უკრაინული გამოცემის, „ევროპეისკა პრავდას“ ცნობით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვარშავის ფორუმზე თქვა, რომ ელოდებიან, რა კონკრეტული ნაბიჯებისთვის არიან მზად ამერიკელები და თუ ისინი რუსეთის მიერ „ენერგეტიკული ზავის“ დაცვას უზრუნველყოფენ, ამან შესაძლოა, იმუშაოს და იქცეს მნიშვნელოვან ნაბიჯად ომის შესაწყვეტად.
ზელენსკის თანახმად, უკრაინა აშშ-ის მადლიერია და მხარს უჭერს „ენერგეტიკული ზავის“ იდეას, ახლა კი რუსეთმა უნდა აჩვენოს, რომ თანახმაა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, თუ ამერიკელებს სჭირდებათ, უკრაინა მზად არის ხელი მოაწეროს გარანტიებსაც, რათა მათ საიმედოობაში დაარწმუნოს.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში მხოლოდ ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, ამიტომ კიევისთვის გადამწყვეტია, რომ რუსეთმა შეწყვიტოს დარტყმები უკრაინის ელექტროსადგურებსა და ენერგოქსელზე, რის შესახებაც ამერიკული მხარე ინფორმირებულია.
ტრამპის „ენერგეტიკული ზავი“
11 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში ამოქმედდა „ენერგეტიკული ზავი“, რომელზეც „ორივე მხარე შეთანხმდა“. დეტალები ტრამპს არ დაუსახელებია.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ გამოცემა Axios-ს უთხრა, რომ მისთვის დონალდ ტრამპის განცხადება სიახლეა: „თუ პრეზიდენტი ტრამპი ამაზე პუტინს მოელაპარაკა, გთხოვთ გვითხრათ, როდის დაიწყება ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ მზად ვართ და მივიღებთ მას“.
Axios-მა თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით დაწერა, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცხადებული „ენერგეტიკული ზავი“ ეხება პოტენციურ შეთანხმებას, ითვალისწინებს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შეწყვეტას და თუ ეს მოხდება, შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა, იყოს ელექტროსადგურებზე შეტევების შეწყვეტა. გამოცემის წყაროს თანახმად, რუსეთი ამ წინადადებაზე ფიქრობს.
კრემლს სათქმელი ჯერ არაფერი აქვს
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მხოლოდ 12 ოქტომბერს გააკეთეს ოფიციალური კომენტარი „ენერგეტიკული ზავის“ შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაზე.
მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე კრემლის პრესმდივან დმიტრი პესკოვს დონალდ ტრამპის განცხადების შესახებ შეკითხვა დაუსვა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის" კორესპონდენტმა. პესკოვმა უპასუხა, რომ „კონტაქტები გრძელდება“ და როცა „ამ თემაზე რამე სათქმელი ექნებათ“, ინფორმაციას აუცილებლად მიაწვდიან.
პუტინის პრესმდივანს არ დაუკონკრეტებია, ვისთან გრძელდება ეს კონტაქტები.
- „ენერგეტიკული ზავის“ შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე ორი დღით ადრე, 9 ოქტომბერს, ტრამპმა პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოაცხადა, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ დაიწყებს დიზელის საწვავის მიწოდებას აშშ-ისა და საერთაშორისო ბაზრებისთვის.
- უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ რუსეთისთვის მიცემულ ნებართვას უწოდა ომში ინვესტირება და საჩუქარი პუტინისთვის.
- რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ბრაიან ფიცპატრიკმა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ კენჭისყრაზე წარადგენენ რონალდ რეიგანის სახელობის ორპარტიულ კანონპროექტს, რომლითაც უნდა აიკრძალოს რუსული ნავთობის ნებისმიერი შეძენა.
აშშ-ში, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, საწვავი მკვეთრად გაძვირდა. პრეზიდენტმა ტრამპმა, რომლის რესპუბლიკურმა პარტიამ ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, კონგრესზე კონტროლი დაკარგოს, საწვავის გაძვირება არაერთხელ დაუკავშირა არა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შედეგებს, არამედ უკრაინის დარტყმებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. შეერთებულმა შტატებმა უკრაინას არაერთხელ მიმართა, შეეწყვიტა შეტევები რუსეთის ნავთობობიექტებზე.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2026 წელს უფრო ინტენსიური გახადეს შეტევები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ტერმინალებსა და ტრანსპორტირების მარშრუტებზე, რამაც პრობლემები შეუქმნა ექსპორტს და საწვავის დეფიციტი შექმნა თავად რუსეთში.
- მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს.
- უკრაინა აცხადებს, რომ ეს ობიექტები ჩართული არიან რუსეთის არმიის მომარაგებაში, მსგავს ობიექტებზე დარტყმა არის გაეროს წესდებით გარანტირებული თავდაცვის უფლების რეალიზაცია და მიმართულია რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ.
ფორუმი