Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოქროს სამხრეები პუტინისგან, ორდენი კირილესგან… - რატომ აჯილდოებს მოსკოვი კადიროვს კომიკური გულუხვობით?

იუბილარი, 50 წლის რამზან კადიროვი (მარჯვნივ) და მისი ვაჟი ადამი ჩეჩნეთის მეთაურის ინაუგურაციაზე, 2026 წლის 5 ოქტომბერი.
იუბილარი, 50 წლის რამზან კადიროვი (მარჯვნივ) და მისი ვაჟი ადამი ჩეჩნეთის მეთაურის ინაუგურაციაზე, 2026 წლის 5 ოქტომბერი.

არმიის გენერლის წოდება, შინდისფერი ბერეტი, მართლმადიდებლური და მუსლიმური ორდენები, ბოლოს კი „საპატიო რკინიგზელის“ წოდება - რამზან კადიროვის 50 წლის იუბილე ჯილდოების უჩვეულო სერიად იქცა. რა პოლიტიკური გზავნილი შეიძლება იდგეს ამ დემონსტრაციული და, ერთი შეხედვით, კომიკური დაჯილდოებების უკან?

რა პოლიტიკური გზავნილი დგას ამ დემონსტრაციული აღიარების მიღმა და რატომ გახდა „აკელას დასუსტებაზე“ საუბარი კრემლისთვის საყურადღებო?

50 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩეჩნეთის მეთაურს, რამზან კადიროვს, არმიის გენერლის წოდება მიანიჭეს, შინდისფერი ბერეტი გადასცეს და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და რუსეთის მუსლიმთა სულიერი კრების ორდენებით დააჯილდოვეს.

5 ოქტომბერს იუბილე „დაემთხვა” რესპუბლიკის მეთაურის თანამდებობაზე კადიროვის მეხუთედ არჩევის შემდეგ გამართულ ინაუგურაციას. რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახური („კავკაზ.რეალიი“) შეეცადა გაერკვია, რა დგას კადიროვისადმი ასეთი განსაკუთრებული ყურადღების მიღმა და როგორ შეხვდნენ ჩეჩნეთის მცხოვრებლები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ორდენს, რომელიც მათი რესპუბლიკის მეთაურმა მიიღო.

ჯერ კიდევ 3 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას კადიროვისთვის არმიის გენერლის წოდების მინიჭების შესახებ. ამის თაობაზე ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურმა მაგომედ დაუდოვმა განაცხადა. თუმცა პუტინის განკარგულება არც სამართლებრივი აქტების პორტალზე არ გამოქვეყნებულა და არც კრემლის ვებსაიტზე.

კადიროვს ოქროს სამხრეები, ეპოლეტები და შინდისფერი ბერეტი გროზნოში გადასცა "როსგვარდიის" (რუსეთის ეროვნული გვარდიის) დირექტორმა ვიქტორ ზოლოტოვმა. მისი თქმით, კადიროვს შინდისფერი ბერეტის ტარების უფლება „მისი დამსახურების აღიარების ნიშნად“ მიენიჭა. რუსეთის არმიაში მოქმედი საერთო წესის თანახმად, შინდისფერი ბერეტის მისაღებად საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარებაა საჭირო. გამოცდებისგან მხოლოდ იმ პირებს ათავისუფლებენ, რომლებსაც გამოცდებში მონაწილეობა არ შეუძლიათ ბრძოლაში მიღებული ჭრილობების გამო (კადიროვის შემთხვევაში ასეთი ჭრილობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა).

ვიქტორ ზოლოტოვი (მარჯვნივ) არმიის გენერლის ოქროს სამხრეებს გადასცემს რამზან კადიროვს.
ვიქტორ ზოლოტოვი (მარჯვნივ) არმიის გენერლის ოქროს სამხრეებს გადასცემს რამზან კადიროვს.

