Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დანებებას არ ვაპირებ“ – სასამართლომ არ დააკმაყოფილა ფრანგი ფოტოგრაფის, ფრანსის პრიმერსკის საჩივარი

ფრანსის პრიმერსკი
ფრანსის პრიმერსკი

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოში მცხოვრები ფრანგი ფოტოგრაფის, ფრანსის პრიმერსკის საჩივარი, რომლითაც ის მოითხოვდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოცემული აქტის გაუქმებას, რომლითაც მას საქართველოში ბინადრობის ნებართვაზე უარი უთხრეს.

ფრანსის პრიმერსკის ათი დღის ვადა აქვს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასასაჩივრებლად.

ფრანგი ფოტოგრაფი სასამართლო დავის გაგრძელებას გეგმავს.

12 ოქტომბრის სხდომაზე მოსამართლეს დეტალებზე არ უსაუბრია, მხოლოდ ზეპირი გადაწყვეტილება გამოაცხადა, წერილობით გადაწყვეტილებას ფრანსის პრიმერსკი, სავარაუდოდ, ხვალ ჩაიბარებს.

“ბრძოლას ვაგრძელებ ჩემი უფლებებისთვის, თუმცა არ ვიცი რა მელის. დღეს სასამართლოზე მოპასუხე მხარეც კი არ ყოფილა. მე დანებებას არ ვაპირებ”, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

2026 წლის მარტში, ფოტოგრაფმა და ვიდეოგრაფმა ფრანსის პრიმერსკიმ, რომელიც 20 წელია საქართველოში ცხოვრობს და იღებს ყველა მნიშვნელოვან მიმდინარე მოვლენას, მათ შორის, ბოლო დროის საპროტესტო აქციებს, ბინადრობის ნებართვის გახანგრძლივების შესახებ დადებითი პასუხი მიიღო, მაგრამ ორ კვირაში მოულოდნელად ფოსტით აცნობეს, რომ მისი ნებართვა გაუქმდა. მისთვის მიზეზები არ აუხსნიათ. წერილში მხოლოდ კანონის მუხლი იყო მითითებული, რის საფუძველზეც უთხრეს მას უარი. ქვეყნის დატოვების ვადა კი 25 აპრილამდე მისცეს.

ფრანსის პრიმერსკიმ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ბინადრობის ნებართვის გაუქმების აქტი სასამართლოში 2026 წლის აპრილში გაასაჩივრა.

მაშინ ფრანგი ფოტოგრაფი სააგენტოსგან ითხოვდა ქვეყნიდან გასვლის ვალდებულების გადავადებასაც, რომ საქმის განხილვის დასრულებამდე საქართველოში დარჩენილიყო და სასამართლო სხდომებზე დასწრება შესძლებოდა.

ფოტოგრაფისთვის ამ დრომდე უცნობია რატომ უთხრეს მას უარი საქართველოში მოკლევადიან ბინადრობაზე, სადაც ის 20 წელია ცხოვრობს. მუშაობს და აქვს კერძო საკუთრება.

შსს-ს მონაცემებით, 2026 წლის მე-2 კვარტლის მონაცემებით, საქართველოდან გაძევებულია 1132 ადამიანი (მათ შორის არიან 62 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები).

ამავე წლის პირველ ნახევარში ქვეყნიდან გააძევეს - 904 ადამიანი. სულ - 2036 ადამიანი.

რა ეწერა აქტში?

როგორც ფრანსის პრიმერსკის ადვოკატმა, შორენა ლოლაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას ჯერ კიდევ აპრილში, სერვისების განვითარების სააგენტოსგან მიღებულ წერილში მითითებული იყო მხოლოდ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის ჩანაწერი: „თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას“:

„ამით მივხვდით, რომ შესაძლოა, საუბარი იყოს, თითქოს მისი მხრიდან ისეთი საქმიანობის განხორციელებაზე, რაც თითქოს საფრთხის შემცველია საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის - თუმცა რა მოაზრება ამაში, ეს ჩვენთვის უცნობია“.

ადვოკატის განმარტებით, სუს-ის ყველა ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებად ითვლება და მოსარჩელე მხარეს მისი გაცნობის შესაძლებლობა არ მიეცემა. მას მხოლოდ მოსამართლეს მიაწვდიან, რაც ადვოკატის შეფასებით, ასევე პრობლემური საკითხია:

"ფრანსისისთვის იზღუდება მისი უფლება - მიიღოს თავის თავზე ყველანაირი ინფორმაცია. ცხადია, მისთვის რთული იქნება პოზიციონირება, როცა არ იცის რა წერია მასზე და ვერ აბათილებს საწინააღმდეგო არგუმენტებს. ასეთ დროს, თუ მოსამართლემ არ შეხედა კრიტიკულად მტკიცებულებებს, მხარეს ძალიან ცოტა არგუმენტი შეიძლება ჰქონდეს“.

ისევ არ გვაქვს პასუხი სერვისების განვითარების სააგენტოსგან, ვისგანაც გვაინტერესებდა, რა გახდა ფრანგი ფოტოგრაფისათვის მოკლევადიანი ბინადრობის გაუქმების მიზეზი.

საქართველოდან 2025 წლის პირველ ხუთ თვეში უფრო მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს, ვიდრე მთლიანად 2024 წელს. ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა მეტყველებს.

2024 წელს საქართველოდან 363 უცხოელი გააძევეს, მათ შორის აზერბაიჯანის 71, ირანის 54, თურქეთის 31, ინდოეთის 33, ნიგერიის 31, რუსეთის 20 მოქალაქე.

2025 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით კი, 394 უცხოელის გაძევებაზეა ცნობილი. კერძოდ, იანვარ-მარტის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან 219 უცხოელი გააძევეს, მათ შორის ირანის 42, ინდოეთის 32, თურქეთის 25, ჩინეთის 23, რუსეთის 16, თურქმენეთის 13 მოქალაქე; აპრილში – 96. მას შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ სამი პრესრელიზი გაავრცელა, რომლებშიც საუბარია 33, 15 და 31 უცხოელის გაძევებაზე.

მზარდია მონაცემები წლების მიხედვითაც. 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, საქართველოდან გაძევებულ უცხოელთა რაოდენობა 91%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წელს, 2022-თან შედარებით – 15%-ით. 2023 წელს საქართველოდან 190 უცხოელი გააძევეს, მათ შორის აზერბაიჯანის 41, ირანის 32, ინდოეთის 27, რუსეთის 13 მოქალაქე; 2022 წელს კი - 165 უცხოელი, მათ შორის ირანის 29, თურქეთის 25, აზერბაიჯანის 21, ინდოეთის 15 მოქალაქე.

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნიდან იძულებით გააძევეს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

მიმდინარე წელს „ქართულმა ოცნებამ“ მიგრაციული კანონმდებლობა რამდენიმე მიმართულებით გაამკაცრა. სადავო პარლამენტის მიერ დამტკიცებული ერთ-ერთი ცვლილებით, შემოდის ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე – ქვეყნიდან გაძევება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, მისი გამოყენება მოხდება მათ მიმართ, ვინც „სჩადის კონკრეტულ გადაცდომებს, როგორებიც არის, მაგალითად, წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა, შეკრება-მანიფესტაციების წესის დარღვევა“.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG