ორივე პარტიის 14 ამერიკელი სენატორისგან შემდგარმა ჯგუფმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა თხოვნით, გააუქმოს ვლადიმირ პუტინის მიწვევა „დიდი ოცეულის“ (G20) დეკემბრის სამიტზე მაიამიში. ამერიკელი კანონმდებლების წერილის შესახებ The Washington Post-ი იტყობინება.
ტრამპისადმი მიმართვა მოამზადეს აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა როჯერ უიკერმა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრმა, დემოკრატმა ჯინ შაჰინმა. მათ შეუერთდა კიდევ ექვს-ექვსი სენატორი თითოეული პარტიიდან.
წერილში ნათქვამია, რომ პუტინს ეკისრება ერთპიროვნული პასუხისმგებლობა ფართომასშტაბიან აგრესიულ ომზე, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ წამოიწყო. „მისი მონაწილეობა აშშ-ში G20-ის სამიტზე იწვევს სერიოზულ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ლეგიტიმაციასა და ნორმალიზებას მოახდენს ხელისუფლებისა, რომელიც ყოველდღიურად აგრძელებს უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას“, - ნათქვამია დოკუმენტში.
წერილის ავტორები იხსენებენ, რომ პუტინს, რუსეთის ფინანსთა მინისტრ ანტონ სილუანოვსა და რუსეთის დელეგაციის სხვა წევრებს აშშ-ის სანქციები აქვთ დაწესებული. კანონმდებლების აზრით, თუ აშშ თავისი ქმედებებით აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებისგან პუტინის იზოლირება არ არის საჭირო, მას შესაძლოა არ ჰქონდეს განსაკუთრებული სტიმული, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას უკრაინასთან ომის მსვლელობისას.
G20-ის სამიტზე პუტინის მიწვევის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი „მადლიერია ამერიკული მხარის ამ მიწვევისთვის“, თუმცა მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
ფორუმი