Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შესაძლოა განიხილონ საქართველოს საქმის ჰააგის სასამართლოსთვის (ICC) გადაცემა - ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის რეკომენდაცია

„რომის წესდების ხელმომწერმა სახელმწიფოებმა შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის“, - ვკითხულობთ ანგარიშში
„რომის წესდების ხელმომწერმა სახელმწიფოებმა შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის“, - ვკითხულობთ ანგარიშში

ეუთოს 23 ქვეყნის მოთხოვნით, საქართველოსთან დაკავშირებით ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიში ადამიანის უფლებებზე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

თბილისი პასუხად „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს და „კატეგორიულად უარყოფს ანგარიშში მოცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს“.

ანგარიში მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს ფაქტობრივად ყველა ის ცვლილება/კანონი, რასაც ადგილობრივი უფლებადამცველები რეპრესიულად მიიჩნევდნენ და მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირები“.

ამასთან, იგი რომის წესდებაზე მითითებით წერს, რომ წესდების ხელმომწერებს შეუძლიათ განიხილონ საქართველოს საქმის გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC).

44-დან ერთ-ერთი რეკომენდაციაა ასევე სტრასბურგის სასამართლოსთვის ევროპული ქვეყნების მიერ „სახელმწიფოთაშორისი განაცხადით“ მიმართვა ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

მოკლედ:

  • ანგარიში აღწერს 2024 წლის შემდეგ განვითარებულ თითქმის ყველა მოვლენას ადამიანის უფლებების სფეროში, მათ შორის ბრალდებებს აქციების დაშლისას „ქიმიური აგენტის“ სავარაუდო გამოყენების შესახებ.
  • დოკუმენტს თან ერთვის „ქართული ოცნების“ მთავრობის სხვადასხვა შტოს კომენტარები, სადაც ისინი მეტწილად ეწინააღმდეგებიან ანგარიშის მიგნებებსა და რეკომენდაციებს.
  • ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ეუთოსა და ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ მთავრობის სახელით „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა ანგარიშის გამო.
  • ალექსანდრე მაისურაძემ განაცხადა, რომ ანგარიში შეიცავს ისეთ რეკომენდაციებსაც, რომლებიც „სცდება „მოსკოვის მექანიზმის“ მანდატს“.
  • ოპოზიციის ახალმა ალიანსმა, რომელიც 9 პარტიას აერთიანებს, ანგარიში შეაფასა, როგორც „რეჟიმის მნიშვნელოვანი საერთაშორისო მარცხი“.
  • ანგარიშის ავტორია პატრიცია გრჟებიკი, - ექსპერტი, რომელმაც ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თებერვალში არაერთი შეხვედრა გამართა.

რა წერია ICC-ზე?

ანგარიში იწყება ავტორის რეკომენდაციებით როგორც საქართველოს ხელისუფლებისადმი, ისე საერთაშორისო საზოგადოებისადმი.

საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაწერილი რეკომენდაციები 18 ვრცელ პუნქტს მოიცავს. მათ შორისაა როგორც ზოგადი, ისე კონკრეტული რეკომენდაციები სხვადასხვა ტიპის მოთამაშეთათვის - ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის.

მაგალითად, ერთ-ერთი რეკომენდაციაა, ქვეყნებმა თუ ორგანიზაციებმა „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მათ შორის ემიგრაციაში მყოფთ, მხარი დაუჭირირონ“მ - მათ შორის „ორგანიზაციების რეგისტრაციის ხელშეწყობის გზით“.

16-ე რეკომენდაციაში კი ვკითხულობთ:

რომის წესდების ხელმომწერმა სახელმწიფოებმა შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), - პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით“.

„სრულიად არარელევანტურია“ - მთავრობა

ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ეუთოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ალექსანდრე მაისურაძის განცხადების თანახმად:

„ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც სცდება „მოსკოვის მექანიზმის“ მანდატს, მათ შორის მოწოდებებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების მიმართ, იმოქმედონ საქართველოს წინააღმდეგ“.

ანგარიშს თან ერთვის „ქართული ოცნების“ მთავრობის საპასუხო კომენტარებიც - მთავრობის პოზიციით, აღნიშნულ ანგარიშში აღწერილი აქტები არ შეიძლება ICC-ის განხილვის საკითხად იქცეს, რადგან მისი „საგნობრივი განსჯადობის“ (ratione materiae) კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს.

ხელისუფლების შეფასებით, ეს რეკომენდაცია „არა მხოლოდ სცდება მისიის მანდატს, არამედ სრულიად არარელევანტურია“.

რა არის რომის წესდება და ICC

რომის წესდება (იგივე რომის სტატუტი) იტალიის დედაქალაქში 1998 წელს მიიღეს და ძალაში 2002 წელს შევიდა;

წესდება, რომელიც ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას და ფუნქციებს განსაზღვრავს, მსოფლიოს 120-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიერაა რატიფიცირებული.

ჰააგის სასამართლო, - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC), - მეოცე საუკუნის ბოლოს შეიქმნა და იძიებს მძიმე საერთაშორისო სამართალდარღვევებს. მაგალითად, გენოციდს, ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს.

  • 2023 წლის 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის კონტექსტში.
  • სასამართლომ 2024 წლის 21 ნოემბერს გასცა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი, ღაზის სექტორის კონტექსტში, - ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენის ბრალდებით.
  • სასამართლოს წევრები არ არიან აშშ და ისრაელი; იგი ახლახანს დატოვა უნგრეთმაც.

ICC და საქართველო

საქართველო რომის წესდების ხელმომწერია და იქ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საქმეები აქვს წარმოებული.

2022 წელს საქართველომ ICC-ში მოიგო 2008 წლის აგვისტოს ომის საქმე.

  • 2016 წლის 27 იანვარს ICC-ის პირველმა წინასასამართლო პალატამ პროკურორს უფლებამოსილება მიანიჭა, დაეწყო გამოძიება სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ არსებული იმ დანაშაულების გამოსაძიებლად, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩაიდინეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში;
  • 2022 წლის 10 მარტს საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა პირველი დაპატიმრების ორდერები გასცა.

რა არის „მოსკოვის მექანიზმი“?

ეუთოს ფარგლებში 20-ზე მეტი ქვეყნის ინიციატივით ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საექსპერტო მისიამ საქართველოსთან დაკავშირებით მუშაობა 2026 წლის 11 თებერვალს დაიწყო.

ეს არის „ფაქტების დამდგენი მისია“, რომელმაც შეაფასა „საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულება, - კონკრეტულად კი 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ფოკუსით“.

რა წერია სტრასბურგის სასამართლოზე?

ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად:

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოებს შეუძლიათ, განიხილონ სახელმწიფოთაშორისი განაცხადის შეტანა“ საქართველოსთან დაკავშირებით“.

კიდევ ერთი რეკომენდაციის თანახმად, ამავე სახელმწიფოებს „შეუძლიათ განიხილონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე და სამომავლო სამართალწარმოებაში ჩარევა“.

იგივე რეკომენდაცია ვრცელდება „სხვა ორგანოებზე, როგორიცაა ვენეციის კომისია, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები“.

„მონიტორინგი“ და „სანქციები“

ანგარიში ცალკე რეკომენდაციებით მიმართავს ეუთოს წევრ ქვეყნებს:

  • „მოითხოვონ საქართველოს მთავრობის მიერ [მისთვის გაწერილი] რეკომენდაციების განხორციელება“;
  • უზრუნველყონ მოსკოვის მექანიზმის დასკვნების „სისტემატური მონიტორინგი“;
  • „განიხილონ მიზნობრივი სანქციების დაწესება წინამდებარე ანგარიშში აღწერილი განსაკუთრებით სერიოზული დარღვევებისთვის პასუხისმგებელი პირების მიმართ“.

რეკომენდაციები და პასუხები

ანგარიში 46 რეკომენდაციას ჩამოთვლის 9 პრიორიტეტული მიმართულებით. მათ შორისაა:

არჩევნები: გამოძიება, პარტიების აკრძალვაზე უარი

  • მიუკერძოებლად გამოიძიონ ცნობები ყველა დარღვევაზე;
  • შეცვალონ წესები ეუთოს/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კვალდაკვალ;
  • მოიწვიონ დამკვირვებლები, კერძოდ ეუთო/ოდირი;
  • თავი შეიკავონ ოპოზიციისადმი ცილისმწამების, დაშინებისა და მუქარის შემცველი კამპანისებისგან;
  • თავი შეიკავონ საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვისგან და ახლანდელი სარჩელი გაიწვიონ;
  • გაუქმდეს ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ „თვითნებურად აღძრული ბრალდებები“.

ხელისუფლება საპასუხო კომენტარებში, რომ როდესაც ანგარიშის ავტორი წერს, რომ თითქოს „ქართული ოცნება აკონტროლებს სახელმწიფოს ყველა შტოს“, „ეს შეფასება არის უკიდურესად მიკერძოებული და დაუსაბუთებელი“.

ალექსანდრე მაისურაძის თქმით კი, ანგარიში „ შერჩევითად აკეთებს აქცენტს ცალკეულ საქმეებზე და წარმოაჩენს მათ როგორც „პოლიტიკურად მოტივირებულს“.

გაუქმდეს კანონები: FARA, სახის დაფარვის აკრძალვა და ა.შ.

