Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრინცმა უილიამმა ბუკინგემის სასახლის წინ მოძრაობა შეაჩერა კრიკეტის სათამაშოდ

დიდი ბრიტანეთის პრინცი უილიამი კრიკეტის ვარსკვლავებთან ერთად ლონდონის ცენტრში, "მოლზე," სადაც არაოფიციალური თამაში გამართეს. 13 ოქტომბერი, 2026 წელი
დიდი ბრიტანეთის პრინცი უილიამი კრიკეტის ვარსკვლავებთან ერთად ლონდონის ცენტრში, "მოლზე," სადაც არაოფიციალური თამაში გამართეს. 13 ოქტომბერი, 2026 წელი

დიდი ბრიტანეთის პრინცმა უილიამმა სამშაბათს ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამზირი, ბუკინგემის სასახლის მიმდებარე „მოლი“ (The Mall), კრიკეტის დროებით მოედნად აქცია.

მას ამ სპორტის ცნობილი ვარსკვლავები შეუერთდნენ, რათა ხელი შეეწყოთ მისი გარემოსდაცვითი პრიზის, Earthshot-ის პოპულარიზაციისთვის.
ქალაქის ცენტრში მდებარე წითელქვაფენილიანი ფართო ხეივანი უფრო ხშირად გრანდიოზული სამეფო პროცესიებისა და პატრიოტული, დროშების ფრიალით მიმდინარე ზეიმების ადგილია ხოლმე.

13 ოქტომბერს უილიამმა ხელში კრიკეტის ჩოგანი მოიმარჯვა არაოფიციალური თამაშისთვის მოქმედ და ყოფილ საერთაშორისო მოთამაშეებთან ერთად.

მათ შორის იყვნენ ინდოეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი სოურავ განგული, უესტ-ინდოეთის ლეგენდა ბრაიან ლარა და ინგლისის ნაკრების კაპიტანი ჯო რუტი.

სასახლის ფონზე, პერანგსა და ჯემპრში გამოწყობილმა უილიამმა განგულის მიერ მსუბუქად მოწოდებული ბურთების სერია მოიგერია და შეკრებილ მაყურებლებთან ერთად ფოტოები გადაიღო.

„საკმაოდ კარგად ითამაშა“, — განაცხადა განგულიმ, როდესაც პრინცის ოსტატობის შეფასება სთხოვეს.

სანახაობის მიზანი იყო ბრიტანეთსა და ინდოეთს - კრიკეტისადმი დიდი სიყვარულით გამორჩეულ ორ ქვეყანას - შორის კავშირების აღნიშვნა, იმ ფონზე, როდესაც ინდოეთი ემზადება მომავალ თვეს უილიამის პრიზის, Earthshot-ის, ყოველწლიური სამიტისა და დაჯილდოების ცერემონიის მასპინძლობისთვის.

2020 წელს დაარსებული ჯილდო - მილიონი გირვანქა სტერლინგი (1,32 მილიონი დოლარი) თითოეულს - ხუთ გამარჯვებულს გადაეცემა იმ გადაწყვეტილებების გავრცელებისთვის, რომლებიც პლანეტის აღდგენისკენ არის მიმართული.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG