კონკურსის ხელახლა გამოცხადების მიზეზი თემურ გოგოხიას გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც კანდიდატობაზე უარი თქვა.
12 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გოგოხია შერჩევის ბოლო ეტაპზე გადაიყვანა. ის ამ ეტაპზე გადასული ერთადერთი კანდიდატი იყო. თუმცა მომდევნო დღეს, 13 ოქტომბერს, მან საბჭოს განცხადებით მიმართა და კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
რა გახდა გოგოხიას გადაწყვეტილების მიზეზი, უცნობია.
გოგოხიას უარის გამო კონკურსი უშედეგოდ დასრულდა. საბჭოს გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადების მიღება 15 ოქტომბერს დაიწყება და 5 ნოემბერს დასრულდება.
ვაკანსია 2026 წლის 8 ივლისს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგიაშვილის გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა.
ვინ არის თემურ გოგოხია?
48 წლის თემურ გოგოხია 2017 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა, ხოლო 2018 წლიდან მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ არის გამწესებული. მანამდე მუშაობდა ფოთის, ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებში.
2021-2024 წლებში გოგოხია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო. 2025 წლის ოქტომბრიდან ის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარეა.
გოგოხიას სახელი წარსულში სასამართლოს ე.წ. კლანთან დაკავშირებითაც დასახელებულა. ის შედიოდა საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის გამგეობაში, სადაც ლევან მურუსიძესთან ერთად აირჩიეს.
2019 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მაშინდელი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებდა, რომ გოგოხია საბჭოს წევრ რევაზ ნადარაიას ქვისლია. ჯანეზაშვილის თქმით, მიუხედავად ნათესაური კავშირისა, ნადარაიას გოგოხიას კანდიდატურის განხილვისას აცილება არ მოუთხოვია.
ფორუმი