აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპროტესტო აქციების მონაწილეები კონფლიქტში შედიოდნენ სკოლების თანამშრომლებთან, აზიანებდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებების ქონებას და ხელს უშლიდნენ ტრანსპორტის მოძრაობას.
უწყების ცნობით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ქმედებების ორგანიზების მუხლით.
რატომ დაიწყო პროტესტი?
21 სექტემბერს აზერბაიჯანის მთავრობამ სასკოლო ფორმასთან დაკავშირებული მოთხოვნები შეცვალა. ახალი რეგულაციით, დაუშვებელია ტანსაცმლის ისეთი დამატებითი ელემენტების გამოყენება, რომლებიც სკოლის ფორმის ერთგვაროვნებას არღვევს ან ეწინააღმდეგება განათლების საერო პრინციპს.
მიუხედავად იმისა, რომ დადგენილებაში ჰიჯაბი პირდაპირ არ არის ნახსენები, ოქტომბრის დასაწყისში გავრცელდა ცნობები, რომ ზოგიერთ სკოლაში ჰიჯაბიან მოსწავლეებს გაკვეთილებზე არ უშვებდნენ.
რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ინფორმაციით, მსგავსი პრობლემა ჯერ კიდევ მარტში, სუმგაითის №15 სკოლაში წარმოიშვა. ერთ-ერთმა მშობელმა რადიოს უთხრა, რომ მოსწავლეებს სკოლის შესასვლელთან ჰიჯაბის მოხსნას სთხოვდნენ.
ოქტომბერში დაპირისპირება გამწვავდა. ბაქოსა და სხვა დასახლებებში მოსწავლეებმა და მშობლებმა სკოლებთან საპროტესტო შეკრებები გამართეს და გაკვეთილებზე დასწრებაზე უარი განაცხადეს. ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვებმა გაკვეთილები პირდაპირ ქუჩაში ჩაატარეს.
შეფერხებები სოციალურ ქსელებში
12 ოქტომბერს აზერბაიჯანში მომხმარებლებმა Instagram-სა და TikTok-ზე წვდომის პრობლემების შესახებ განაცხადეს.
დამოუკიდებელი გამოცემა Meydan TV-ის ინფორმაციით, მომხმარებლების ნაწილს პუბლიკაციებისა და ვიდეოების ჩატვირთვა უჭირდა, ზოგიერთმა კი სოციალურ ქსელებზე წვდომა მხოლოდ VPN-ის გამოყენებით შეძლო.
უცნობია, უკავშირდება თუ არა სოციალური ქსელების მუშაობის შეფერხება საპროტესტო აქციებს.
ამასთან, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დაახლოებული მედია სასკოლო ფორმის ახალი მოთხოვნების სასარგებლოდ კომენტარებს ავრცელებს. ასევე წერს, რომ ერთ-ერთი სკოლის დირექტორის ავტომობილი დაწვეს. ამავე მედიასაშუალებებში აქციის მონაწილეებს „პროირანულ ძალებადაც“ მოიხსენიებენ.
- აზერბაიჯანში პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები მკაცრად შეზღუდულია. ქვეყანა სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში, მათ შორის Freedom House-ის ანგარიშებში, ერთ-ერთ ყველაზე არათავისუფალ სახელმწიფოდ არის შეფასებული.
- პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებს პოლიტიკურ პროცესებს, შეზღუდულია ოპოზიციის საქმიანობა, დამოუკიდებელი მედიის მუშაობა და საპროტესტო შეკრებების გამართვა.
ფორუმი