არმიის გენერალი - რუსეთის სამხედრო იერარქიაში ეს წოდება მეორეა მარშლის შემდეგ. არადა, კადიროვს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ოფიციალურად არასოდეს უმსახურია. მილიციის გენერალ-მაიორის წოდება 2009 წელს მიიღო, რუსეთის ეროვნული გვარდიის გენერალ-მაიორისა - 2020 წელს, ხოლო იმავე უწყების გენერალ-ლეიტენანტისა და გენერალ-პოლკოვნიკისა - 2022 წელს.

პოლიტოლოგი რუსლან აისინი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ჩეჩნეთის მეთაურის მორიგი დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა რუსეთის ეროვნული გვარდიის დირექტორი - „მათ თბილი, მეგობრული ურთიერთობა აქვთ“. გარდა ამისა, რუსლან აისინი ამ ნაბიჯში სხვა რეგიონული ელიტებისთვის გაგზავნილ სიგნალსაც ხედავს: მათ პარტნიორად უნდა ჰყავდეთ ძალოვანი უწყების გავლენიანი წარმომადგენელი, რომელიც პოლიტიკური გადარჩენის გარანტიას თუ ვერ მისცემს, „მფარველობას მაინც გაუწევს“.

5 ოქტომბერს რამზან კადიროვი მეხუთედ შეუდგა ჩეჩნეთის მეთაურის უფლებამოსილების შესრულებას. ადგილობრივი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, სექტემბრის არჩევნებში მან ხმების 99,85% მიიღო. აქტივისტები და დამოუკიდებელი დამკვირვებლები არჩევნებზე „კარუსელების“ მოწყობის, ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებლის გაყალბებისა და რესპუბლიკაში ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების შესახებ საუბრობენ. ინაუგურაცია ზედიზედ მესამედ რამზან კადიროვის დაბადების დღეს, 5 ოქტომბერს, დაინიშნა. ამავე თარიღს ემთხვევა გროზნოს ქალაქის დღეც.

5 ოქტომბერსვე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ კადიროვი I ხარისხის „დიდებისა და ღირსების“ ორდენით დააჯილდოვა. ეს ჩეჩნეთის მეთაურისთვის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მინიჭებული პირველი მაღალი ჯილდოა.

„თქვენი დამსახურების გათვალისწინებით და ამ მნიშვნელოვანი პირადი თარიღის გამო, სამართლიანად მიმაჩნია, დაგაჯილდოოთ ორდენით“, - ნათქვამია რუსეთის პატრიარქის მისალოც წერილში, რომელშიც კადიროვი მოხსენიებულია, როგორც „პასუხისმგებლობიანი ლიდერი, რომელიც განუწყვეტლივ ზრუნავს მისთვის მინდობილ რეგიონსა და მის მცხოვრებლებზე“.

რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურმა სამსახურმა ჩეჩნეთის მცხოვრებლებს ჰკითხა, როგორ აღიქვეს კადიროვისათვის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ჯილდოს მინიჭება. თანამოსაუბრეების უსაფრთხოების მიზნით, რედაქცია რესპონდენტების ვინაობას არ სახელებს.

„კადიროვი მუსლიმი იყო და მუსლიმადვე დარჩა. მას ხომ ქრისტიანობა არ მიუღია, სარწმუნოება არ შეუცვლია და მართლმადიდებელი არ გამხდარა. პატრიარქმა რაღაც დამსახურებისთვის ორდენი გადასცა - რატომ არ შეიძლება, მუსლიმმა ასეთი ჯილდო მიიღოს? თუ ადამიანმა მართლმადიდებლებისთვის რაიმე კარგი გააკეთა, მათაც დაუფასეს. ჩემთვის ეს ნორმალურია. ჩეჩნეთში სხვა რელიგიის წარმომადგენლებს მშვიდად უყურებენ“, - განაცხადა ჩეჩნეთის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

მეორე რესპონდენტის დამოკიდებულება განსხვავებულია: „კადიროვი მუდმივად წარმოაჩენს თავს ყურანისა და ისლამის დამცველად და უცებ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ორდენს იღებს, თანაც პატრიარქისგან. არ ვამბობ, რომ ამის გამო მუსლიმობა შეწყვიტა, მაგრამ ეს, ცოტა არ იყოს, სასაცილოდ და უაზრობად გამოიყურება“.

