"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომი სახიფათო ჩიხში შევიდა" - განაცხადა ხუთშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი აგრძელებს მუშაობას კონფლიქტის გადასაჭრელად.
"ესკალაცია შეიძლება გადაიზარდოს დივერსიების ჩატარების კამპანიაში მეზობელ, ნატოს წევრ ქვეყნებში" - თქვა რუბიომ და დასძინა, რომ სხვა ფაქტორებსაც "შეუძლია სწრაფად გადაზარდოს ორი სახელმწიფოს ომი სახიფათო რეგიონულ კონფლიქტში".
რუბიო ამ განცხადებებით გამოვიდა ჟურნალისტებთან საუბარში, პორტუგალიაში ვიზიტის დროს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ისურვებდა რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკების გზით მოგვარდეს. "სწორედ ამისათვის ვიმუშავებთ მომავალში" - თქვა რუბიომ.
ბოლო კვირებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს განაახლოს მოლაპარაკებები კონფლიქტის გადასაჭრელად. რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრის შემდეგ დაწყებული ომი უკვე ოთხ წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში გრძელდება და ის იქცა ყველაზე სისხლიან კონფლიქტად ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. სააგენტო Reuters-ის თანახმად, პარასკევს და შაბათს აშშ-ში უკრაინის დელეგაცია უნდა ჩავიდეს, ახალი კონტაქტების გასავითარებლად.
მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე და სამშვიდობო პროცესში წვლილის შეტანისთვის აშშ-ის მზაობაზე ლაპარაკისას, რუბიო ამავდროულად აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი "არ აპირებს ძალების დახარჯვას აზრს მოკლებულ ინიციატივებზე, თუკი პროგრესის მიღწევა არ მოხერხდება".
ფორუმი