დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, საქმე 7 ოქტომბერს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 282.2 მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.
ხუთივე პირს გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვეს. დე ფაქტო უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
იეჰოვას მოწმეების დევნა რუსეთში ორგანიზაციის აკრძალვის შემდეგ დაიწყო. 2017 წლის 20 აპრილს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეების მმართველი ცენტრი ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარა, მისი ლიკვიდაცია და ქვეყანაში საქმიანობის აკრძალვა გადაწყვიტა. ამას რელიგიურ წევრთა სისხლისსამართლებრივი დევნა მოჰყვა.
იმავე წელს ორგანიზაციის წინააღმდეგ ზომები ცხინვალშიც მიიღეს და იეჰოვას მოწმეების საქმიანობის შემოწმება დაიწყეს.
2017 წლის 6 ოქტომბერს ცხინვალის დე ფაქტო პროკურატურამ ორგანიზაციის ექსტრემისტულად აღიარება მოითხოვა. იმავე წლის 17 ოქტომბერს „ხელისუფლებამ“ განაცხადა, რომ ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე ძალაში იყო შესული და ორგანიზაციის საქმიანობა აიკრძალა.
2022 წლის 7 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთში იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციების აკრძალვა და მათი წევრების სისხლისსამართლებრივი დევნა ადამიანის უფლებების დარღვევად მიიჩნია.
სასამართლოს შეფასებით, რუსეთის ხელისუფლებამ ვერ დაასაბუთა, რომ მორწმუნეთა მშვიდობიანი რელიგიური საქმიანობა ექსტრემისტულ საფრთხეს წარმოადგენდა.
ფორუმი