9 ოქტომბერს დილით კომპანიამ დაადასტურა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად დაზიანებულია ქალაქ კალუგაში მდებარე დატა-ცენტრის ინფრასტრუქტურის ნაწილი, რამდენიმე მოდული კი მწყობრიდან სრულადაა გამოსული. „იანდექსის“ თანახმად, დაშავებულები არ არიან.
კალუგის ოლქის გუბერნატორ ვლადისლავ შაპშას ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ 26 უკრაინული დრონი „გაანადგურა” ქალაქ კალუგის და რეგიონის კიდევ სამი მუნიციპალიტეტის თავზე, დაჭრილია 9 ადამიანი და დაზიანებულია კერძო სახლები. სოციალური ქსელებით გავრცელებულ ცნობაში გუბერნატორს „იანდექსის” ცენტრი არ უხსენებია.
უკრაინას რუსეთის ამ რეგიონზე შეტევის შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამს.
წინა დღეს, 8 ოქტომბერს დრონებით შეტევა იყო „იანდექსის” ცენტრზე რუსეთის რიაზანის ოლქის ქალაქ სასოვოშიც. ცენტრმა მუშაობა შეაჩერა.
ე.წ. დატა-ცენტრები რუსეთის სამიზნეა უკრაინაშიც.
განახლება: 9 ოქტომბერს დღისით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ რუსეთში დაარტყეს „მორიგ დატა-ცენტრს“ და ეს უკრაინის „სარკისებრი პასუხია“.
ზელენსკის ცნობითვე, უკრაინაზე რუსეთის დარტყმების პასუხად, 9 ოქტომბერს თავდაცვის ძალებმა რუსეთის კომის რესპუბლიკის ქალაქ უხტაში დაარტყეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ხოლო 8 ოქტომბერს - ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.
ამ ქარხნებზე შეტევის შესახებ მანამდე წერდნენ რუსეთის დამოუკიდებელი მედიასაშუალებები და მონიტორინგის უკრაინული არხები. რუსეთის ხელისუფლებას ეს ცნობები ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
ფორუმი