Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაპოროჟიეში 17-ს მიაღწია რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა

რუსეთის შეტევის შედეგად დანგრეული სახლი. ზაპოროჟიე, 10 ოქტომბერი, 2026.
რუსეთის შეტევის შედეგად დანგრეული სახლი. ზაპოროჟიე, 10 ოქტომბერი, 2026.

უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 10 ოქტომბერს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულმა დარტყმებმა სულ მცირე 17 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვი, სამხრეთ-აღმოსავლეთში ქალაქ ზაპოროჟიეში, ხოლო კიევში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეფერხდა.

მაშველები გადარჩენილების ძებნას განაგრძობდნენ. რუსეთმა განაცხადა, რომ დარტყმების სამიზნე იყო უკრაინის ენერგეტიკული ობიექტები.

ზაპოროჟიეზე დღეს დილას რუსეთის მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ამჟამად 17-ს შეადგენს, 16 ადამიანი დაშავდა, განაცხადა ოლქის თავდაცვის საბჭოს თანათავმჯდომარემ ივან ფედეროვმა ტელეგრამში. სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება, ექვსი ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება, დასძინა მან.

ხელისუფლებამ 11 ოქტომბერი ზაპოროჟიეში გლოვის დღედ გამოაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა კიდევ 12-მდე ადამიანი იყოს მოყოლილი.

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის ავიაბომბმა საცხოვრებელი სახლის მთელი სადარბაზო დაანგრია და დააზიანა სხვა შენობები და კერძო სახლები. უწყების ცნობით, მაშველებმა ხანძარი ჩააქრეს და ნანგრევებში შესაძლო გადარჩენილების ძებნა განაგრძეს.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების მონაცემებით, 9-10 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა ქვეყანას 160 დრონით შეუტია. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ინფორმაციით, მან ჩამოაგდო ან ჩაახშო 117 მათგანი, მათ შორის 82 რეაქტიული „შაჰედი“. მოხვედრა დაფიქსირდა 14 ადგილზე, ნამსხვრევების ჩამოვარდნა - კიდევ ათზე.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG