„მათთვის, ვინც არ იცის, ქართულ საზოგადოებაში სახელი შოთა უკავშირდება შოთა რუსთაველს, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს პოეტს, რომლის პოეზიაზეც მე, სხვადასხვა გარემოების გამო, გავიზარდე“, - თქვა ისრაელის პრეზიდენტმა.
ცერემონიაზე აღნიშნეს, რომ მუსაევმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა Flydubai-ს რეისის 174 მგზავრის სიცოცხლის გადარჩენაში - თავდამსხმელის შესაკავებლად სხვა მგზავრებს დახმარება გაუწია, შემდეგ კი მძიმედ დაჭრილ კაპიტანს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა.
მუსაევმა კაპიტანს ძლიერი სისხლდენა შეუჩერა და თვითმფრინავის დაშვებამდე მასთან მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებდა, რათა მისი მდგომარეობა დაესტაბილურებინა.
ჯილდო გადაეცა კიდევ ხუთ ადამიანს, რომლებმაც ინციდენტის დროს თვითმფრინავისა და მგზავრების გადარჩენაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.
30 სექტემბერს დუბაი-თელ-ავივის რეისზე მეორე პილოტი კაპიტანს თავს დაესხა და, ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა. მგზავრებმა თავდამსხმელი შეაკავეს, თვითმფრინავი კი საუდის არაბეთის ქალაქ ტაბუკში ავარიულად დაეშვა.
გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, ისრაელის მედია წერს, რომ მეორე პილოტი, ომანის მოქალაქე ჰამამ ალ-ჰამამი, თვითმფრინავის თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტის შენობასთან შეჯახებას გეგმავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მან გამომძიებლებს განუცხადა, რომ კაპიტნის მკვლელობის ან მართვისგან ჩამოშორების შემდეგ ფრენის ჩვეულებრივი მარშრუტით გაგრძელებას აპირებდა, რათა დისპეტჩერებს ეჭვი არ გასჩენოდათ.
მედიის ცნობით, ალ-ჰამამი თავდასხმას წინასწარ გეგმავდა და ამ მიზნით ავიაკომპანია Flydubai-შიც დასაქმდა. გამოძიების ვარაუდით, ის მარტო მოქმედებდა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონია.
ინციდენტის დროს ბორტზე 182 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 174 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი. ყველა გადარჩა. მძიმედ დაჭრილი კაპიტანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თავდამსხმელი კი დააკავეს.
ფორუმი