სასამართლოს განცხადების თანახმად, მანანა კობახიძეს, მისი პირადი განცხადების საფუძველზე, 2026 წლის 13 ოქტომბრიდან ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ერთი დღით ადრე, 12 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ მანანა კობახიძემ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდება მოითხოვა, თუმცა კოლეგებმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.
მანანა კობახიძე, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი დამფუძნებელი წევრია, მიიჩნევდა, რომ სარჩელის განხილვაში მისმა მონაწილეობამ შესაძლოა, საზოგადოებაში საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის შესახებ ეჭვები გააჩინოს. მანანა კობახიძის არიდებას ემხრობოდა კიდევ ერთი მოსამართლე, ევა გოცირიძე.
მანანა კობახიძეს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე განმარტება არ გაუკეთებია. მან რადიო თავისუფლების ზარსაც არ უპასუხა.
სასამართლოში ორი ადგილი ვაკანტურია
მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2017 წლის 8 თებერვალს პარლამენტმა, „ქართული ოცნების“ წარდგინებით, 101 ხმით 10-ის წინააღმდეგ აირჩია. მან ფიცი 15 თებერვალს დადო და ათწლიანი უფლებამოსილების ვადა 2027 წლის თებერვალში ეწურებოდა.
კობახიძის წასვლის შემდეგ ცხრაწევრიან საკონსტიტუციო სასამართლოში შვიდი მოსამართლე დარჩა, ორი ადგილი კი ვაკანტურია.
კობახიძის შემცვლელის ასარჩევად პარლამენტში სულ მცირე 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. „ქართულ ოცნებას“ კი ამ რაოდენობის ხმები არ აქვს და მოსამართლის დამოუკიდებლად არჩევას ვერ შეძლებს.
სასამართლოში ერთი ადგილი ვაკანტური იყო მას შემდეგ, რაც 2025 წლის ოქტომბერში უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა ირინე იმერლიშვილს, რომელიც პარლამენტის კვოტით იყო დანიშნული. მან მიზეზად ბათუმში არსებული კერძო საერთაშორისო უნივერსიტეტისაგან შემოთავაზება დაასახელა.
5 ოქტომბერს სასამართლოში ახლად განწესებულმა მოსამართლეებმა, სერგო მეთოფიშვილმა და გოგა კიკილაშვილმა, ფიცი დადეს და უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგნენ.
საკონსტიტუციო სასამართლოში ორი ვაკანტური ადგილის არსებობა სასამართლოს მუშაობას ხელს არ შეუშლის.
„გონივრული ეჭვი მიუკერძოებლობაზე“
მოსამართლე კობახიძე მიიჩნევდა, რომ პარტიების აკრძალვაზე სარჩელის განხილვაში მისმა ჩართულობამ „შესაძლოა, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებსა და საზოგადოებაში გააჩინოს გონივრული ეჭვი ამ საქმის მიუკერძოებელ და ობიექტურ გადაწყვეტასთან მიმართებით“.
„მოსამართლის განცხადებით, საზოგადოებისათვის ცნობილია ის ფაქტი, რომ წარსულში იგი იყო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი წევრი და აგრეთვე იკავებდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის თანამდებობასაც“, - ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებაში.
„გარდა ამისა, მითითებული პოლიტიკური გაერთიანების წევრობის პერიოდში, ის აირჩიეს მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრად, სადაც ითავსებდა მნიშვნელოვან ფუნქციებს“, - წერია იქვე.
მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა
კობახიძის შუამდგომლობის თანახმადვე:
- „სუბიექტური თვალსაზრისით, არ არსებობს მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი“;
- „ფიცის დადების დღიდან იგი მოქმედებს მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისად, მოსამართლის მაღალი პასუხისმგებლობით, პირადი განწყობებისა თუ დამოკიდებულებებისაგან სრულიად თავისუფლად“;
- „ამის მიუხედავად, მოსამართლეს მიაჩნია, რომ კუმულაციურად, ზემოთ დასახელებულმა გარემოებებმა, საქმის განხილვის მონაწილეებს, საზოგადოებასა და, ზოგადად, ობიექტურ დამკვირვებელს, შესაძლოა, გაუჩინოს საფუძვლიანი ეჭვები და კითხვის ნიშნები“.
მანანა კობახიძის კოლეგებმა მიიჩნიეს, რომ აცილების საჭიროება არ არსებობს და მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს.
ეს კოლეგები იყვნენ: რევაზ ნადარაია, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე და ვასილ როინიშვილი.
„ასე არაფერი უნდა განიხილოს“ - ირაკლი კობახიძე
ამ ამბავს ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე.
„მე, როგორც იურისტი, გიპასუხებთ, რომ, თავის დროზე, პარტიის დამფუძნებლობა არ არის საფუძველი აცილებისთვის“, - თქვა მან მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე.
„ასე, საერთოდ არცერთი კანონი არ უნდა განიხილოს მანანა კობახიძემ“, - თქვა მან.
„თავის დროზე იყო კონკრეტული პარტიის დამფუძნებელი და მეათე წელია არის მოსამართლე. მას არავითარი შეხება არ აქვს არც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან, არც ვინმე უზღუდავს სხვა პარტიის მიმართ ახალი პოზიციის ჩამოყალიბებას ან სხვაგვარად მოქმედებას“, - განაცხადა პრემიერმა.
„როგორც იურისტი გეტყვით, რომ აცილების საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სარჩელს სრული შემადგენლობა განიხილავს
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მმართველი გუნდის მიერ შეტანილ სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ანუ სასამართლოს ყველა მოქმედი მოსამართლე განიხილავს.
სარჩელით პარლამენტის 88 წევრი ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვას ითხოვს.
ეს პარტიებია:
- „ნაციონალური მოძრაობა“;
- „კოალიცია ცვლილებისთვის“;
- „ძლიერი საქართველო - ლელო“;
- „ფედერალისტები“;
- „გახარია საქართველოსთვის“.
პარტიების აკრძალვის მოთხოვნით შეტანილი წინა სარჩელები საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას ჰქონდა გადაცემული.
ახალი სარჩელი, რომელშიც ოთხ პარტიას „გახარია საქართველოსთვისაც“ დაემატა, პირველმა კოლეგიამ პლენუმს გადასცა.
სასამართლოს შეფასებით, საქმე „იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას“ წარმოშობს.
13 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო.
2026 წლის 8 ოქტომბერს ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მიიღო მორიგი კრიტიკული რეზოლუცია - „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ”.
წინა დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დებატებისას ევროპელი დეპუტატების ნაწილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება ერთპარტიული რეჟიმის დამყარებას ცდილობს“.
„ქართული ოცნების“ ლიდერები 2022 წლის შემდეგ ევროპარლამენტის ანგარიშებსა და რეზოლუციებს, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკას შეიცავს, უწოდებენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას და ამბობენ, რომ მათ „ჩალის ფასი“ აქვთ.
რა შემთხვევაში უწყდება საკონსტიტუციოს მოსამართლეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე?
ორგანული კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება, თუ:
- ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ვერ ასრულებდა ან წელიწადში 3 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ ასრულებდა თავის მოვალეობას;
- დაიკავა მოსამართლის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა კანონით აკრძალულ საქმიანობას;
- გაამჟღავნა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა თათბირის შინაარსი ან კენჭისყრისას მოსამართლის მიერ დაკავებული პოზიცია;
- ჩაიდინა მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელი;
- დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;
- სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
- მის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
- გარდაიცვალა, ან სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან გარდაცვლილად გამოაცხადა;
- გადადგა თანამდებობიდან.
მანანა კობახიძის ბიოგრაფია
მანანა კობახიძე პროფესიით ისტორიკოსი და იურისტია. 2004-2009 წლებში ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაციას „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“.
ის იყო პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და 2012-2013 წლებში მისი თავმჯდომარე. 2012-2016 წლებში ეკავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა. 2016 წელს კვლავ აირჩიეს პარლამენტის წევრად, ხოლო 2017 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა.
ბოლო წლებში გახმაურებულ და პოლიტიკურად მნიშვნელოვან საქმეებზე სასამართლოს უმრავლესობისგან განსხვავებული პოზიცია მას არ დაუფიქსირებია. მათ შორის, 2023 წელს მან მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლითაც სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა, ხოლო 2024 წელს არ დაუჭირა მხარი „აგენტების შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერებას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ფორუმი