  • „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“, FARA-სა და უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული კანონები „უნდა გაუქმდეს, ან, სულ მცირე, შეიცვალოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად“;
  • აქციებზე სახის დაფარვის აკრძალვა და შეკრების უფლებაზე მკაცრი შეზღუდვები „უნდა გაუქმდეს ან გადაიხედოს“.
  • უნდა გაუქმდეს მაუწყებლობის შესახებ კანონში ბოლოდროინდელი ცვლილებები „უცხოური დაფინანსებისა და მაუწყებლობის შინაარსზე შეზღუდვების რეგულირების“ მკაცრად რეგულირებაზე;
  • „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი, - რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას ზღუდავს, - „უნდა გაუქმდეს“;
  • სახელმწიფო ღალატის დანაშაულის განსაზღვრება უნდა დაკონკრეტდეს, რათა არ გამოიყენებოდეს მთავრობისადმი კრიტიკის გამო სასჯელის სახით;
  • უმაღლესი განათლების რეფორმისას „უნდა იყოს დაცული აკადემიური თავისუფლება“.

თბილისის პოზიციით, - რაც ალექსანდრე მაისურაძემ წარადგინა, - „ანგარიში შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს და პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას და ობიექტურობას“.

მაისურაძემ თქვა, რომ ხელისუფლება ღიად შეხვდა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ფაქტების დამდგენ მისიას, თუმცა „ამ თანამშრომლობის მიუხედავად, ანგარიში ვერ ასახავს საქართველოს პოლიტიკური და სამართლებრივი კონტექსტის სირთულეს“ და „არ ითვალისწინებს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მნიშვნელოვან განმარტებებს“.

წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა

რეკომენდაციების თანახმად, საჭიროა:

  • „დაუყოვნებლივ შეწყდეს ფიზიკური ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერების წინააღმდეგ და შეწყდეს მათი წამება და არაადამიანური მოპყრობა“;
  • მყისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად იქნას გამოძიებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები;
  • ადამიანთა დაკავება, გადაყვანა და პატიმრობის პირობები შეესაბამებოდეს ადამიანის ღირსებას.

სახემწიფოს პოზიციით, ტერმინების - „წამება“ და „არასათანადო მოპყრობა“ - „გამოყენება ყოველგვარი სამართლებრივი კვლევის, ობიექტური გამოძიების ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე“ აჩვენებს „სტიგმატიზაციის წინასწარგანზრახულ“ სურვილს და არის „სამართლებრივი განმარტებების თვითნებური ინტერპრეტაცია“.

მთავრობის შეფასებით, ეს რეკომენდაცია „მოკლებულია ვალიდურ სამართლებრივ არგუმენტაციას და წარმოადგენს დაუსაბუთებელ ბრალდებას სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ“.

თავისუფლება და უსაფრთხოება

  • მყისიერად და უპირობოდ გაათავისუფლონ ყველა პატიმარი, რომელიც პოლიტიკური მოტივით არის დაკავებული, განსაკუთრებით ოპოზიციონერები“;
  • „თავი შეიკავონ მათი პოლიტიკურ მოტივებზე დაყრდნობით მომავალში დაკავებისგან“;
  • „მყისიერად გაათავისუფლონ ჟურნალისტები და სხვა პირები, რომლებიც თავისუფალი გამოხატვის უფლების განხორციელებისთვის არიან დაკავებულნი“.

სამართლიანი სასამართლო

ანგარიში მიმართავს ხელისუფლებას:

  1. „დაიცავით სამართლიანი სასამართლოს პრინციპები, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფცია“;
  2. „უზრუნველყავით და პატივი ეცით სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, კონკრეტულად, გაატარეთ შესაფერისი რეფორმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში“.

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება

  1. პატივი ეცით შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას“;
  2. „შეწყვიტეთ აქციების გაშუქებისას ჟურნალისტების მიზანში ამოღება“;
  3. „შეამცირეთ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მაუწყებლებისთვის უცხოური მხარდაჭერასთან დაკავშირებით შეზღუდვები“;
  4. „გაუქმდეს მაუწყებლობის შესახებ კანონით გათვალისწინებული მაუწყებლობის შინაარსზე არსებული შეუთავსებლად მკაცრი შეზღუდვები“.

მთავრობის პოზიციით,„ქვეყანაში არსებული სამართლებრივი ფილტრები, პროცედურული სიზუსტე და ინსტიტუციური ზედამხედველობა ქმნის მყარ სისტემას, რომელიც სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს და გამორიცხავს პირის თავისუფლების თვითნებურ შეზღუდვას“.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

შეწყვიტეთ პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და LGBT+ პირების წინააღმდეგ დისკრედიტაციისა და დაშინების კამპანია“.

„ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონისადმი საზოგადოების მხარდაჭერა არ შეიძლება იქნას განმარტებული, როგორც უმცირესობების უფლებების დარღვევის მხარდაჭერა. ყველა ეს უფლება სათანადოდ არის დაცული როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მიერ“, - მიუთითებს საპასუხო კომენტარში ხელისუფლება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG