Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მიმდინარეობს გამოძიება“ - ფინანსური პოლიცია „საქართველოს ფოსტაში“ შევიდა

„საქართველოს ფოსტის“ ცენტრალური ოფისი თბილისში
„საქართველოს ფოსტის“ ცენტრალური ოფისი თბილისში

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ „საქართველოს ფოსტაში“ გამოძიებას აწარმოებს.

ინფორმაცია თავდაპირველად „ტვ პირველმა“ გაავრცელა. გამოძიების მიმდინარეობა რადიო თავისუფლებას საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

უწყებაში არ აკონკრეტებენ, როდის დაიწყო გამოძიება, რას უკავშირდება საქმე და ფიგურირებს თუ არა მასში „საქართველოს ფოსტის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.

რა თქვა ირაკლი კობახიძემ

7 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე „საქართველოს ფოსტაში“ განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კომპანიიდან შუამავალ ორგანიზაციებში გატანილი სერვისები უკან დააბრუნეს.

„ეს შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო. ამას ალბათ შესაბამისი უწყებები დაადგენენ“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ამ სერვისების დაბრუნების შედეგად „საქართველოს ფოსტა“ ყოველწლიურად დამატებით 14,2 მილიონ ლარს მიიღებს.

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ შტატების ოპტიმიზაციით კომპანიამ 2,5 მილიონი ლარი დაზოგა, ხოლო წამგებიანი სერვისცენტრების ოპტიმიზაციით, 1,1 მილიონი ლარი.

მისივე თქმით, საჰაერო ტერმინალის ფუნქციის აღდგენა კომპანიას დამატებით 1,3 მილიონ ლარს მოუტანს, საერთაშორისო ავიაკომპანიებთან თანამშრომლობის შედეგად კი შემოსავლების კიდევ 4,4 მილიონი ლარით ზრდას ელოდებიან.

კობახიძის განცხადებით, „საქართველოს ფოსტამ“ 2025 წელი 7 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა, 2026 წელი კი კომპანიისთვის პირველი მომგებიანი წელი იქნება.

„საქართველოს ფოსტის“ ხელმძღვანელის შეცვლა

2025 წლის 1 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ის კომპანიას 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა და სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელებს შორის თანამდებობას ყველაზე დიდხანს ინარჩუნებდა.

ჩიკვაიძე გიორგი ერაძემ შეცვალა, რომელიც „საქართველოს ფოსტას“ ამჟამადაც ხელმძღვანელობს.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG