ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას ითხოვენ. ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ტერორიზმის მუხლით. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობაში. განაჩენი 2026 წლის 10 ივლისს გამოცხადდა.
ალეკო ელისაშვილის ადვოკატებმა ერთმანეთის მიყოლებით მოითხოვეს პროკურორისა და მოსამართლეების, განსაკუთრებით მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძის აცილება. მიზეზად დაასახელეს ის, რომ წარსულში მაღლაკელიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, ანრი ოხანაშვილის, მოადგილედ მუშაობდა და ამას შესაძლოა მოსამართლის მიუკერძოებლობის კუთხით ეჭვები გაეჩინა. სასამართლომ ეს შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.
დაცვის მხარის კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, ამოეღოთ პოლიციელების სამხრე კამერები, რაზედაც სასამართლომ ასევე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ეს მოთხოვნა მხარეს საქმისწარმოების პირველ ეტაპზევე უნდა დაეყენებინა.
სასამართლო დათანხმდა დაცვის შუამდგომლობას, მომავალ სხდომაზე მოიწვიონ სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რათა მან სასამართლოს თავისი შეხედულება გაუზიაროს.
21 სექტემბერს სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა.
მასში ნათქვამი იყო, რომ ტერორისტული აქტი არის სპეციალური მიზნით განსაზღვრული დანაშაული, რომლისთვისაც „ტერორისტული მიზანი“ აუცილებელ შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს.
"განაჩენის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სათანადო ყურადღება არ დაუთმო სპეციალური განზრახვის, კერძოდ, ტერორისტული მიზნის გამოკვეთას და იგი, ავტომატურად, ალექსანდრე ელისაშვილის პოლიტიკური პროტესტის მოტივთან გააიგივა", - ნათქვამი იყო სასამართლოს მეგობრის სახელით ომბუდსმენის მიმართვაში სააპელაციო სასამართლოს მიმართ.
სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამდა, რომ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მეტ სიცხადეს შეიტანს სამართლებრივი საკითხის განხილვის პროცესში და "დაეხმარება სააპელაციო სასამართლოს, მოცემული დანაშაული და მისი შემადგენელი ელემენტები შეაფასოს იმ სამართლებრივი სიზუსტით, როგორც ამას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, დანაშაულის სპეციფიკა, დასაბუთების სტანდარტები და სამართლის ზოგადი პრინციპები მოითხოვს“.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდნენ იმ მოტივით, რომ ის, რაც ალეკო ელისაშვილმა ჩაიდინა, იყო პროტესტის გამოხატვა და არა ტერაქტი, რადგან მათი თქმით, 2 ბოთლი ბენზინით ელისაშვილი 1000 კვ.მ ფართის შენობას ვერ გადაწვავდა.
„რეალური ზარალი 110 ლარია და როგორ გგონიათ, ტერორისტული აქტის დროს 110 ლარი იქნებოდა ზარალი?“ - იკითხა ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა.
ის აცხადებს, რომ ელისაშვილის მიერ ჩადენილ ქმედებას მაქსიმუმ სხვისი ნივთის დაზიანების მუხლი მიესადაგოს. თავდაპირველად ელისაშვილს სწორედ ეს მუხლი ჰქონდა წაყენებული, თუმცა, შემდეგ გადაკვალიფიცირდა და ახლა მას ტერორიზმის მცდელობაში ედება ბრალი.
ელისაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული: ერთი ეხება სასამართლოს არქივში ხანძრის გაჩენას, მეორე - სასამართლოს უპატივცემულობას, ხოლო მესამე - ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნას.
ფორუმი