„როცა ამის შესახებ წავიკითხე, გავიფიქრე: როგორ შეიძლება, მუსლიმმა მართლმადიდებელი პატრიარქისგან ორდენი მიიღოს-მეთქი, - ამბობს ჩეჩნეთის მკვიდრი ქალი, - მაგრამ შემდეგ დავფიქრდი: რატომაც არა? კადიროვი მუდმივად იღებს სხვადასხვა ჯილდოს. ეს ორდენი არ ნიშნავს, რომ მან სარწმუნოება შეიცვალა“.

რესპონდენტი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ახალ ჯილდოს დიდ მნიშვნელობას არც მიანიჭებს: „ჩვენთან ასეთ რამეებს უკვე მიჩვეული არიან“.

ჩეჩნეთის კიდევ ერთმა მცხოვრებმა აღიარა, რომ ვერ გაუგია, რატომ ულოცავენ თანამემამულეები კადიროვს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან მიღებულ ჯილდოს:

„სიმართლე თუ გინდათ, ძალიან გაკვირვებული და გაბრაზებული ვარ. Instagram-ში ამ თემაზე გამოქვეყნებული პოსტების ქვეშ უამრავი კომენტარი წავიკითხე. თვალშისაცემია, რომ უკმაყოფილო ადამიანები ძირითადად ყალბი ანგარიშებიდან წერენ. გასაგებია, რატომაც: ადამიანებს ღიად საუბრის ეშინიათ. მეც მეშინია. არავის უნდა, ომში წასვლა. მაგრამ ძალიან უსიამოვნო იყო ჩემთვის ადგილობრივი ჩეჩნების ისეთი კომენტარების წაკითხვა, რომლებშიც ისინი კადიროვს ულოცავენ. საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლება, გიხაროდეს მედალი, რომელსაც კაფირი (ურწმუნო) გაძლევს, და როგორ შეიძლება, ასეთი ჯილდო მიიღო? ეს ხომ საერთოდ არ არის ჩვენი ტრადიცია და, რამდენადაც მესმის, სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენს მუსლიმურ შეხედულებებს. ამ ყველაფერს რომ კითხულობ, ფიქრობ: ან მსოფლიო შეიშალა, ან მე აღარ მესმის რაღაცები“.

კაფირი (არაბ. كافر - kāfir, მრავლობითში კუფარი) - ისლამური რელიგიური ტერმინი, რომელიც აღნიშნავს „ურწმუნოს“, „არამუსლიმს“ ან ადამიანს, რომელიც უარყოფს ისლამის ძირითად დოგმებს.

5 ოქტომბრის საღამოს კადიროვს ასევე მიანიჭეს რუსეთის მუსლიმთა სულიერი კრების უმაღლესი ჯილდო - რუსეთის იმპერიის პირველი მუფთის, მუჰამედჯან ხუსაინოვის სახელობის I ხარისხის ორდენი, რომელიც სულ ახლახან, სულიერი კრების დაარსებიდან მეათე წლისთავთან დაკავშირებით დააწესეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მოსკოვის მუფთმა ალბირ კრგანოვმა კადიროვის დაჯილდოება ჩეჩნეთში მეჩეთებისა და მედრესეების მშენებლობით, გაჭირვებულებისთვის, რუსი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის გაწეული დახმარებით ახსნა.

ჯილდოების გადაცემისას ითქვა, რომ ორივე ჯილდო - რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის და რუსეთის მუსლიმთა სულიერი კრების ორდენები - „რელიგიათაშორისი მშვიდობის მიღწევას“ უკავშირდება.

ჩეჩნეთის მუფთიმ სალაჰ-ჰაჯი მეჟიევმა თანამემამულეებს მოუწოდა: „დააფასეთ ის, რაც გებოძათ. <...> მხოლოდ ერთი ლოცვის უფლება რომ მქონდეს, მმართველისთვის ვილოცებდი“.

თავად რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მას თვით რუსეთის პრეზიდენტმა მიულოცა. „რა თქმა უნდა, მომილოცა. წარმატება და ბედნიერება მისურვა“, - თქვა მან. რუსეთის პირველმა არხმა კი ჩეჩნეთის მეთაურის იუბილესადმი მიძღვნილი სიუჟეტი აჩვენა. მასში კადიროვს „თავდაჯერებული ლიდერი“ და „თავისი მამის ღირსეული შვილი“ უწოდეს.

თუმცა ზეიმი ამით არ დასრულებულა: 7 ოქტომბერს რამზან კადიროვს „რუსეთის საპატიო არქიტექტორის“ წოდების დამადასტურებელი ნიშანი გადასცეს. ჯილდო ჩეჩნეთის მმართველს გადასცა რუსეთის ვიცე-პრემიერმა, მარატ ხუსნულინმა, რომელმაც, კადიროვთან ერთად, გროზნოში პუტინის სახელობის რაიონის მეორე რიგი გახსნა.

ჩეჩნეთის მეთაურს ადრეც მიუღია „უჩვეულო ჯილდოები“. 2022 წელს კადიროვს გადასცეს I ხარისხის ორდენი „სტომატოლოგიის წინაშე დამსახურებისთვის“. 2026 წლის აპრილში კი კადიროვი დააჯილდოვეს ორდენით „რუსეთის ფედერაციის ცემენტის მრეწველობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“. მთლიანობაში, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელს ასამდე სხვადასხვა ჯილდო და წოდება აქვს მიღებული, მათ შორის ფერმერებისა და აგროსამრეწველო სექტორის წარმომადგენლებისგან გადაცემული საპატიო ნიშნებიც.

12 ოქტომბერს ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი „საპატიო რკინიგზელადაც“ დაასახელეს . შესაბამისი საპატიო ნიშანი მას რუსეთის რკინიგზის (РЖД) გენერალური დირექტორის მოადგილემ, ივან კოლესნიკოვმა გადასცა. ცერემონია გროზნოს რკინიგზის სადგურისთვის ახმატ კადიროვის (რამზან კადიროვის მამის) სახელის მინიჭებას მიეძღვნა. ახმატ კადიროვი რესპუბლიკის პირველი პრორუსი პრეზიდენტი იყო.

ჩეჩნეთის ხელმძღვანელის მორიგი დაჯილდოების შესახებ იტყობინება სააგენტო „ჩეჩნია სეგოდნია“, რომელიც ასევე ავრცელებს საპატიო ნიშნის კადიროვისათვის გადაცემის ოფიციალურ ფორმულირებას: „რკინიგზის ტრანსპორტის განვითარებასა და მისი საქმიანობის მაღალი შედეგების მიღწევაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“.

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი და რუსეთის რკინიგზის გენერალური დირექტორის მოადგილე ივან კოლესნიკოვი (მარჯვნივ)
ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი და რუსეთის რკინიგზის გენერალური დირექტორის მოადგილე ივან კოლესნიკოვი (მარჯვნივ)

„ის მასშტაბური სამუშაო, რომლის ფარგლებშიც რკინიგზები აღდგა, განხორციელდა ელექტრიფიკაცია და ცენტრალიზაცია, მოწესრიგდა სადგურები და ლოკომოტივების დეპოები - ეს ყველაფერი დიდი სამუშაოა, რომელიც ახმატ-ჰაჯი კადიროვმა დაიწყო. ჩვენ, რკინიგზის თანამშრომლებს, ეს გვახსოვს, ვიცით და არასოდეს დავივიწყებთ“, - განაცხადა რუსეთის რკინიგზის გენერალური დირექტორის მოადგილე ივან კოლესნიკოვმა გროზნოში სიტყვით გამოსვლისას.

გროზნოს ახალი რკინიგზის სადგური ექსპლუატაციაში 2025 წლის მაისში შევიდა. მისთვის ახმატ კადიროვის სახელის მინიჭების შესახებ განკარგულებას რუსეთის პრეზიდენტმა მიმდინარე წლის სექტემბერში მოაწერა ხელი. რამზან კადიროვმა მადლობა გადაუხადა პუტინს გადაწყვეტილებისთვის, რომელსაც მან „ისტორიული“ უწოდა.

აკელა და ჯილდოები

პოლიტოლოგ რუსლან აისინის აზრით, კადიროვისთვის განკუთვნილი ჯილდოები წინასწარ იყო დაგეგმილი და შეთანხმებული, მათი გადაცემაც ერთდროულად, „ერთი ზალპით“ მოხდა, რათა სასურველი მედია-პოლიტიკური ეფექტი მიეღოთ ჩეჩნეთის მეთაურის პოზიციების გასამყარებლად, მის შესაძლო ჩანაცვლებაზე გავრცელებული ხმების ფონზე.

“საუბრებმა იმის შესახებ, რომ „აკელა დასუსტდა“, კადიროვის პოლიტიკურ სტატუსზე სერიოზული ზემოქმედება მოახდინა. საჭირო იყო, ამის როგორმე შეცვალა“, - ამბობს რუსლან აისინი.

აკელა - რადიარდ კიპლინგის ცნობილი ნაწარმოების (The Jungle Book) მგელი-პერსონაჟი, ხროვის ლიდერი, მაუგლის აღმზრდელი და მფარველი.

თავად კადიროვისთვის, როგორც პოლიტოლოგი ამბობს, სკანდალები მხოლოდ სასარგებლოა.

“ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს მისი გარემოცვა, - აღნიშნავს აისინი, - მისი დემონსტრაციული ექსცენტრულობა, ტრიქსტერობა და ბრუტალიზმი ამკვიდრებს ჩეჩნეთის მეთაურის, როგორც არაორდინარული და ამ ეტაპზე კრემლისათვის შეუცვლელი ადამიანის იმიჯს, რომელსაც, ყველაფერთან ერთად, „ორდენებიც აქვს“.

„კადიროვს კი არა, კრემლს უნდა დავცინოდეთ. კრემლს, რომელმაც სახელმწიფო ჯილდოები, წოდებები და თანამდებობები პოლიტიკური ერთგულების სანაცვლო გასამრჯელოდ აქცია“, - ამბობს ჩეჩენი პოლიტოლოგი ჰუსეინ ისხანოვი.

მისი აზრით, კადიროვის მაგალითით ფედერალური ცენტრი სხვა რეგიონების ხელმძღვანელებს აჩვენებს, თუ რით შეუძლიათ იყვნენ სასარგებლო ხელისუფლებისთვის: ომისთვის ხალხია საჭირო, კავკასია კი ერთ-ერთი ისეთი რეგიონია, სადაც სახელმწიფო მანქანა, მამაკაცების ომში გასაგზავნად, განსაკუთრებით ეფექტიან ზეწოლას ახდენს მოსახლეობაზე.

„ჯილდოები - ეს იმ სისტემის სიმბოლოა, რომელშიც ერთთა პრივილეგიების საფასურს იხდიან სხვები თავიანთი უფლებებითა და სიცოცხლით“, - უთხრა ჰუსეინ ისხანოვმა რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურ სამსახურს.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რამზან კადიროვმა 40-ზე მეტი სამხედრო ჯილდო მიიღო.

2026 წლის აპრილში რამზან კადიროვმა მიიღო მედალი „მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“, რომელიც მას ჩეჩნეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ჯამბულატ უმაროვმა გადასცა. მანამდე კადიროვმა მხარი დაუჭირა ლგბტქ+ ადამიანების „მკურნალობას“ ყურანის კითხვით; შესთავაზა ხელისუფლებას რუსეთში საჯარო ბოდიშის მოხდის პრაქტიკის ოფიციალურად დანერგვა, ხოლო კადიროვის შესახებ დაწერილი წიგნების სერიისთვის მას მიენიჭა ჩეჩნეთის „სახალხო მწერლის“ წოდება.

რუსეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ მთავრობაში გადასახადების გაზრდაზე, კომუნალური მომსახურების ტარიფების მატებასა და ახალი მოსაკრებლების დაწესებაზე ალაპარაკდნენ. ცხოვრების გაძვირება კი განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა რუსეთის სამხრეთ რეგიონებსა და ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც წლიდან წლამდე უარესდება რესპუბლიკების სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები.


  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG