Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელი აქტივისტი მოჰამად მაჰდი რაჰიმიანი ისევ პატიმრობაში რჩება

მოჰამად მაჰდი რაჰიმიანი
მოჰამად მაჰდი რაჰიმიანი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ივანე აღნიაშვილმა პატიმრობაში დატოვა ირანელი აქტივისტი მოჰამად მაჰდი რაჰიმიანი.

რაჰიმიანი თბილისში 12 ოქტომბერს დააკავეს. ის ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟის, აშშ-ში მყოფი რეზა ფეჰლევის მხარდამჭერია. მონაწილეობდა ირანის დღევანდელი ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებში. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რაჰიმიანი საქართველოში არალეგალურად იმყოფება.

15 ოქტომბერს სასამართლომ განიხილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა, რაჰიმიანის მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან დაკავშირებით.

დაცვის მხარე დაკავებულის გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

„ირანში გაძევების შემთხვევაში მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, რადგან ვიცით, რომ პოლიტიკურ აქტივისტებს ირანში სიკვდილით სჯიან“, - განაცხადა რაჰიმიანის ადვოკატმა დავით ღოლიჯაშვილმა სასამართლოსთან.

როდიდან ცხოვრობს რაჰიმიანი საქართველოში

შსს-ში ამბობენ, რომ რაჰიმიანი საქართველოში 2022 წლის 22 აპრილს შემოვიდა. 26 დეკემბერს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით მიმართა მიგრაციის დეპარტამენტს.

დეპარტამენტმა 2024 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით, მას საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარი უთხრა. რაჰიმიანმა მიგრაციის დეპარტამენტის ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს. ამის გამო შსს-ში აცხადებენ, რომ რაჰიმიანს საქართველოში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

ამასთან შსს მიუთითებს, რომ მას „უფლება აქვს, ნებაყოფლობით დატოვოს საქართველო როგორც წარმოშობის ქვეყნის, ისე მესამე ქვეყნის მიმართულებით“.

მოჰამად მაჰდი რაჰიმიანი საქართველოში ცოლთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. ბავშვები ქართული სკოლის მოსწავლეები არიან.

ადვოკატები 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ.

უცხოელების ქვეყნიდან გაძევება

შსს-ს მონაცემებით, 2026 წლის 9 თვეში საქართველოდან გააძევეს 2036 ადამიანი.

2026 წლის 7 აგვისტოს საქართველო დაატოვებინეს უნგრელ ჟურნალისტსა და აქტივისტს, 26 წლის ლასლო რობერტ მეზეშს.

მასაც „ნებაყოფლობით“ დაატოვებინეს ქვეყანა დაკავების შემდეგ. ის უნგრეთში დაბრუნდა.


საქართველოდან გაძევება ემუქრება ფრანგ ფოტოგრაფს, ფრანსის პრიმერსკისაც.

2026 წლის 12 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოცემული აქტი, რითაც მას ბინადრობაზე უარი უთხრეს, ძალაში დატოვა.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG