Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავარიები ელექტროსისტემაში - სემეკი რუსული კომპანიის კუთვნილი ჰესის საკითხსაც განიხილავს

„ხრამჰესი 1“
„ხრამჰესი 1“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) 21 ოქტომბერს განაახლებს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიების მიზეზების განხილვას.

სხდომის დღის წესრიგში ცალკე საკითხადაა შეტანილი რუსული კომპანია „ინტერ რაოს“ კუთვნილი „ხრამჰესი 1-ის" მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების საკითხიც.

საუბარია 24 და 25 ივლისს მომხდარ სასისტემო ავარიებზე, რომელთა შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთში, რამდენიმე საათით შეწყდა.

კიდევ ერთი მასშტაბური „ჩაბნელება“ 5 აგვისტოს მოხდა. მაშინ ცნობილი გახდა, რომ ელექტროსისტემის გათიშვა „ენგურჰესზე“ მიმდინარე ტესტირებისას მოხდა.

სემეკში ივლისის ავარიების მიზეზებზე ბოლოს 4 აგვისტოს იმსჯელეს. მას შემდეგ ორ თვეზე მეტი გავიდა. კომისიაში განმარტავდნენ, რომ ობიექტური დასკვნის მოსამზადებლად დიდი მოცულობის ინფორმაციის შესწავლა და დამუშავება იყო საჭირო.

21 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაგეგმილი სხდომის დღის წესრიგში სამი საკითხია შეტანილი. პირველი ორი შეეხება 24 და 25 ივლისს მომხდარი ავარიების გამომწვევი მიზეზების დადგენას და იმის შესწავლას, რამდენად შეესაბამებოდა ავარიების დროს განხორციელებული ქმედებები ენერგეტიკის მარეგულირებელ კანონმდებლობას.

მესამე საკითხი კი უშუალოდ ერთ კონკრეტულ ელექტროსადგურს ეხება:

„2026 წლის 24 და 25 ივლისის სასისტემო ავარიებთან დაკავშირებით სს „ხრამჰესი 1“-ის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ“.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რატომ გახდა „ხრამჰესი 1-ის" მიერ სალიცენზიო პირობების შესრულება ცალკე განხილვის საგანი და გამოვლინდა თუ არა რაიმე შესაძლო დარღვევა. თუმცა სემეკში ამბობენ, რომ სხდომის ჩატარებამდე საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ.

„ხრამჰესი 1“ წალკის რაიონში მდებარეობს. მისი დადგმული სიმძლავრე 112,8 მეგავატია. სადგური ეკუთვნის რუსულ ენერგეტიკულ კომპანია „ინტერ რაოს“, რომლის საკონტროლო პაკეტს რუსეთის სახელმწიფო კომპანიები ფლობენ.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა „ხრამჰესი 1-ის" გენერალურ დირექტორს, დევი კანდელაკსაც.

მისი თქმით, სემეკისგან 21 ოქტომბრის სხდომის შესახებ შეტყობინება მიიღო, თუმცა არ იცის, კონკრეტულად რას უკავშირდება კომპანიის საკითხის განხილვა.

„არ ვარ საქმის კურსში. მომივიდა შეტყობინება, რომ 21 ოქტომბერს იმართება სხდომა“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

კანდელაკის განმარტებით, ივლისში მომხდარი ავარიების დროს „ხრამჰესი 1“ დაახლოებით 5 მეგავატი სიმძლავრით მუშაობდა და ელექტროსისტემაში განვითარებული მოვლენების შედეგად, სხვა სადგურების მსგავსად, ისიც გაითიშა.

რა მოხდა 24 და 25 ივლისს?

24 და 25 ივლისს ელექტროენერგიის გარეშე დარჩა თბილისი და რეგიონები, შეფერხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მუშაობა.

გათიშვის შედეგად გაჩერდა თბილისის მეტრო და საქართველოს რკინიგზა. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა წყალმომარაგების კომპანია GWP-ს სატუმბ სადგურსაც, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს დროებით წყლის მიწოდებაც შეეზღუდა.

სემეკი ავარიების გამომწვევი მიზეზების შესწავლას შეუდგა, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 25 ივლისს საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო. მას შემდეგ სუსს გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

24 ივლისის ავარია

სემეკის მიერ 30 ივლისს წარმოდგენილი პირველადი შეფასების მიხედვით, 24 ივლისს, ღამის 00:10 საათზე საქართველოს ელექტროსისტემა აზერბაიჯანის ელექტროსისტემასთან პარალელურ რეჟიმში მუშაობდა. კავშირის გაწყვეტის შემდეგ საქართველოს ენერგოსისტემა იზოლირებულ რეჟიმში დარჩა, დაიწყო სიხშირისა და ძაბვის ვარდნა, რასაც ელექტროსადგურებისა და მომხმარებლების კასკადური გათიშვა და საბოლოოდ მთელი სისტემის ჩაქრობა მოჰყვა.

კომისიის პირველადი შეფასებით, ავარიის ერთ-ერთი განმაპირობებელი გარემოება იყო 110-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის, „გეგუთის“, გათიშვა. ეს ხაზი კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაა.

თუმცა სემეკში ყურადღება გაამახვილეს იმაზეც, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემას შესაბამისი დაცვისა და ავტომატიკის სისტემების გამართულ მუშაობაზე უნდა ეზრუნა, რათა ცალკეულ გადამცემ ხაზზე წარმოქმნილ პრობლემას მთელი ქვეყნის ელექტრომომარაგების შეწყვეტა არ გამოეწვია.

„ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ბოცვაძე არასერიოზულად მიიჩნევდა ვარაუდს, რომ გამანაწილებელი კომპანიის ერთ-ერთი ელექტროგადამცემი ხაზის გათიშვას მთელი ქვეყნის ელექტროსისტემის ჩაქრობა გამოეწვია. მისი თქმით, მსგავსი ხაზები წარსულშიც არაერთხელ გათიშულა, თუმცა ამას ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა არ მოჰყოლია.

25 ივლისის ავარია

მეორე მასშტაბურ გათიშვაზე სემეკის მიერ წარმოდგენილი პირველადი ინფორმაციით, 25 ივლისს, დილის 07:55 საათზე, საქართველოს ელექტროსისტემას კვლავ გაუწყდა პარალელური კავშირი აზერბაიჯანთან. სისტემაში სიხშირისა და ძაბვის რყევები დაიწყო, რასაც ელექტროსადგურებისა და მომხმარებლების კასკადური გამორთვა მოჰყვა.

ამ შემთხვევაში ავარიის ერთ-ერთ მთავარ გარემოებად დასახელდა 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის, „იმერეთის“, გათიშვა.

ეს 128-კილომეტრიანი ხაზი ერთმანეთთან აკავშირებს „ენგურჰესსა“ და ქვესადგურ „ზესტაფონი-500-ს". იგი კომპანია „საქრუსენერგოს“ საკუთრებაა, რომლის 50%-ს საქართველოს სახელმწიფო ფლობს, დანარჩენ 50%-ს კი რუსული მხარე.

სემეკის სხდომაზე ითქვა, რომ „იმერეთზე“ დამონტაჟებულ სწრაფმოქმედ დაცვის სისტემებს დაზიანების შემთხვევაში ხაზი მყისიერად უნდა გაეთიშათ. თუმცა, კომისიის პირველადი შეფასებით, დაცვის ავტომატიკამ არასწორად და დაგვიანებით იმუშავა.

„საქრუსენერგოს“ წარმომადგენლებმა გათიშვის შემდეგ ხაზი დაათვალიერეს, თუმცა დაზიანების კვალი ვერ აღმოაჩინეს. „იმერეთი“ იმავე დღეს, საღამოს 18:39 საათზე, ხელახლა ჩაირთო.

ფოტო არქივიდან - ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“
ფოტო არქივიდან - ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“

სემეკის 4 აგვისტოს სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „ენგურჰესის“ შესაძლო არასწორ რეაგირებასაც.

კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თორნიკე აფრიაშვილის განმარტებით, აზერბაიჯანთან პარალელური კავშირის გაწყვეტის შემდეგ ელექტროსადგურებს სიხშირე და ძაბვა უნდა დაერეგულირებინათ.

თუმცა სემეკის წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, „ენგურჰესის“ აგრეგატების ძაბვის ავტომატურმა რეგულირებამ არასწორად იმუშავა და ეს 24 და 25 ივლისის ავარიების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ყოფილიყო.

სხდომაზე ასევე გაირკვა, რომ „ენგურჰესის“ აგრეგატების ძაბვის ავტომატურ რეგულირებასთან დაკავშირებული ხარვეზები ჯერ კიდევ 4 ივლისს დაფიქსირდა. ამის შესახებ სახელმწიფო ელექტროსისტემამ ჰესის ხელმძღვანელობას 10 ივლისს წერილობითაც აცნობა.

ფოტო არქივიდან - „ენგურჰესი“
ფოტო არქივიდან - „ენგურჰესი“

მესამე გათიშვა

24 და 25 ივლისის შემდეგ საქართველოს ელექტროსისტემა კიდევ ერთხელ, 5 აგვისტოს გაითიშა.

ამჯერად გათიშვა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე მიმდინარე დაგეგმილი ტესტირების დროს მოხდა.

სემეკის წევრის, გიორგი ფანგანის ინფორმაციით, ტესტირების მიზანი ივლისის ავარიების შემდეგ სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება იყო.

სახელმწიფო ელექტროსისტემის განმარტებით, შესაბამისი მოწყობილობების შესამოწმებლად აუცილებელი იყო სისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა, მათ შორის სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ მაჩვენებლებზე.

ამ პროცესში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ქვეყნის მასშტაბით შეწყდა.

  • სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია 4 აგვისტოს აცხადებდა, რომ საბოლოო დასკვნის მოსამზადებლად საჭიროა სხვადასხვა უწყებისა და კომპანიისგან მიღებული ინფორმაციის გაანალიზება, რათა ავარიის დროს მილიწამებში განვითარებული მოვლენების ზუსტი ტექნიკური შეფასება გახდეს შესაძლებელი.
  • „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, სუსში დაწყებული გამოძიების მიუხედავად, არ გამორიცხავდა, რომ მომხდარი საბოტაჟს არ უკავშირდებოდა. მისი თქმით, ხელისუფლებისთვის სამივე გათიშვის მიზეზი ცნობილი იყო, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებდა.
  • 16x9 Image

    სანდრო ჯუფალაკიანი

    მუშაობს კონფლიქტებისა და ეკონომიკის თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2020 წლიდან.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG