Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი ებრაელი ექიმი, რომელმაც პილოტი გადაარჩინა Flydubai-ის რეისზე: „რამდენიმე წამიც და აქ აღარ ვიქნებოდით“

კაბინაში ერთ-ერთმა პილოტმა მეორეს დანით მიაყენა ჭრილობები. რას უამბობს ბორტზე მყოფი სტომატოლოგი შოთა მუსაევი ისრაელის მედიას
კაბინაში ერთ-ერთმა პილოტმა მეორეს დანით მიაყენა ჭრილობები. რას უამბობს ბორტზე მყოფი სტომატოლოგი შოთა მუსაევი ისრაელის მედიას

ქართველი ებრაელი სტომატოლოგი, შოთა მუსაევი ერთ-ერთი მგზავრი იყო Flydubai-ის თვითმფრინავზე, რომელიც 30 სექტემბერს დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით ფრენისას ჩამოგდებას გადაურჩა.

შოთა მუსაევმა მომხდარის შესახებ ისრაელის ტელევიზიასთან ისაუბრა ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ.

ის ამბობს, რომ თვითმფრინავის ბორტზე მძიმედ დაშავებულ პილოტს პირველადი დახმარება მან აღმოუჩინა.

რა მოხდა Flydubai-ის თვითმფრინავზე

2026 წლის 30 სექტემბერს, Flydubai-ის რეისი FZ1073 - 174 მგზავრით - დუბაიდან თელ-ავივში მიფრინავდა.

ფრენის დაწყებიდან დაახლოებით ორ საათში თვითმფრინავმა სიმაღლე მკვეთრად დაკარგა - დაახლოებით 4 000 მეტრი 30 წამზე ნაკლებ დროში.

თვითმფრინავმა მოახერხა განგაშის სიგნალების ხმელეთისთვის გადაცემა, - იმ კოდისა, რაც საავიაციო პრაქტიკაში „უკანონო ჩარევაზე/შესაძლო გატაცებაზე“ მიუთითებს.

შემდგომი ცნობების მიხედვით, კაბინაში ერთ-ერთმა პილოტმა მეორეს დანით მიაყენა ჭრილობები.

დაშავდა თვითმფრინავის კაპიტანი, პილოტი, ინდოეთის მოქალაქე სმიტ მაჩჩჰარი.

იგი ის საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტში დაშვების შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სწორედ პილოტი მაჩჩჰარის სიცოცხლის გადარჩენაზე საუბრობს შოთა მუსაევი.

დაშავებული პილოტი
დაშავებული პილოტი

„სულ ცოტაც და აქ არ ვიქნებოდით“

„ადამიანი [პილოტი] თავში, ხელებზე, მთელ სხეულზე იყო დაჭრილი, სისხლით იყო დაფარული. რაც იმ მომენტში შეიძლებოდა გაკეთებულიყო, გავაკეთეთ“, - გაიხსენა მუსაევმა ისრაელის ტელევიზიასთან 30 სექტემბერს.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ მან პილოტის სიცოცხლე გადაარჩინა, მუსაევმა უპასუხა: „შეიძლება ასეც ითქვას, დიახ“.

მისივე თქმით, სიტუაცია უკიდურესად მძიმე იყო - ბორტზე პანიკა და ქაოსი იყო.

ერთ-ერთ გამოცემა Ynetnews-თან მუსაევმა გაიხსენა: „პილოტი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, მძიმე სისხლდენა ჰქონდა თავიდან და ხელებიდან“.

მისი თქმით, ერთადერთი ექიმი აღმოჩნდა ბორტზე.

„მოვახერხე სისხლდენის შეჩერება, და პილოტი მეტ-ნაკლებად სტაბილურად იყო სანამ დავეშვებოდით, შემდეგ გაუარესდა მისი მდგომარეობა“, - ჰყვება იგი.

პილოტი ჰოსპიტალიზებულია

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პილოტს უწოდა „ნამდვილი გმირი“ და განაცხადა: „ქედს ვიხრი ინდოელი პილოტის, კაპიტან სმიტ მაჩჩჰარის განსაკუთრებული სიმამაცის წინაშე“.

„მიუხედავად იმისა, რომ ცივი იარაღით მძიმედ დაიჭრა, მან წინააღმდეგობა გაწია, კაბინის კარი გააღო და მგზავრებსა და ეკიპაჟს თავდამსხმელის განეიტრალების საშუალება მისცა, რითაც ჰაერში კატასტროფა თავიდან აიცილა“, - წერს ისრაელის პრემიერი.

თვითმფრინავი სარეზერვო ეკიპაჟმა დასვა

კომპანია FlyDubai-ს სპიკერმა განაცხადა, რომ ბორტზე იმყოფებოდა „სარეზერვო ეკიპაჟი“ - პილოტები, რომელთაც ინდოელი პილოტის დაშავების შემდეგ მოახერხეს თვითმფრინავის მართვაზე კონტროლის აღდგენა და საბოლოოდ დაშვება ტაბუკის აეროპორტში

რაც შეეხება თავდამსხმელს - ისრაელის ოფიციალური ვერსიით, თავდამსხმელი ომანის მოქალაქე, თვითმფრინავის მეორე პილოტი იყო და მას თვითმფრინავის ჩამოგდება ჰქონდა განზრახული.

„ყველანი გმირულად მოიქცნენ“ - შოთა მუსაევი

„იმ დროს უბრალოდ არ ფიქრობ. აკეთებ იმას, რასაც სხეული გკარნახობს და რასაც გადარჩენისთვის აკეთებ“, - თქვა ექიმმა ერთ-ერთ ისრაელურ ტელევიზიასთან.

„არ მგონია, რომ მე გმირი ვარ“, - შეუსწორა ჟურნალისტს მუსაევმა ნათქვამი, - „ყველანი გმირულად მოიქცნენ. გუნდური სამუშაო იყო“, - თქვა მან.

მისი თქმით, ასეთ სიტუაციაში ადამიანი ინსტინქტურად მოქმედებს.

მუსაევის თქმითვე, თვითმფრინავში მისი მეუღლეც იმყოფებოდა.

შოთა მუსაევი, - რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა, - ისრაელში ცხოვრობს მეუღლესთან და შვილებთან ერთად.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG