არის ჩვენთვის ცნობილი, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
2026 წლის 16 თებერვალს, ბრატისლავაში მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა განაცხადა, რომ საქართველოს კანდიდატურა შესაძლოა „კომპრომისული გამოსავალი“ აღმოჩნდეს. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშიც ნათქვამია, რომ ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატურას. მანამდე, 2025 წლის დეკემბერში, სლოვაკეთს მხარდაჭერა კვიპროსის კანდიდატურის მიმართ ჰქონდა გამოხატული.
ევროკავშირის მხარდაჭერა კვიპროსს
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თბილისი თავდაპირველად კვიპროსის კანდიდატურას უჭერდა მხარს, თუმცა გასულ წელს ეუთოში კონსენსუსის მიღწევა თურქეთის წინააღმდეგობის გამო ვერ მოხერხდა.
„თურქეთის პოზიცია არ შეცვლილა ამ დრომდე“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, სექტემბრამდე საქართველოს საკუთარი კანდიდატურის მხარდასაჭერად აქტიური კამპანია „შეგნებულად“ არ უწარმოებია.
„ევროკავშირს, რა თქმა უნდა, შეუძლია დაუჭიროს მხარი კვიპროსს, თუმცა კვიპროსთან დაკავშირებით ყველამ კარგად ვიცით, რომ კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია. შესაბამისად, მეორე კანდიდატურა, რომელიც არის მაგიდაზე, ეს არის საქართველო და ყველას მოუწევს პოზიციის დაფიქსირება საქართველოსთან დაკავშირებით“, - თქვა მინისტრმა.
სექტემბრის ბოლოს, გამოცემა Rapporteur-ის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რადიო თავისუფლებას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პრესსპიკერმა კრისტიან ვიგანდმა დაუდასტურა, რომ „ევროკავშირი მხარს უჭერს კვიპროსის კანდიდატურას“.
Rapporteur-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ საქართველოს კანდიდატურას განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან. გამოცემის თანახმად, მათი პოზიცია უკავშირდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაუარესებულ ურთიერთობებსა და თბილისის რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკის მიმართ არსებულ შეშფოთებას.
ეუთოში 57 მონაწილე სახელმწიფოა. ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება, რაც ნიშნავს, რომ მისი დაბლოკვა ერთი ქვეყნის წინააღმდეგობასაც შეუძლია.
კითხვაზე, არსებობს თუ არა ქვეყანა, რომელიც საქართველოს კანდიდატურას ეწინააღმდეგება, ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული სახელმწიფოს დასახელება არ შეუძლია.
„ასეთი მსჯელობა ჯერჯერობით არ შემდგარა ეუთოს ფარგლებში. ეს ჩვენ წინ გვაქვს“, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, საქართველო აგრძელებს პარტნიორებთან მუშაობას და იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილების მიღება დეკემბრის მინისტერიალამდე მოხერხდება.
ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომა 3-4 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში გაიმართება.
საქართველო და ეუთო
საქართველომ 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობის სურვილის შესახებ მიმდინარე წლის აპრილში განაცხადა. 23 სექტემბერს კი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს კანდიდატურა ეუთოს მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლებს წარუდგინა.
საქართველოს თავმჯდომარეობის საკითხი განიხილება იმ ფონზე, როდესაც ეუთოს ფარგლებში ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ კრიტიკული შეფასებები გაკეთდა.
2026 წლის 29 იანვარს, 23 ქვეყნის მოთხოვნით, საქართველოსთან დაკავშირებით პირველად ამოქმედდა ეუთოს მოსკოვის მექანიზმი. მისი მიზანი იყო 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობის შეფასება.
12 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია „მკვეთრ დემოკრატიულ უკუსვლაზე“, დემონსტრანტების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობასა და დაუსჯელობაზე, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის შემზღუდავ კანონმდებლობაზე.
საქართველოს ხელისუფლება ანგარიშის შეფასებებს არ ეთანხმება და მის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს.
ფორუმი