სარჩევი
- ფარული ჩანაწერი სუს-ისთვის
- ერთი თვალით და ორი თითით დაწერილი კოდი მილიონიანი ბიზნესისთვის - ვინ არის „ბიტექსჩეინჯი“-ს დამფუძნებელი
- წითელი ჯვრიდან პარლამენტის გავლით ეროვნულ ბანკში - ვინ არის ნანა ყეინიშვილი
- „წილი, წილი უნდოდა“
- რა (არ) მოხდა ჩანაწერის სუს-ისთვის გადაცემის შემდეგ
- რას ამბობს კანონი
- რა ისმის ფარულ აუდიოჩანაწერში
- ყეინიშვილთან დაკავშირებული 5 კომპანია
- როგორ გამოიყენეს “ბიტექსჩეინჯის” წინააღმდეგ მათივე მოთხოვნები
- ნახევარ მილიარდზე მეტი - როგორ დაითვალა ერივნულმა ბანკმა ჯარიმა
- რას (არ) აკეთებს ეროვნული ბანკი
ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში გაიგებთ როგორ სთხოვა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა ნანა ყეინიშვილმა კრიპტომატების მსხვილი კომპანიის მფლობელს ბიზნესის წილი და სანაცვლოდ მფარველობა და გაფართოებაში დახმარება შესთავაზა. ბიზნესმენმა და დირექტორმა „შეთავაზება“ სუსთან შეთანხმებით ფარულად ჩაიწერეს, ჩანაწერი უწყებას გადასცეს, წილი არ დათმეს. 2 წლის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა მათი კომპანია ნახევარ მილიარდ ლარზე მეტით დააჯარიმა. მათ ქვეყანა დატოვეს, ყეინიშვილი კვლავ თანამდებობაზეა - ის, ოჯახთან ერთად ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ ხუთ კომპანიას აკონტროლებს.
ფარული ჩანაწერი სუს-ისთვის
2024 წლის 19 ივლისს, პარასკევს, შუადღით, ტაქსის ორი ახალგაზრდა ავლაბარში, ნიაბის ქუჩის 50 ნომერში, სამსართულიან კერძო სახლში, საქმიან შეხვედრაზე მიჰყავს.
სტუმრები, დავით ორჯონიკიძე და ნინო ქოპილაშვილი, კრიპტომატების კომპანია „ბიტექსჩეინჯის“დამფუძნებელი და დირექტორი არიან. იმ დროისთვის მათი კომპანია კრიპტომატების ქართული ბაზრის დაახლოებით ნახევარს აკონტროლებს.
მასპინძელი - პარლამენტის ყოფილი წევრი ქართული ოცნებიდან და საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს მოქმედი წევრი - ნანა ყეინიშვილია. წყვილი შინ ყეინიშვილმა მიიწვია. მისი სამსახურის კომპეტენცია ამ ახალგაზრდების ბიზნესის საქმიანობის კონტროლია.
ყეინიშვილმა არ იცის, რომ სტუმრები შეხვედრაზე ფარული აუდიოჩამწერით მივიდნენ - სუს-თან შეთანხმებით უნდა მოიპოვონ მტკიცებულება, როგორ ითხოვს ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს წევრი მათგან ბიზნესის წილს.
შეხვედრა 4 საათზე მეტხანს გრძელდება.
რადიო თავისუფლებამ ჩანაწერს სრულად მოუსმინა.
იქ ისმის, როგორ სთხოვს ყეინიშვილი ბიზნესმენს ახალი კომპანიის შექმნას და თავდაპირველად 50 %-ის, შემდეგ კი 49% მისი სიძის სახელზე გაფორმებას. სანაცვლოდ მფარველობას, კონკურენტების ჩამოშორებას და სწრაფად გამდიდრებაში დახმარებას ჰპირდება. ფარული ჩანაწერის ოთხივე საათი ბიტექსჩეინჯის მფლობელებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადასცეს. მიიღეს დაპირება, რომ ყეინიშვილი აღარ შეაწუხებდათ.
გავიდა ორი წელი - ყეინიშვილი კვლავ თანამდებობაზეა, ახალგაზრდა წყვილის კომპანია ეროვნულმა ბანკმა ნახევარი მილიარდით დააჯარიმა, მათ ქვეყანა დატოვეს.
ყველაფერი კი ასე დაიწყო.
ერთი თვალით და ორი თითით დაწერილი კოდი მილიონიანი ბიზნესისთვის - ვინ არის „ბიტექსჩეინჯი“-ს დამფუძნებელი
მე და ნინოს შვილები არ გვყავს, არაფერი ამის გარდა არ გვქონია, ეს ბიზნესია მხოლოდ ჩვენი, ამას შევწირეთ ახალგაზრდობის წლები, ემოციური კავშირი გვაქვს ამასთან
საქართველოსა და ბრიტანეთის ორმაგი მოქალაქე დავით ორჯონიკიძე წარმოშობით გორიდანაა. 11 წლის იყო, როდესაც დედის გარდაცვალების შემდეგ ბრიტანეთში მცხოვრებმა დეიდამ იშვილა. დავითმა ორგანული ქიმიის ბაკალავრის დიპლომი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო მაგისტრატურა კვლევითი ქიმიის მიმართულებით ოქსფორდის უნივერსიტეტში დაამთავრა.
16 წლისას ქიმიის სიყვარული ძვირად დაუჯდა ცდის ჩატარებისას რეაქტივები აუფეთქდა, ერთ თვალში მხედველობა და ორივე ხელზე რამდენიმე თითი დაკარგა.
2020 წელს, როდესაც კომპანია „ბიტექსჩეინჯი“ დააფუძნა, ის 25 წლის იყო. კრიპტოვალუტის ბანკომატების ქსელის შექმნასა და და განვითარებაში მისი პარტნიორი ნინო ქოპილაშვილიც მონაწილეობდა, რომელიც 2023 წლის შემოდგომაზე, 30 წლის ასაკში, ბიტექსჩეინჯის“ თანადირექტორი გახდა.
„ერთი თვალით და ამ ორი თითით დავწერე კოდი, რომლითაც ჩვეულებრივი ჩარიცხვის [„ფეიბოქსის“] აპარატი კრიპტომატად გარდაიქმნება. მე და ნინოს შვილები არ გვყავს, არაფერი ამის გარდა არ გვქონია, ეს ბიზნესია მხოლოდ ჩვენი, ამას შევწირეთ ახალგაზრდობის წლები, ემოციური კავშირი გვაქვს ამასთან,“ - ეუბნება დავითი რადიო თავისუფლებას. ის უკვე 12 წელია ნინო ქოპიაშვილთან ერთად ცხოვრობს.
საწყისი კაპიტალის შესაგროვებლად დავითმა ქიმიური ხელსაწყოები გამწოვი კარადა და მაგნიტური მომრევი გაყიდა, მიღებული თანხით ბიტკოინი შეიძინა, მოგვიანებით კი უკვე გაძვირებული ბიტკოინი გაყიდა და ეს თანხა ბიზნესის დასაწყებად გამოიყენა. ახალგაზრდებმა ჩინეთიდან გამოწერილი რამდენიმე აპარატი თბილისში, სხვადასხვა მისამართზე დადგეს და საქმე ასე წამოიწყეს.
წითელი ჯვრიდან პარლამენტის გავლით ეროვნულ ბანკში - ვინ არის ნანა ყეინიშვილი
64 წლის ნანა ყეინიშვილი 2023 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლესი მმართველი საბჭოს წევრია, -თვეში დაახლოებით 14 000 ლარიანი ხელფასით (წლიური 165 000 ლარი)
ყეინიშვილი ახმეტაში დაიბადა. დამთავრებული აქვს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად „წითელ ჯავრში“ მუშაობისას მოექცა. ამ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის ქართულ ოფისს მან 11 წელი უხელმძღვანელა. იმ პერიოდს უკავშირდება ფინანსების მითვისებასა და ნეპოტიზმში მისი საჯაროდ დადანაშაულება. „წითელი ჯვრის“ პრეზიდენტის პოსტი მან 2012 წელს დატოვა, დღეს ამ ორგანიზაციას მისი შვილი, ნათია ლოლაძე ხელმძღვანელობს.
2012 წელს ყეინიშვილი საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა, „ქართული ოცნების“ წარდგინებით. საპარლამენტო ტრიბუნიდან იგი აქებდა „ქართული ოცნების“ მილიარდერ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს, თუმცა მოგვიანებით „ოცნების“ ფრაქცია დატოვა და მისი იმჟამინდელი ქმრის, ურუზმაგ ქარქუსოვის „ჩვენები - სახალხო პარტიას“ შეუერთდა.
2023 წელს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნანა ყეინიშვილი საქართველოს პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატად წარუდგინა. მის დამტკიცებამდე აშშ-ის მიერ ყოფილი გენპროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ სკანდალში გახვეული ეროვნული ბანკის მმართველი საბჭო რამდენიმე წევრმა დატოვა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ყეინიშვილის კანდიდატურის უკან გაწვევის სურვილი გამოთქვა, რაც მისმა საპარლამენტო მდივანმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების მოულოდნელი გადადგომით ახსნა. თუმცა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდმა პრეზიდენტის სურვილი კანდიდატების გამოწვევაზე აღარ გაითვალისწინა და ყეინიშვილი საბჭოს წევრად მაინც აირჩია - 7 წლის ვადით, 2030 წლამდე. ყეინიშვილის და საბჭოს კიდევ ერთი ახალი წევრის დანიშვნას გამოეხმაურა მაშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მან პრეზიდენტის მიერ ყეინიშვილის კანდიდატურის უკან გაწვევის მცდელობას ეროვნული ბანკის წინააღმდეგ საბოტაჟი უწოდა.
ქონებრივი დეკლარაცის და ბიზნეს აქტივების შესახებ საჯარო ინფორმაციით ირკვევა, რომ ყეინიშვილი ათამდე კომპანიის დამფუძნებელია და ფლობს მრავალმილიონიან უძრავ ქონებას.
„წილი, წილი უნდოდა“
„ბიტექსჩეინჯს“, 2020 წელს, დაახლოებით 100 ათასი დოლარის კაპიტალით შექმნილ კომპანიას, 2024 წლის ოფიციალური ფინანსური ანგარიშით, უკვე 4 მილიონ ლარზე მეტი მოგება მოჰქონდა და ქართული კრიპტომატების ბაზრის დაახლოებით ნახევარს ფლობდა. სწორედ მაშინ ჩნდება კომპანიის დამფუძნებლის ცხოვრებაში საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი.
15 ივნისს საგურამოში „გადამხდელების დღის“ აღნიშვნაზე დავით ორჯონიკიძე ერთ-ერთი გამომსვლელია. ნანა ყეინიშვილი ბიზნესმენების შეკრებაზე ეროვნულ ბანკს წარმოადგენს.
ორჯონიკიძე იხსენებს, ყეინიშვილმა საგურამოში გაცნობისას უთხრა, „ჩემიანები“ ონლაინბანკის გაკეთებას აპირებდნენ და ამ მიმართულებით ეგებ კონსულტაცია გამიწიოო. შემდეგი შეხვედრა უკვე „ბიტექსჩეინჯის“ ოფისში იმართება. ორჯონიკიძე ამბობს, მალევე მივხვდი, რომ ყეინიშვილის ინტერესი კონსულტაციის ფარგლებს სცილდებოდაო:„კომერციული ინტერესი გამოხატა ჩვენი საქმიანობის მიმართ, რამაც მე გამაკვირვა… წილი, წილი უნდოდა - მას სურდა წილი ჩვენს კომპანიაში და მას სურდა წილი ნომინალურ, სიმბოლურ ფასად, რომელსაც ვითომ ინვესტიცია ერქმეოდა“.
დავითი ამბავს იურისტს უყვება და რწმუნდება, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი კანონს არღვევს. ახალგაზრდა ბიზნესმენი გადაწყვეტს, რომ თავის დასაცავად სახელმწიფოს მიმართოს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მას ნაცნობი ჰყავს: „მე ვისაც ვიცნობდი სუს-ის ანტიკორუფციულში, შევეხმიანე, ვაცნობე ამის შესახებ. იმან საქმის კურსში ჩააყენა მისი ხელმძღვანელობა... გვჭირდება მტკიცებულებაო, ვერ გამოვა ესე, მძიმე საკითხი არისო. მან მომცა ჩამწერი მოწყობილობა და მითხრა დავთანხმებოდი ყეინიშვილს [შეხვედრაზე] და შემდეგ ეს ჩანაწერი მიმეტანა მათთან.“
2024 წლის 19 ივლისს დავით ორჯონიკიძე და ნინო ქოპილაშვილი ნანა ყეინიშვილის მიწვევით მასთან სახლში მიდიან. შეხვედრას ყეინიშვილის შვილი და სიძე - „წითელი ჯვრის“ პრეზიდენტი ნათია ლოლაძე, და ალექსანდრე თორია ესწრებიან. თორია იმ დროს ეროვნული ბანკის შტატგარეშე იურისტია.
საუბარი ხანგრძლივია. ყეინიშვილი „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებლებს კრიპტომატების ბიზნესის ერთად გაგრძელებას, მისი სიძის სახელზე წილის გაფორმებას და კონკურენტების ხარჯზე ბიზნესის გაფართოებას სთავაზობს.
წყვილი ყეინიშვილს ეუბნება, რომ მოსაფიქრებლად დრო სჭირდებათ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ისინი ჩამწერს ვრცელი აუდიოჩანაწერით სუსის თანამშრომელს უბრუნებენ. დარწმუნებული არიან, რომ ჩანაწერი სუსს გამოძიების დასაწყებად მყარ საფუძველს აძლევს.
რა (არ) მოხდა ჩანაწერის სუს-ისთვის გადაცემის შემდეგ
ყეინიშვილთან საუბრის ჩანაწერი დავით ორჯონიკიძემ სუსს 2024 წლის 21 ივლისს გადასცა. ყეინიშვილი არ ჩერდება - ის კვლავ ითხოვს წილს “ბიტექსჩეინჯში”; ორჯონიკიძე, რომელსაც სუსის იმედი აქვს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს მოკლე ტექსტური შეტყობინებას უგზავნის - წერს, პირადი საკითხების გამო თქვენთან თანამშრომლობას ვერ შევძლებო.
გადის თვეები. ყეინიშვილი პოსტზე რჩება და კვლავ ცდილობს „ბიტექსჩეინჯის“ მფლობელთან დაკავშირებას. ორჯონიკიძე სუს-ში მის ნაცნობთან არკვევს, რა ხდება. ამბობს, რომ მიანიშნეს, რთული პოლიტიკური კონტექსტიაო: ახლოვდება 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. ეროვნულ ბანკს მმართველი საბჭოს წევრები ისედაც აკლია. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებასთანაა დაპირისპირებული. თუ ყეინიშვილის ბრალდებას წარუდგენენ, ზურაბიშვილი ახალ წევრს არ წარადგენსო. ორჯონიკიძის თქმით, სუს-ის თანამშრომელი პირად საუბარში ეუბნება, რომ იმ მომენტში „ყეინიშვილს ხელს ვერ ახლებდნენ“. მოგვიანებით მას ტექსტური შეტყობინება მისდის - სუსის თანამშრომელი წერს, რომ ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიების წარმოება მათი კომპეტენცია არ არის.
2025 წლის ზაფხულში ბიტექსჩეინჯის დამფუძნებელმა და დირექტორმა საქართველო დატოვეს, “ყეინიშვილი არსად მიდის, ჩვენ ფიზიკური საფრთხე დავინახეთ ჩვენი საქართველოში ყოფნის… და წამოვედით, გაურკვეველი ვადით. უყვება ახალგაზრდა წყვილი რადიო თავისუფლებას.
2025 წლის სექტემბერში სუს-ის ხელმძღვანელად მამუკა მდინარაძე დაინიშნა. მალევე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის მდინარაძეს კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლისთვის, აცხადებს, რომ მისი მიზანია, საქართველო კორუფციის სიმცირით ევროპის სამეულში შევიდეს.
„ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლებს იმედი გაუჩნდათ, რომ სუსი კვლავ დაინტერესდებოდა ყეინიშვილის საქმით. სუსი დაინტერესდა, ოღონდ “ბიტექსჯეინჯით”, მოულოდნელად, 2025 წლის დეკემბერში, სუს-ის გამომძიებლები კომპანიის ოფისში შევიდნენ და დოკუმენტები მოითხოვეს, ისე რომ თანამშრომლებისთვის არ აუხსნიათ რა ხდებოდა. რადიო თავისუფლებამ ნახა სასამართლო განჩინება, რომელიც საფუძვლად დაედო დოკუმენტების გამოთხოვნას. ირკვევა, რომ სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, ფულის გათეთრებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას იძიებდა. ეს სისხლის სამართლის კოდექსის ორი - 194-ე და 332-ე მუხლებია.
დოკუმენტების ამოღების შემდეგ კომპანიას სუს-იდან აღარ დაკავშირებიან. 2026 წლის თებერვალში „ბიტექსჩეინჯს“ ეროვნული ბანკიდან მიაკითხეს. დაიწყო მრავალთვიანი შემოწმება.
„აბაროტი აგვიღო,“ - ამბობს ორჯონიკიძე და დარწმუნებულია რომ ეროვნული ბანკის შესვლა კომპანიაში ყეინიშვილის შურისძიებაა. ბანკის შემოწმების დაწყების შემდეგ „ბიტექსჩეინჯმა“ ოფიციალური წერილი გააგზავნა სუს-ში მამუკა მდინარაძის სახელზე. წერილში დეტალურად არის აღწერილი თუ როგორ მოსთხოვა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა ნანა ყეინიშვილმა მას ბიზნესის წილი. იქვე წერია, რომ ყეინიშვილი კანონს არღვევს და ფარულად მართავს საფინანსო კომპანიებს. წერილი უპასუხოდ დარჩა. სუს-ის ის თანამშრომელი, რომელიც თავის დროზე დავითს და ნინოს ნანა ყეინიშვილის ფარულ ჩაწერაში დაეხმარა, მოკლე შეტყობინებით შემოიფარგლა, რომ მათ წერილს „მიმდინარე საქმეს“ დაურთავდა.
რადიო თავისფლებამ ეროვნული ბანკის მედიასთან კომუნიკაციის სამსახურის მეშვეობით ნანა ყეინიშვილს შეკითხვები 8 ოქტომბერს, გაუგზავნა. 9 ოქტომბრის საღამოს პასუხები თავად ნანა ყეინიშვილმა მოგვწერა. სების საბჭოს წევრი ამბობს, რომ „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებლისთვის ბიზნესის წილი არ მოუთხოვია. მისი თქმით, მისი როგორც საბჭოს წევრის უფლებამოსილება მცირეა და „ბიტექსჩეინჯის“ დაჯარიმებასთან არაფერი აკავშირებს. რადიო თავისუფლების კითხვები და ნანა ყეინიშვილის პასუხები სრულად წაიკითხეთ აქ.
2024 წლის ივლისში, როცა „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებლებმა სუსთან შეთანხმებით ნანა ყეინიშვილი ფარულად ჩაწერეს და ჩანაწერი უსაფრთხოების სამსახურს გადასცეს, დავით ორჯონიკიძემ აუდიოჩანაწერის ასლი თავადაც დაიტოვა.
„რადიო თავისუფლებამ“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც მიმართა კითხვით, რა რეაგირება მოახდინა უწყებამ „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებლის ვრცელ წერილსა და ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ სუს-ში წარდგენილ მტკიცებულებებზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩვენს კითხვებზე ამ დრომდე არ უპასუხია.
4-საათიანი აუდიოჩანაწერი „რადიო თავისუფლებამ“ დეტალურად გაშიფრა, იქ მოთხრობილი ფაქტები გადაამოწმა და ბიზნესის წილის მოთხოვნის გარდა აღმოაჩინა სხვა სავარაუდო კანონდარღვევები.
რას ამბობს კანონი
საქართველოს კანონმდებლობა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონი მკაცრად კრძალავს ეროვნული ბანკის (სებ-ის) საბჭოს წევრისა და მისი ოჯახის წევრების ისეთ ბიზნესში მონაწილეობას ან წილების ფლობას, რომელსაც ეროვნული ბანკი არეგულირებს (მაგალითად: ბანკები, საგადახდო პროვაიდერები, კრიპტომატები, სავალუტო ჯიხურები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები).
ამ შეზღუდვამ უნდა გამორიცხოს ინტერესთა კონფლიქტი, მარეგულირებელი ორგანოს მაღალჩინოსანის მიერ საკუთარი თანამდებობისა და გავლენის საკუთარი, ან ოჯახის ბიზნესის სასარგებლოდ გამოყენება, კონკურენტების დაჩაგვრა და ბაზარზე ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობა.
კანონი ასეთ ქმედებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
აუდიო ჩანაწერში ეროვნული ბანკის შესახებ კანონით დადგენილი ამ წესების შესაძლო დარღვევის აშკარა ნიშნებია.
რა ისმის ფარულ აუდიოჩანაწერში
წილების დათმობა: „თქვენი კომპანია ჩვენსაში შემოვიდეს 50%-თ. ვითომ წილი იყიდა“
აუდიოჩანაწერში ისმის (სავარაუდოდ) ნანა ყეინიშვილის, მისი შვილის, “წითელი ჯვრის“ ქართული ოფისის პრეზიდენტის, ნათია ლოლაძის და მისი ქმრის, ყეინიშვილის სიძის, იმ დროს ეროვნული ბანკის შტატგარეშე იურისტის, ალექსანდრე თორიას და დავით ორჯონიკიძის და ნინო ქოპილაშვილის ხმები.
რადიო თავისუფლებას ხმების დამოუკიდებელი ექსპერტიზა მათი ავთენტიკურობის დასადგენად არ ჩაუტარებია, თუმცა დოკუმენტების დახმარებით გადაამოწმა იქ ნახსენები ფაქტების ნამდვილობა
საუბრის დასაწყისში ყეინიშვილი, რომელიც აშკარად ჩანს, რომ შეხვედრის ინციატორია, შეხვედრის მონაწილეების ტელეფონების ოთახიდან გატანას თხოვს და საქმეზე გადადის.
ყეინიშვილი ბიტექსჩეინჯის დამფუძნებლებს ურჩევს მათი ბიზნესის ახალ კომპანიაში გაერთიანებას, სადაც წილები 50-50%-ზე - მათსა და ყეინიშვილის სიძის სახელზე გაფორმდება. ყეინიშვილი ორჯონიკიძეს დაახლოებით 800 ათასი ლარის ინვესტიციის სანაცვლოდ სთავაზობს წილის დათმობას და დამატებით მფარველობას და ბიზნესის გაფართოებას ჰპირდება
შეთავაზებაზე ორჯონიკიძე პასუხობს, რომ მისი კომპანია იმ დროს სულ მცირე 10 მილიონი ლარი ღირს და ყეინიშვილს შეთავაზებული ინვესტიციით მხოლოდ 10%-იანი წილი შეიძლება ეკუთვნოდეს. თუმცა თავადაც აქვს ინვესტიციისთვის საჭირო თანხა, ამიტომ ეს შეთავაზება მისთვის მიმზიდველი არაა. ყეინიშვილი საუბრის განმავლობაში არაერთხელ იმეორებს, რომ ბიზნესის 50%, ანდა სულ მცირე, 49% სურს.
