2026 წლის მარტში, ფრანსის პრიმერსკიმ საქართველოში ბინადრობის ნებართვის გახანგრძლივების შესახებ დადებითი პასუხი მიიღო, მაგრამ ორი კვირაც არ იყო გასული, რომ მოულოდნელად ფოსტით აცნობეს, თქვენი ნებართვა გაუქმდაო - მიზეზები არავის აუხსნია. მას ქვეყნის დატოვების ვადა 25 აპრილამდე მისცეს.
რადიო თავისუფლება: ფრანსის, ცოტა ხნის წინ გაიგეთ, რომ შესაძლოა საქართველოს დატოვება მოგიწიოთ - მოგვიყევით რა მოხდა?
ფრანსის პრიმერსკი: ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი მივიღე 2026 წლის 9 მარტს, როცა ჩემი თხოვნა დაკმაყოფილდა და საქართველოში ბინადრობის უფლების ვადა გაგრძელდა. იუსტიციის სახლში თანხაც გადავიხადე - ჩემთვის პლასტიკური ბარათიც უნდა გადმოეცათ, თუმცა რატომღაც ეს ბარათი არ მომცეს. 25 ან 26 მარტს კი ჩემი სახლის კარზე დარეკეს. "საქართველოს ფოსტის" წარმომადგენელი მოვიდა, თქვენს სახელზე წერილიაო. 20 წელია აქ ვცხოვრობ და არასოდეს "საქართველოს ფოსტას" ჩემთვის სახლში არაფერი მოუტანია. გავხსენი წერილი, რომელშიც ეწერა, რომ ჩემი ბინადრობის უფლება გაუქმებულია. ცხადია, ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე. იქვე ეწერა, რომ მაძლევდნენ 30 დღეს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის.
რადიო თავისუფლება: რა გაიფიქრეთ იმ მომენტში?
ფრანსის პრიმერსკი: ჩემთვის ეს შოკი იყო. უმძიმესი ინფორმაცია, რადგან ეგ გადაწყვეტილება მთელ ჩემს გეგმებს ანგრევს - ჯერ ერთი, აფერხებს საქართველოს შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებას, რასაც წლებია ვაკეთებ და ასევე ხელს უშლის ჩემს სურვილს, აქ ვიცხოვრო, აქ მოვკვდე და აქ დავიმარხო.
რადიო თავისუფლება: თქვენ კი თქვით, რომ თქვენთვის არაფერი აუხსნიათ, მაგრამ მაშინ თუ დაიწყეთ მიზეზების ძებნა, რატომ შეიძლება ეს მომხდარიყო?
ფრანსის პრიმერსკი: მე არ ვარ ბრმა და კარგად ვხედავ, რა ხდება დღეს ქვეყანაში. ბევრი ჩემი მეგობარი წავიდა საქართველოდან და როცა უკან ჩამოსვლა დააპირეს, მათ ამაში ხელი შეუშალეს, აღარ შემოუშვეს. ხშირად ვამბობ ხოლმე ჟურნალისტებთან, რომ სიტყვებს აქვს წონა, ხოლო ფოტოებს მოაქვს ემოცია და როგორც ჩანს, ჩემმა სიტყვებმა და ჩემმა გადაღებულმა ფოტოებმა ვიღაცები ძალიან შეაწუხა.
ჩემთვის ისიც მძიმე იყო, რომ იმ ფონზე, რაც მე გამიკეთებია საქართველოში - საქართველოსთვის, ასე ცივი გულით მითხრეს უარი აქ ყოფნის უფლებაზე.
რადიო თავისუფლება: თქვენ 20 წელია საქართველოში ცხოვრობთ, სამი ხელისუფლების შეცვლის მომსწრე ხართ და ამ ხნის განმავლობაში, როგორც ვიცი, იღებდით ყველაფერს - თქვენთვის საინტერესოს.
ფრანსის პრიმერსკი: დიახ, ასეა. მე საქართველოში ევროპიდან ჩამოვედი და ამ ქვეყანამ მართლა გაშლილი ხელით მიმიღო. ამის გამო შემიყვარდა აქაურობა და აქ ყოფნის სურვილიც ამან გამიჩინა. იცით, როცა ხვდები ერთ სუფრაზე, მერე მეორეზე, მესამეზე, ერთი რეგიონიდან მეორეში გადახვალ, ერთი სოფლიდან მეორეში, ხალხს გაიცნობ, კულტურას, სიმღერას, ცეკვას ეცნობი - ნელ-ნელა აქაურობის ნაწილი ხდები. ჩემი სიყვარულიც ამ ქვეყნის მიმართ ასეთ რამეებზე დგას.
როცა მე აქ ჩამოვედი, ეს იყო პერიოდი, როცა ქვეყანა საბჭოთა კავშირის ზეგავლენიდან თავისუფლდებოდა. ახალგაზრდა ქართველებს სურდათ ახალი ცხოვრების დაწყება, ახალი რაღაცების სწავლა და გაკეთება. მე აღფრთოვანებული ვიყავი ამით.
რადიო თავისუფლება: და ამ ყველაფერს აღწერდით თქვენი ფოტოებით?
ფრანსის პრიმერსკი: კი, ასე იყო, სულ სხვადასხვა ამბებს. ათასნაირი ხალხი გავიცანი. ეს ის პერიოდი იყო, როცა თბილისში ჯერ კიდევ ხშირად ითიშებოდა დენი. უცნაური შეგრძნება იყო ხოლმე, ქალაქის ცენტრში, ნახევარსარდაფში გახსნილ კაფეში ჩახვიდოდი, უცებ ითიშებოდა ელექტროენერგია და ვისხედით ნახევრად სიბნელეში. თუმცა ცვლილებების მოლოდინი მაინც იგრძნობოდა. ვინ არ გავიცანი მაშინ - ზოგი პოლიციაში მუშაობდა, ზოგი ეკლესიაში, ზოგი კულტურის სფეროს წარმომადგენელი იყო და მათგან ყველა ელოდა ცვლილებებს. შემდეგ იყო ეს ბოლო არჩევნები, რომლის მერეც ყველაფერი შეიცვალა ქვეყანაში და ისევ უიმედობის შეგრძნება გაჩნდა.
რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რა საფრთხეს შეიძლება ხედავდეს თქვენში საქართველოს მოქმედი ხელისუფლება? ვის ხედავენ თქვენში?
ფრანსის პრიმერსკი: მართლა ვერ ვხვდები, რა უნდა იყოს მიზეზი. არასოდეს არავის გავუფრთხილებივარ, რომ არასწორად ვიქცევი ან ცუდს ვაკეთებ რამეს. ან ისედაც, როგორ უნდა აუკრძალო ფოტო ან ვიდეო გადაღების მოყვარულს გადაიღოს ის, რაც რეალურად ხდება მის გარშემო? არ ვიცი...
დავდიოდი რეგიონებში, ვიღებდი პატარა სოფლების ცხოვრებას, ადგილობრივი ხალხის ემოციურ კადრებს. კანონმორჩილი მოქალაქე ისედაც ვარ. მაგრამ როცა ფოტოგრაფი ხარ და ხელში გიჭირავს კამერა, შეიძლება აღმოჩნდე ისტორიულ მომენტში ისეთ ადგილას, სადაც რაღაც ხდება და ცხადია, გადაიღებ რაც იქ ხდება. არავის ეგონოს, რომ მხოლოდ პოლიტიკურ მოვლენებს და პოლიტიკურ მარშებს ვიღებ - რელიგიური შინაარსის აქციებიც გადამიღია. კულტურული ღონისძიებები.
მხოლოდ ოპოზიციის მანიფესტაციებზე კი არ ვიღებ ფოტოებს, „ქართული ოცნების“ მიტინგებზეც ვარ ხოლმე და იქაც ვიღებ. თუმცა ოპოზიციის მიტინგზე ყველა ფოტოგრაფს შეუძლია გადაღება, მაგრამ თუ სამთავრობო პარტიის შეკრებაა, იქ ასე ადვილად ვერ ვმოძრაობთ ფოტოგრაფები და ვერც ვიღებთ ხოლმე.
რადიო თავისუფლება: შეგიძლია გაიხსენოთ თქვენი აზრით მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში გადაგიღიათ?
ფრანსის პრიმერსკი: კი, რა თქმა უნდა. პირველი, რაც ყველაზე კარგად მახსენდება, ხალხური დღესასწაულების გადაღებებია. მაგალითად, "ლამპრობა" სვანეთში. ძალიან შთამბეჭდავი რიტუალია. ან "მიხაობა", სადაც მე მიწვეული ვიყავი, როგორც საპატიო სტუმარი. ასევე მუსიკალური ფესტივალები, "ალტერვიზია" ან "არტ-გენი", რომლებსაც ვიღებდი. შემიძლია ვახსენო როკის, ჯაზის და სხვა მიმართულების ფესტივალებიც.
რადიო თავისუფლება: რა მოგწონთ ასე საქართველოში, რამ შეგაყვარათ ეს ქვეყანა?
ფრანსის პრიმერსკი: რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ის სტუმარ-მასპინძლობა და ხელგაშლილობა, რაც აქ დამხვდა და როგორც აქ მიმიღეს. ძალიან ბევრი მიმოგზაურია, ძალიან ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ასე სტუმარი არსად უყვართ, როგორც საქართველოში. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს მარტო დედაქალაქისთვის კი არა, ყველა რეგიონისთვის არის დამახასიათებელი - მიუხედავად მათი კულტურულ-ტრადიციული განსხვავებებისა. მაგრამ მე შეგნებული არჩევანი გავაკეთე და „ჩემი საქართველო“ ავირჩიე. და ეს საქართველო არ არის რაღაც მოოქროვილი საგამოფენო სივრცე. ეგ არის ნამდვილი საქართველოს სახე, ნამდვილი ქართველების საქართველო.
სხვათა შორის, აქ მყოფი ბევრი უცხოელი თავისიანების წრეში ტრიალებს ხოლმე, როგორც წესი, და მე ეგ აუცილებლობა არასოდეს მქონია. ცხადია, ვიცნობ აქ მცხოვრებ ფრანგებს, მაგრამ ყოველდღიურად მე ქართველების გარემოცვაში ვცხოვრობ.
რადიო თავისუფლება: და ყველაფერ ამის შემდეგ როცა ქვეყნიდან გაძევების საფრთხის ქვეშ დგები, როგორი შეგრძნება გეუფლებათ?
ფრანსის პრიმერსკი: ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ზურგში დანის დარტყმასავითაა. ქვეყანა, რომლითაც მე ვიყავი აღფრთოვანებული და რომლის ხალხიც შემიყვარდა და ეს სიყვარული იყო ორმხრივი - ამის პასუხად მივიღე გაძევება. ეს, ცხადია, გაუგებარი და მტკივნეულია. მაგრამ არ მეშინია. თუ მაინც მომიწია ქვეყნის დატოვება, საქართველოს გარეთაც ქართველი ხალხის რუპორი ვიქნები და იმაზე ვილაპარაკებ, რაც ქართველებს აწუხებთ.
რადიო თავისუფლება: ახლა რა გზა გაქვთ, გარდა წასვლისა?
ფრანსის პრიმერსკი: ჩემთვის ამაზე საუბარი მძიმეა, თუმცა მინდა ლეგალური საშუალებებით, სასამართლოს გზით ვცადო დავიცვა ჩემი უფლებები საქართველოში. თუ აქ ვერ მივაღწევ სასურველ შედეგს, რა თქმა უნდა, ევროპულ ინსტანციაში მომიწევს ამ ბრძოლის გაგრძელება. უბრალოდ, გული მწყდება იმაზე, რომ ის დოკუმენტური მასალა, რომელზეც მშვიდად უნდა მემუშავა და მომემზადებინა ფილმი საქართველოს საზოგადოების განვითარებაზე, ამ პირობებში მომიწევს გადავცე „ბიბისის“ ან სხვა მსხვილ კომპანიას, რადგან მე ამ ბრძოლით უფრო ვიქნები დაკავებული, რომ საქართველოში დავბრუნდე.
რადიო თავისუფლება: თქვენ დაწერეთ, რომ თუ წავალ საქართველოდან, არ გავჩერდებიო. თუ ასე მოხდა, რას ეტყვით ევროპას საქართველოზე?
ფრანსის პრიმერსკი: სულ ცოტა, რა სათქმელიც მაქვს, როგორც ადამიანს, რომელიც საქართველოში ცხოვრებისას სამ ხელისუფლებას მოესწრო, რომელმაც თავისი პირადი ინვესტიცია ჩადო ამ ქვეყანაში, მომიწევს ვთქვა, როგორი უარყოფითი ტენდენცია არსებობს საქართველოში. რატომ შეიცვალა მიდგომა იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც სულით და გულით უყვართ საქართველო.
რადიო თავისუფლება: „ქართული ოცნებას“ რას ეტყოდით?
ფრანსის პრიმერსკი: გადახედონ რაც მე მაქვს საქართველოსთვის გაკეთებული და ვთხოვ, რომ ამაზე ნაკლები არ გააკეთონ ქართველი ხალხისთვის.
რადიო თავისუფლება: თუ გადაწყვეტილება შეიცვალა და არ მოგიწიათ წასვლა, რას გააკეთებთ პირველს?
ფრანსის პრიმერსკი: ცხადია, გავაგრძელებ იმ ცვლილებების დოკუმენტირებას, რომლებიც ხდება დღეს საქართველოში. მე მინდა ამ პროცესის მოწმე ვიყო. მე თუ იმას მედავებიან, რომ სამეგობრო წრეში მყავს ხალხი, რომელიც აპროტესტებს მოვლენებს რუსთაველის გამზირზე, ამაზე ჩემი პასუხია, რომ იქ ძალიან ბევრი, საინტერესო ადამიანი დგას. და მათთან იმიტომაც ვმეგობრობ, რომ ისინი არიან საზოგადოების ღირსეული წვერები, ძალიან კულტურულები, თავისი საქმის პროფესიონალები, ვისთან ყოფნაც არის სიამოვნება. მე ძალიან გულს მტკენს ორად გაყოფილი ქვეყანა და მგონია, რომ საქართველო იმსახურებს იმას, რომ ერთი მუხტით ერთ მუშტად იყო შეკრული.
ფრანსის პრიმერსკის მხარდასაჭერად პეტიცია შეიქმნა, რომლის ხელმომწერებიც მოითხოვენ, შეწყდეს საქართველოზე შეყვარებული ფრანგი ფოტოგრაფის ქვეყნიდან გაძევების პროცესი, თავად კი აპირებს, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.
ფრანგულიდან თარგმანისთვის მადლობა ალექსი ფოფხაძეს.