Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: შეთანხმება პუტინს უფრო სურს, ვიდრე ზელენსკის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 12 ოქტომბერს უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 12 ოქტომბერს უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმება პუტინს უფრო სურს, ვიდრე ზელენსკის, „ენერგეტიკულ ზავს“ კი იმიტომ დასთანხმდნენ, რომ ეს მან უთხრა.

  • ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში 11 ოქტომბერს დაწერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში ამოქმედდა „ენერგეტიკული ზავი“, რომელზეც „ორივე მხარე შეთანხმდა“.
  • უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს მისთვის სიახლეა.
  • კრემლში განაცხადეს, რომ სათქმელი ჯერჯერობით არაფერი აქვთ.

12 სექტემბერს ვაშინგტონიდან ოჰაიოს შტატში გამგზავრებამდე ტრამპმა მედიის შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი ეხებოდა იმას, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას არ ადასტურებენ.

„ისინი დასთანხმდნენ. იცით, რატომ? იმიტომ, რომ მე ვუთხარი, თქვენ თანახმა ხართ“, - იყო ტრამპის პასუხი.

აშშ-ის პრეზიდენტმა 12 ოქტომბერს ჟურნალისტებს ისიც უთხრა, რომ ომის დასასრულებლად პუტინს და ზელენსკის შეთანხმების მიღწევა სურთ, მაგრამ არ იციან როგორ, ამიტომ აიძულებენ, რომ ეს გააკეთონ.

ამასთან, ტრამპის აზრით, შეთანხმება პუტინს უფრო სურს, ვიდრე ზელენსკის. რას ეფუძნება ეს მოსაზრება და როგორ აიძულებენ რუსეთს და უკრაინას შეთანხმების მიღწევას, აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია.

რამდენიმე საათით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა მედიას განუცხადა, რომ ზელენსკის სურს ყველა საშუალება გამოიყენოს „ამოსუნთქვისა" და დასავლელი „პატრონებისგან" მეტი იარაღის მისაღებად, რუსეთს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის"(ომი უკრაინაში) მიზნები არ შეუცვლია და მათ შესრულებას განაგრძობს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელიც ადრე უკრაინის პრეზიდენტს ხშირად და მწვავედ აკრიტიკებდა, 2025 წლის თებერვალში, თეთრ სახლში მათი სიტყვიერი დაპირისპირება კი მთელმა მსოფლიომ ნახა, გარკვეული პერიოდის შემდეგ რიტორიკა შეცვალა, ზელენსკის ძლიერ ლიდერს უწოდებდა და უკრაინელ მეომრებს აქებდა.

ბოლო ხანს ტრამპმა ზელენსკის კრიტიკა განაახლა. 10 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ უკრაინას სჭირდება ახალი ლიდერი, რომელიც რუსეთთან შეთანხმების მიღწევას შეძლებს.

  • უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე, აშშ-ის ინიციატივით 2026 წლის იანვარში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები.
  • იანვარსა და თებერვალში გაიმართა სამი რაუნდი. პირველი ორი რაუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, ხოლო მესამე - შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.
  • მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა თებერვლის ბოლოს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, აშშ-უკრაინა-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკება აღარ განახლებულა, თუმცა იყო არაერთი ორმხრივი შეხვედრა. ამ პროცესს შედეგი ჯერჯერობით არ მოჰყოლია.




ფორუმი

​
XS
SM
MD
LG