კონკურენტების ჩამოშორება და მფარველობა: „მე ძალიან კარგად ვიცი მოძრაობის წესები“
ჩანაწერში ბიტექსჩეინჯის წარმომადგენლები ყეინიშვილს უხსნიან, რომ კრიპტომატების ბაზარზე კიდევ ერთი მსხვილი მოთამაშე, მათი მთავარი კონკურენტი, გიორგი ბაჩიაშვილის კომპანიაა და ბიზნესის გაფართოება მხოლოდ ბაჩიაშვილის კომპანიის ხარჯზე იქნებოდა შესაძლებელი. ყეინიშვილი პასუხობს, რომ კონკურენტები პრობლემას ვერ შექმნიან, და უხსნის რატომ:
ბაჩიაშვილი იმ დროს ბრალდებულია ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინების მითვისების ბრალდებით და თუმცა დაკავებული არაა, გირაო აქვს შეფარდებული.
ყეინიშვილი მთელი საუბრის განმავლობაში ერთი მხრივ ხაზს უსვამს მის გავლენებს და ცხადად ამბობს, რომ მასთან პარტნიორობა „ბიტექსჩეინჯს“ დაიცავს, ხოლო მეორე მხრივ მიანიშნებს, რომ დამოუკიდებლად ამ ბიზნესის გაგრძელება მფლობელებისთვის საფრთხეს შეიცავს.
იგი მიანიშნებს მისი კავშირის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან - ბიძინა ივანიშვილთან.
ყეინიშვილი ბიტექსჩეინჯის წარმომადგენლებს ახსენებს ცოტა ხნით ადრე მომხდარ ინციდენტს, როცა კონკურენტის საჩივრის საფუძველზე, თბილისის მერიამ ბიტექსჩეინჯს აპარატების ქუჩაში განთავსების პრობლემა შეუქმნა.
2024 წლის ვრცელ აუდიოჩანაწერში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, რომელსაც ბანკის რეგულირებადი ბიზნესების მართვა კანონით მკაცრად ეკრძალება, დაუფარავად საუბრობს საკუთარ ბიზნესებსა და კომპანიებზე.
რადიო თავისუფლებამ ჯამში ეროვნული ბანკის რეგულირებულ 5 კომპანიასთან იპოვა ნანა ყეინიშვილის და მისი ოჯახის პირდაპირი და ირიბი კავშირები. ჩანაწერში ის საუბრობს როგორც მოქმედი ბიზნესმენი; ჩანაწერში ისმის, როგორ, ურეკავს სხვადასხვა მათ შორის ეროვნული ბანკის მაღალი თანამდებობის პირს ბიზნესკონსულტაციისთვის.
ყეინიშვილთან დაკავშირებული 5 კომპანია
№1. „ვიპ ფეი“ (VIP Pay)
ამ ჩანაწერში ყეინიშვილი ღიად ამბობს, რომ მისია კომპანია „ვიპ ფეი“, რომლის წლიური ბრუნვაც მისი თქმით 300 მილიონ ლარს აღწევს.
„რადიო თავისუფლების“ მოკვლეული დოკუმენტებით, ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული საგადახდო პროვაიდერი შპს „ვიპ ფეი“ (VIP Pay) თვალსაჩინო მაგალითად გამოდგება, როგორ შეიძლება სახელმწიფო მარეგულირებლის მაღალჩინოსანმა კანონმდებლობით დაწესებულ აკრძალვებს აუაროს გვერდი.
შპს „ვიპ ფეი“ 2022 წლის ივლისში დაფუძნდა. კომპანიის იურიდიულ მისამართად თავიდანვე ავლაბარში, ნიაბის ქუჩის №50 მიეთითა სწორედ ის სახლი, სადაც ნანა ყეინიშვილი ცხოვრობს. 2022 წლის ნოემბერში ამ კომპანიამ ეროვნული ბანკისგან საგადახდო პროვაიდერის, როგორც ფარულ ჩანაწერში ხშირად მოიხსენიებს - PSP (Payment Service Provider) სტატუსი მიიღო, იმ პერიოდში მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი თავად ნანა ყეინიშვილი იყო.
ფარულ აუდიოჩანაწერში ყეინიშვილი ყვება, რომ ეროვნულ ბანკში „ვიპ ფეის“ PSP -ს (Payment Service Provider) რეგისტრაციაში ბანკის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დაეხმარა, რომელსაც დეპუტატობის დროს პარლამენტის კომიტეტში საქმიანობიდან იცნობდა.
2023 წლის 21 სექტემბერს, ნანა ყეინიშვილს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ირჩევენ. ანუ მას, ამ დღიდან მკაცრად ეკრძალება კომერციული საქმიანობა და ბანკის რეგულირებულ სფეროში ბიზნესის ფლობა. ყეინიშვილი კომპანია “ვიპ ფეის” ფორმალურ გასხვისებას იწყებს.
2023 წლის 2 ოქტომბერს, ანუ სებ-ის საბჭოში არჩევიდან ორი კვირაც არ იყო გასული, როდესაც ყეინიშვილმა 100%-იანი წილი ლიანა პეტრიაშვილზე 115 ათას ლარად გაასხვისა. ზუსტად 50 დღეში კი ლიანა პეტრიაშვილისგან წილი ზუსტად იმავე ფასად -115 ათას ლარად ნანა ყეინიშვილის შვილმა, ნათია ლოლაძემ გამოისყიდა და ბიზნესი ფორმალურადაც სების საბჭოს წევრის იჯახში დაბრუნდა.
მოგვიანებით, „ვიპ ფეის“ იურიდიულ მისამართად ვერცხლის ქუჩა №1 დარეგისტრირდა. ეს ფართიც ყეინიშვილის ოჯახს ეკუთვნის ის მისი ყოფილი ქმრის, ნიკოლოზ ლოლაძის კომპანიაზეა გაფორმებული და სწორედ იქაა განთავსებული ყეინიშვილის სხვა ბიზნესკომპანიებიც.
კანონით, საჯარო რეესტრში ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ცვლილებას ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობა სჭირდება. თანხმობას ბანკი მხოლოდ შესაბამისი ინფორმაციის მოძიებისა და გადამოწმების შემდეგ გასცემს. აღწერილ ცვლილებებს მწვანე შუქი სწორედ ეროვნულმა ბანკმა აუნთო: რეესტრში დევს ნათია თურნავას ხელმოწერილი თანხმობები როგორც „ვიპ ფეის“ წილის გასხვისებაზე, ისე მისი ოჯახის მიერ უკან დაბრუნებაზე, მისამართის ცვლილებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბიზნესის ფლობა ყეინიშვილს კანონით მკაცრად ეკრძალება, ამას ხელი არ შეუშლია, ეროვნული ბანკისგან ყველა საჭირო თანხმობა მიეღო.
ფარულ ჩანაწერში არის ეპიზოდი სადაც ნანა ყეინიშვილი ყვება ვიპ ფეის შექმნის და წარმატების შესახებ. მისი მტკიცებით, ვიპ ფეი უწევს ფინანსურ მომსახურებას საქართველოში რუსული ტაქსების კომპანია იანდექსს, „ვიპ ფეი 2022 წელს დავიწყე. ზუსტად ერთ წელიწადში, იანდექსი უკვე გაშვებული იყო. 300 მილიონი ბრუნვა ჰქონდა... ბაზარზე გავასწარით ყველას… გავიჩითე ეროვნულ ბანკში.
“როცა იანდექსია, ბოლტს როგორ იძახებთ. გამოიძახეთ ხოლმე იანდექს კომფორტი, მოდის შავი ახალი მანქანები ვიყიდეთ ეხლა 150 ცალი შიგნით წყალი დგას, სალფეთქია, ორი ლარით მეტი ღირს.” - ამბობს ნანა ყეინიშვილი ფარულ აუდიო ჩანაწერში.
რადიო თავისუფლებამ მოიპოვა დოკუმენტაცია, საბანკო ამონაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ აუდიო ჩანაწერის გაკეთების მომენტში ყეინიშვილის ოჯახის კომპანია ვიპ ფეი მართლაც ემსახურებოდა რუსული იანდექსის ქართულ სერვისებს, (Vip Pay*Yandex Go, Georgia )ამას ადასტურებს რამდენიმე საბანკო გადარიცხვის დოკუმენტი, სადაც შუამავალ კომპანიად იანდექსსა და ბანკს შორის სწორედ ვიპ ფეია მითითებული.
№2 მულტიპრაიმი (ყოფილი მულტიფეი)
ფარულ აუდიო ჩანაწერში ნანა ყეინიშვილი ბიტექსჩეინჯის წარმომადგენლებს ეუბნება, რომ დაახლოებით 2 კვირაში ეროვნული ბანკი მის კიდევ ერთ კომპანიას დაარეგისტრირებს როგორც საგადახდო პროვაიდერს - PSP-ს. ყეინიშვილი ახალგაზრდა ბიზნესმენებს თანამშრომლობის სანაცვლოდ ამ ახლად შექმნილ კომპანიაში წილებსაც სთავაზობს.
კომპანია მულტიფეი რომელზეც აუდიო ჩანაწერში ნანა ყეინიშვილი 2024 წლის 19 ივლისს საუბრობს, იმ დროს 2 კვირის დაფუძნებულია მალევე რეგისტრირდება ეროვნული ბანკში. ამ კომპანიას ლიანა პეტრიაშვილის აფუძნებს, ის ვინც 50 დღით იყიდა ყეინიშვილის ვიპ ფეი და მერე იგივე ფასად უკან მიყიდა ყეინიშვილის შვილს. კომპანია მულტიფეი გლდანში, პირველ მიკრორაიონში ავტოფარეხში დაფუძნდა, შექმნიდან 3 თვეში კი ეროვნული ბანკში საგადახდო პროვაიდერად PSP-დარეგისტრირდა.
მოგვიანებით კომპანიას სახელი გადაარქვეს და მულტიპრაიმი გახდა. 2026 წლის სექტემბრიდან იურიდიულ მისამართად ყეინიშვილის ოჯახის მფლობელობაში არსებული ქონების მისამართი ვერცხლის ქუჩის #1 აქვს მითითებული. ამ მისამართის ცვლილებაზეც თანხმობა ეროვნულმა ბანკმა გასცა, რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული ინფორმაციით ეროვნულ ბანკში იციან, რომ ეს მისამართი ყეინიშვილთანაა დაკავშირებული და იქ საბჭოს წევრი საქმიან შეხვედრებს მართავს, რომლებშიც ზოგჯერ ეროვნული ბანკის თანამშრომლებიც მონაწილეობენ.
მოგვიანებით, ყეინიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს ეროვნულმა ბანკმა დამატებითი პრივილეგიები მიანიჭა. ისინი ღია ბანკინგის სისტემაში ჩართო. „ვიპ ფეი“ ღია ბანკინგის რეესტრში 2025 წლის 15 ოქტომბერს, ხოლო „მულტიპრაიმი“ - 2025 წლის 20 ნოემბერს იქნა დაშვებული.
ეს სტატუსი კომპანიებს კომერციულ ბანკებთან ურთიერთობას უმარტივებს და მეტი მომხმარებლის მოზიდვის საშუალებას აძლევს.
ღია ბანკინგში ჩართვა პირველადი რეგისტრაციისგან განსხვავებით ცალკე ტექნიკურ და მარეგულირებელ შეფასებას წარმოადგენს. ეროვნული ბანკის რეგულაციებით, ბანკს ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე ხელახლა უნდა შეეფასებინა ამ კომპანიების მომსახურების სქემები, ტექნიკური სისტემები, ინფორმაციული უსაფრთხოება და მესამე პირებთან ურთიერთობები.
საერთაშორისო სტანდარტით, ეროვნული ბანკი განსაკუთრებით უნდა სწავლობდეს კომპანიებს, რომლებსაც წარსულში ან ახლა კავშირი აქვთ პოლიტიკურად გავლენიან პირთან (PEP - Politically Exposed Person). ეს განმარტება ნანა ყეინიშვილსაც მიესადაგება - ის ყოფილი დეპუტატი და ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია.
№3 შპს „მანი ექსჩეინჯ პლიუსი“
“მანი იქსჩეინჯ პლიუსი” ვალუტის გადამცვლელია. კომპანია 2024 წელს დაფუძნდა, ყეინიშვილი უკვე ეროვნულ ბანკშია, ამ კომპანიის მესაკუთრეც უკვე კარგად ცნობილი ლიანა პეტრიაშვილია. დაახლოებით 3 თვეში ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელად დაარეგისტრირა, რეესტრში სამუშაო ადგილად ვერცხლის ქუჩა # 1 ყეინიშვილის სხვა ბიზნესების სარეგისტრაციო ფართია მითითებული. 2025 წლის 12 დეკემბერს სხვა 25 ვალუტის გადამცვლელთან ერთად მანი იქსჩეინჯ პლიუსიც დააჯარიმეს 3 ათასი ლარით, წესით დაჯარიმებამდე შემოწმებისას მისი ყეინიშვილთან კავშირიც შეიძლებოდა აღმოეჩინა ეროვნულ ბანკს.
№4? შპს „კრიპტო ექსჩეინჯი“
ფარულ ჩანაწერში ნანა ყეინიშვილი ამბობს, რომ გარდა საგადახდო პროვაიდერის PSP-ს მას აქვს ვირტუალური აქტივის პროვაიდერი, იგივე ვასპი. თუმცა არ ასახელებს კომპანიის სახელს.
რადიო თავისუფლებამ იპოვა ყეინიშვილის შესაძლო კავშირი შპს კრიპტო ექსჩეინჯთან” ამ კომპანიამ ეროვნული ბანკში ვასპის რეგისტრაცია 2024 წლის სექტემბერში გაიარა, 10 თვეში კი მისი დირექტორი გახდა გელა მუნჯიაშვილი, რომლის გვარი ყეინიშვილთან დაკავშირებულ რამდენიმე კომპანიაშიც ჩნდება. მუნჯიაშვილი ვიპ ფეის დირექტორიცაა და ასევე, ყეინიშვილის ყოფილი ქმრის იმ კომპანიის, რომელიც ვერცხლის ქუჩის #1 -ში ბიზნეს ცენტრს ფლობს.
როგორ გამოიყენეს “ბიტექსჩეინჯის” წინააღმდეგ მათივე მოთხოვნები
2026 წლის თებერვალში ეროვნული ბანკი ბიტექსჩეინჯის შემოწმებას იწყებს.
ქართული კრიპტომატების ბაზარზე, ორი მთავარი მოთამაშე “ბიტექსჩეინჯი” და ბიძინა ივანიშვილის ყოფილ ფინანსისტთან გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებული კრიპტომატების ქსელია ამ ჟურნალისტური გამოძიებაში, რომელიც ბაჩიაშვილის კრიპტო-ბიზნესში დაბრუნებას ეხება, აღვწერეთ კრიპტობაზარზე არსებული მნიშვნელოვანი პრობლემაც - კრიპტომატების აპარატებზე მომხმარებლის იდენტიფიცირების სისტემის არარსებობა.
საერთაშორისო რეგულაციებით, ვინაიდან კრიპტომატები უკანონო ფინანსური ოპერაციების მომეტებულ რისკს შეიცავს, მათი მფლობელები ვალდებულნი არიან, თითოეული მომხმარებლის ვინაობის დადგენა უზრუნველყონ.
ქართულ ბაზარზე კომპანიების ნაწილი, სულ მცირე 2025 წლის ბოლომდე, საერთაშორისო და ადგილობრივი წესების დარღვევით, იდენტიფიკაციის გარეშე ემსახურებოდა კლიენტებს.
ეს იცოდა ეროვნულმა ბანკმაც. რადიო თავისუფლებას ნანახი აქვს კომპანია “ბიტექსჩეინჯის” მიერ ეროვნულ ბანკისთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში გაგზავნილი არაერთი წერილი, თხოვნით დაეწესებინათ იდენტიფიკაციის ჩართვის კონკრეტული თარიღი ბაზარზე მომუშავე ყველა კომპანიისთვის თანაბარი, სამართლიანი პირობების უზრუნველსაყოფად.
“ბიტექსჩეინჯმა” ბანკს წარუდგინა მტკიცებულებები, რომ როცა მხოლოდ მათ ჩართეს იდენტიფიკატორი, ამით ბაჩიაშვილის კომპანიამ ისარგებლა, მათ კი მომხმარებელი დაკარგეს.
ბიტექსჩეინჯს ეროვნულ ბანკში ვიდეო მტკიცებულებებიც ჰქონდა გაგზავნილი, რომ როცა მათ ჩართეს იდენთიფიკატორი, ბაჩიაშვილის კომპანიასთან შეთანხმებით, კონკურენტმა მალევე გამორთო.
ბიტექსჩეინჯი წერილობით სთხოვდა ეროვნულ ბანკს ეს პრობლემა სამართლიანად გადაეწყვიტა.
2026 წლის სექტემბერში, ეროვნულმა ბანკმა “ბიტექსჩეინჯის” 6-თვიანი შემოწმება დაასრულა და კომპანია 572 მლნ 80 ათასი ლარით დააჯარიმა. ჯარიმის აბსოლუტური უმრავლესობა, 572 მილიონი, დააკისრა იმის გამო, რომ აპარატებზე მომხმარებლის იდენტიფიცირების სისტემა არ იყო ჩართული.
“რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ეროვნულ ბანკს არ შეუმოწმებია „ბიტექსჩეინჯის“ მთავარი კონკურენტი, ივანიშვილის ყოფილი პირადი ფინანსისტის, და პატიმრობიდან საპროცესოს შეთანხმების გათავისუფლებული გიორგი ბაჩიაშვილის შპს „კრიპტომატი“. ამ კომპანიაში ბაჩიაშვილის წილი კვლავ ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდაა დაყადაღებული.
ნახევარ მილიარდზე მეტი - როგორ დაითვალა ეროვნულმა ბანკმა ჯარიმა
ეროვნული ბანკის შემოწმების მასალების მიხედვით ბიტექსჩეინჯისთვის დაკისრებული ჯარიმის თანხა მარტივი არითმეტიკული გათვლით მიიღეს. ეროვნული ბანკის აქტის მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში - 2024 წლის 18 მარტიდან 2026 წლის 6 თებერვლამდე - “ბიტექსჩეინჯმა” 572 ათასი ოპერაცია გაატარა კლიენტის იდენტიფიცირების გარეშე, თითოეული ოპერაცია ცალკე სამართალდარღვევად მიიჩნიეს, თითო დარღვევაზე 1000 ლარით დააჯარიმეს და ასე გამოიყვანეს 572 მლნ ლარის ჯარიმა.
ბანკმა ბიტექსჩეინჯი 2 წლიანი პერიოდისთვის დააჯარიმა, მაშინ, როდესაც დოკუმენტები მიხედვით ეროვნულმა ბანკმა 2 წლის წინაც იცოდა, რომ ბიტექსჩეინჯი კლიენტს იდენტიფიცირების გარეშე ემსახურებოდა და ამ საკითხის მოგვარებას კომპანია წერილობით სწორედ ეროვნულ ბანკს სთხოვდა.
ბიტექსჩეინჯის დამფუძნებელი ამბობს, რომ ეს მათი საჩვენებლად დასჯა და მათი ბიზნესის დახურვაა.
კანონით, თუ ბიტექსჩეინჯი ჯარიმას 30 დღეში არ გადაიხდის ეროვნულ ბანკს შეუძლია კომპანიას აქტივები გაუყიდოს და ფული ისე ამოიღოს.
ბიტექსჩეინჯმა ჯარიმა სასამართლოში გაასაჩივრა, პარალელურად მოითხოვა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ბანკს ჯარიმის აღსრულება აეკრძალოს. კომპანიამ სასამართლოში წარადგინა აუდიტის დასკვნა, რომლითაც ბიტექსჩეინჯის მთელი ქონება დღეს დაახლოებით 4.5 მლნ ლარადაა შეფასებული რაც ბანკის დაკისრებული ჯარიმის 1%-ზე ნაკლებია.
სასამართლომ ბიტექსჩეინჯის თხოვნა ჯარიმის აღსრულების შეჩერებაზე არ დააკმაყოფილა, აღსრულების გადავადებაზე თანახმა არაა არც ეროვნული ბანკი. 10 ოქტომბერს ამოიწურება ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდის დრო.
ბიტექსჩეინჯის დამფუძნებლები ამბობენ, რომ ბანკის და სასამართლოს უარი აღსრულების გადავადებაზე, მას სამართლიანი სასამართლოს უფლებას ართმევს.
რას (არ) აკეთებს ეროვნული ბანკი
„ბიტექსჩეინჯმა“ 3 თვის წინ 2026 წლის 16 ივლისს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს 25 გვერდის მოცულობის წერილი მიწერა, რომელშიც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთან ნანა ყეინიშვილთან ურთიერთობებს დეტალურად აღწერდა. წერილში ჰყვებოდნენ როგორ ცდილობდა ყეინიშვილი მათი კომპანიის წილის მიღებას და როგორ ერეოდნენ ბანკის რეგულირებული სუბიექტების მართვაში ყეინიშვილი და მისი ოჯახის წევრები. „ბიტექსჩეინჯის“ დირექტორი ბანკის პრეზიდენტს ნათელა თურნავას სამართლებრივ რეაგირებას სთხოვდა.
ეროვნულ ბანკს მათთვის პასუხი არ გაუცია, ამ წერილიდან ორ თვეში „ბიტექსჩეინჯი“ დააჯარიმეს 572 მილიონი ლარით. ეროვნულ ბანკს რადიო თავისუფლებამაც ჰკითხა რა რეაგირება ჰქონდათ „ბიტექსჩეინჯის“ წერილზე და მასში აღწერილ შესაძლო უკანონო ქმედებებზე, აცნობეს თუ არა სამართალდამცავებს. ბანკისგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
ბანკში წერილის გაგზავნის შემდეგ შევიტყვეთ, რომ მთავარი პროკურატურის გამომძიებელი საზღვარგარეთ დაუკავშირდა „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებელს. დავით ორჯონიკიძე ამბობს, რომ გამომძიებელმა გამოკითხვაზე საქართველოში ჩამოსვლა სთხოვა.
ჟურნალისტური გამოძიება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის შესაძლო კორუფციული საქმიანობის შესახებ რადიო თავისუფლებას დასრულებული ჰქონდა და გამოქვეყნებისთვის სახელმწიფო უწყებების პასუხებს ელოდა.
6 ოქტომბერს გაგზავნილ წერილებზე პასუხის ნაცვლად, 9 ოქტომბერს სამთავრობო უწყებებმა, საჯარო განცხადებები გაავრცელეს, რომ ნანა ყეინიშვილის საქმიანობის შესწავლა დაიწყეს, ბანკმა კი თქვა, რომ განიხილავს ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან.