ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის ბოლო გათიშვისას, სახელმწიფო სტრუქტურებმა ხალხს აუხსნეს, რომ ჩაბნელება "ენგურჰესის" აგრეგატებზე წინასწარ დაგეგმილმა ტესტირებამ გამოიწვია.
“და ხალხი არ უნდა გაგეფრთხილებინათ?” “არ უნდა გვცოდნოდა?” “რაღა ღამით მოგინდათ ტესტირება?” - სემეკის წევრის განცხადებამ კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა სოციალურ ქსელებში, სადაც ადამიანები თავიანთ ისტორიებს ჰყვებოდნენ, ერთმანეთს გადარჩენასაც ულოცავდნენ.
ტესტირების შესახებ ინფორმაციის წინასწარ არგაცხადება “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში უსაფრთხოების მიზნებით ახსნეს.
24-25 ივლისის შემდეგ, მთელი ქვეყნის გათიშვა კვლავ განმეორდა 5 აგვისტოს - ელექტროენერგია ერთბაშად გამოირთო დედაქალაქში და რეგიონებში. სამივე შემთხვევაში სხვადასხვა მიზეზი დასახელდა. ამასობაში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) ხელმძღვანელიც გამოიცვალა - მაგრამ საქართველო კვლავ ჩაბნელდა. მესამე ჩაბნელება პირველი ორის შემდეგ შექმნილი ვითარების გამოსაკვლევი ტესტირებით ახსნეს.
მესამე ჩაბნელების ისტორიები
ლევან ზაზაძემ 5 აგვისტოს საცხოვრებელი სახლის ლიფტში საათი და 20 წუთი გაატარა, სამუშაო დღის ბოლოს. კაბინა მეორე სართულზე გაიჭედა - პირდაპირ ამოშენებულ ყრუ კედელთან. ტელეფონი არ იჭერდა, ვერავის დაუკავშირდა. ბოლოს მისი ხმა მეორე სართულის მეზობელმა გაიგო და 112-ში დარეკეს.
“ძალიან ცუდი შეგრძნება იყო, როდესაც კარი გავაღე და ამოშენებული კედელი დამხვდა. პირველი ის ვიფიქრე, რომ ეს ისევ იქნებოდა ელექტროენერგიის საყოველთაო გათიშვა, ისევე როგორც წინა ორ შემთხვევაში… სამაშველო რომ მოვიდა, მათგან გავიგე, რომ ეს მართლაც ასე იყო. ძალიან გაბრაზებული ვიყავი, თავს დაცულად ვერ გრძნობ მოქალაქე ამ ქვეყანაში”, - ლევანი გვიყვება, რომ მაშველების ადგილზე მისვლას 30-40 წუთი დასჭირდა; ხოლო მათი რაციებიდან გამოსული ხმები მიანიშნებდა, რომ თბილისში ბევრს სჭირდებოდა შველა.
სხვანაირად რომ ვერ მიუდგნენ, ზაფხულის სიცხეში, უჟანგბადო ლიფტში გაჭედილ კაცს მაშველებმა მე-2 სართულის კედლის შიგნიდან გამონგრევა შესთავაზეს. ლევანს ამის წარმოდგენაც გაუჭირდა, თუმცა ბოლოს აღარ დასჭირდა, რადგან, როგორც გვეუბნება, ისევ მეზობელმა იმარჯვა და ძრავასთან მიმაგრებული ბაგირებით ლიფტის პირველ სართულზე დაშვება შეძლო - რასაც მაშველები სარისკოდ თვლიდნენ.
“ისეთი ადამიანი რომ ყოფილიყო ჩემს ადგილზე, რომელსაც კლაუსტროფობია აქვს და დახურულ სივრცეს ვერ იტანს, როგორ გადაიტანდა და გაუძლებდა, ცოტა ძნელი წარმოსადგენია. ამაზე ლიფტში ყოფნისასაც ვფიქრობდი, დრო მქონდა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლევან ზაზაძე. მას გადარჩენას ულოცავდნენ; ბევრი სწერდა, რომ მის ადგილას, ცოცხალი ვერ გამოაღწევდა ლიფტიდან.
"ვეღარ ვსუნთქავთ", "გაგვიღეთ კარები", - ითხოვდნენ მეტროს მატარებლებში დარჩენილი ადამიანები, რომლებსაც ოდნავ მოგვიანებით გვირაბში ფეხით სიარულიც მოუწიათ - ისევე, როგორც წინა ჩაბნელებების დროს - მობილური ტელეფონების შუქზე. მეტროში არც ესკალატორები არ მუშაობდა. რადიო თავისუფლებამ გადაიღო მეტროდან ამოსული შეშინებული ადამიანები. “ჯანდაბაში ვიყავი”, - თქვა ერთ-ერთმა.
შეფერხდა რკინიგზის მოძრაობა.
ბათუმი-თბილისის მატარებლის მგზავრებს 40-45 წუთი დახურულ, უჰაერო სივრცეში მოუწიათ ლოდინი.
“ქუთაისს რომ გამოცდა მატარებელი, მალევე გაჩერდა, კონდიციონერიც გამოირთო და ჩაიხუთა. მგზავრებმა კარის ან ფანჯრის გახსნა მოითხოვეს და გამცილებლებისგან იყო პასუხი - არა, არ იღება, ელექტროაო. ასე ვისხედით ჩახუთულები. ყველანი ზრდასრულები იყვნენ და პანიკა არ ყოფილა. ალბათ ცოტა უფრო დიდხანს რომ გაგრძელებულიყო, დაიძაბებოდა სიტუაცია”, - უყვება ერთ-ერთი მგზავრი რადიო თავისუფლებას. მერე შუქი მოვიდა მატარებელში და კონდიციონერი ჩართეს, მაგრამ არასაკმარისი ძაბვის გამო მატარებელმა გზა კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში ვერ განაგრძო. თბილისში ჩამოსვლა, მგზავრის თანახმად, დაახლოებით 1,5 საათით დაგვიანდა.
5 აგვისტოს მსგავსი ცნობები გავრცელდა სხვა მატარებლებიდანაც.
ელექტროენერგიის ტოტალურმა გათიშვამ ადამიანებს სხვადასხვა ვითარებაში მიუსწრო.
ქეთის ქუჩაში ნაპოვნი კნუტი ჰყავდა წაყვანილი ვეტერინართან - უეცრად ცუდად გახდა და ჟანგბადის მიწოდება დასჭირდა, მაგრამ ჟანგბადის აპარატებიც დენზე მუშაობს. “დავრჩით უჟანგბადოდ კარგა ხანს”, - გვეუბნება ქეთი და იხსენებს იმასაც, რომ უშუქობის გამო დახმარება კლინიკაში მიყვანილ უფრო მძიმედ მყოფ ცხოველებსაც დაუგვიანდათ.
“რომ მცოდნოდა, არ წავიდოდი სტუმრად”, “რომ მცოდნოდა, მაინცდამაინც იმ დროს არ გავიდოდი სახლიდან”, - წერდნენ ადამიანები, რომლებიც 5 აგვისტოს საღამოს, უკვე კარგად დაბნელებულზე, ქუჩაში აღმოჩნდნენ.
თვითმხილველები ამბობენ, რომ სწორედ შუქნიშნების არევამ გამოიწვია ქაოსი და მანქანა ქვეითსაც დაეჯახა. კლინიკაში გადაყვანილი კაცი გადარჩა.
ამ ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზები შსს-ში მოვიკითხეთ, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ.
რას აცხადებენ ოფიციალური უწყებები
რამდენად გაიზარდა შეტყობინებები 5 აგვისტოს, ჩაბნელების ფონზე და ძირითადად რა მიმართულებით? - შეკითხვით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსაც მივმართეთ. გვიპასუხეს ზოგადად, რომ შეტყობინებები “ყოველგვარი შეფერხების გარეშე” შესდიოდათ და ძირითადი შეტყობინებები “ბუნებრივია, საცხოვრებელი კორპუსების ლიფტებში გაჭედვას” შეეხებოდა.
“რაც მთავარია, არავინ დაშავებულა”, - უთხრეს რადიო თავისუფლებას.
ლიფტში გაჭედილა ლევან მახაშვილიც - “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი.
6 აგვისტოს დეპუტატმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეკითხვები მასაც აქვს “ამ თემებთან დაკავშირებით, ზოგადად”, მაგრამ მაინც ეთანხმება ხალხისთვის ინფორმაციის დამალვას და ამას უსაფრთხოების მიზნებით ხსნის:
“ეს არის სტრატეგიული ობიექტი ["ენგურჰესი"] და იმის დაანონსება, რომ პირობითად 20:00 საათიდან 22:00 საათამდე მთელი ქვეყანა იქნებოდა გათიშული, ეს რა რისკებთან არის დაკავშირებული, ალბათ, ხვდებით, დანაშაულიდან დაწყებული შიგნით თუ გარეთ… ავტოსაგზაო შემთხვევები ელექტროენერგიის დროსაც ხდება და მის გარეთაც, ეს არ არის მთავარი მიზანი”.
"სახელმწიფო ელექტროსისტემამ" და სემეკმა 6 აგვისტოს რადიო თავისუფლების დამატებით შეკითხვებს არ უპასუხეს. გვაინტერესებდა, ტესტირების დაგეგმვისას წინასწარ იყო თუ არა გათვლილი ქვეყნის საყოველთაო ჩაბნელების რისკები და რატომ არ მოხდა ხალხის გაფრთხილება.
4 აგვისტოს, სემეკის სხდომაზე გაირკვა, რომ სემეკს ეს ინფორმაცია ჰქონდა.
სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ სხდომაზე განაცხადა, რომ შეკრებას გასაგები მიზეზების გამო არ ესწრებოდა „ენგურჰესის“ წარმომადგენელი, რადგან 4 აგვისტოს ტარდებოდა ტექნიკური ტესტირება:
“მათ გუშინწინ საღამოს [2 აგვისტოს] გვაცნობეს, რომ ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას. ტექნიკური პერსონალი, რომელსაც უნდა გაეცა პასუხი, უნდა იყოს ტესტირებაზე. ჩვენ არ ვამთავრებთ საკითხების განხილვას და მათგან ინფორმაციას ჩვენ შემდეგ სხდომებზე მივიღებთ”.
სემეკის წინასწარი განცხადებით, 24 და 25 ივლისს მომხდარი "ბლექაუთის" ერთ-ერთი მიზეზი "ენგურჰესი" იყო. კერძოდ, 4 აგვისტოს ითქვა, რომ შესაძლოა “ადგილი ჰქონდა ძაბვის ავტომატური რეგულირების არასწორ მოქმედებას“.
ისევე, როგორც წინა 2 ჯერზე, ოკუპირებული აფხაზეთი 5 აგვისტოსაც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
იქ მოქმედი დე ფაქტო “სახელმწიფო” ენერგოკომპანია „ჩერნომორენერგო“ (Черноморэнерго) იტყობინება, რომ:
- “ტესტირების ჩატარება აუცილებელი იყო ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკის ამუშავების მიზეზების დასადგენად”.
- “ტესტირების შედეგად ამოქმედდა ავარიული ავტომატიკა, რის გამოც "ენგურჰესის" გენერატორები გამოირთო საერთო ენერგოსისტემიდან”.
- “ჩატარებული სამუშაოების განმავლობაში გაუმართაობა დადგინდა. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები ავტომატიკის მუშაობაში არსებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად”.
„ჩერნომორენერგოს” ინფორმაციით, ტესტირების პროცესში ჩართული იყვნენ სპეციალისტები ჩეხეთიდან და გერმანიიდან.
"ენგურჰესის" გამომუშავება 3,5 მლრდ კვტ.სთ.-ია (დადგმული სიმძლავრე 1300 მგვტ). გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთში მიდის, ხოლო 60 %-ს დანარჩენი საქართველო იღებს. ზოგიერთი ექსპერტი მონაცემების ანალიზით ვარაუდობს, რომ ბოლო წლებში აფხაზეთი რეალურად 40%-ზე ბევრად მეტს მოიხმარს.
ორ კვირაში სამი ჩაბნელების შესახებ წინასწარ გამოქვეყნებული ოფიციალური ცნობები სახელმწიფო სტრუქტურებს შორის წინააღმდეგობასაც იწვევს.
სემეკის მიერ გამოქვეყნებულმა წინასწარმა დასკვნებმა "სახელმწიფო ელექტროსისტემის" გულისწყრომა გამოიწვია - იქ სემეკის შეფასებები რეპუტაციულ დარტყმად აღიქვეს და ბრალდებები არ გაიზიარეს.
"ელექტროსისტემის" ხელმძღვანელის შეცვლის შესახებ ოფიციალური განმარტებები არ გაკეთებულა. მთავრობის მეთაურმა 3 აგვისტოს მხოლოდ ის თქვა, რომ ზარდიაშვილის ყოფნა-არყოფნის გადაწყვეტილებას „უშუალოდ ეკონომიკის სამინისტრო იღებდა“ და რომ „უამრავი თანხა დაიზოგა მისი ხელმძღვანელობით ელექტროსისტემაში. ძალიან ბევრი პროექტის ოპტიმიზაცია მოხდა… მე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა ვანო ზარდიაშვილზე“-ო.
ტესტირება და ჩაბნელება
სესის განცხადებაში არაფერია ნათქვამი ტესტირების დროს ჩაბნელების რისკების შესახებ, რასაც თავის ფეისბუკპოსტში ადასტურებდა სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი.
“ტესტირების ფარგლებში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, გათვალისწინებული იყო საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობაც. აღნიშნული რეჟიმი დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან ტექნიკურ რისკებთან, მათ შორის, ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვის შესაძლებლობასთან”, - ფეისბუკპოსტში ფანგანი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვის შემდეგ “მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი”, მსგავსი შემთხვევების სამომავლოდ თავიდან აშორების მიზნით.
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორს, ენერგეტიკის საკითხების ექსპერტს, გიგა თვაურს ეეჭვება, რომ საქართველოს მორიგი, მესამე ჩაბნელება პოსტფაქტუმ გამოცხადებულმა ტესტირებამ გამოიწვია.
“ენგურჰესი" ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის ხერხემალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის გარეშე მთელი ქვეყანა უნდა ჩაბნელდეს. გვახსოვს "ენგურჰესი" რემონტის პერიოდში [2021 წელი], როდესაც გაჩერებული იყო რამდენიმე თვე და ჩვენ არ გვახსოვს ქვეყნის ასეთი ჩაბნელება მაშინ. რატომ? მათ ["ელექტროსისტემის", სემეკის] განცხადებებს უკვე აღარ აქვთ წონა. ორ კვირაში სამი ჩაბნელება - მაინცდამაინც ახლა გააკეთეს ეს ტესტი?!” - თვაური გვეუბნება, რომ მსგავსი შემთხვევები მთავარ პრობლემებს უქმნის ეკონომიკას, აფრთხობს ინვესტორებს და ქვეყანას განვითარების საშუალებას უსპობს.
“ჩვენ ეკონომიკა გავაჩერეთ, ქვეყანა გავაჩერეთ - ტელეფონზე ვერ ვურეკავდით ერთმანეთს - დედაჩემს ვერ დავურეკე ტელეფონზე... ორ კვირაში სამი ჩაბნელება, ხვდებით ხომ, ჩვენს საინვესტიციო გარემოზე როგორ მოქმედებს?! ეს არ იმოქმედებს ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგებზე?! რა თქმა უნდა - კი... რა "ენგურჰესის" ტესტირება, 38-მილიარდ დოლარიანი [მშპ 2025 წელს - 104,6 მილიარდ ლარი] ეკონომიკა გააჩერეს”, - გიგა თვაური ამბობს, რომ საქართველოს ენერგეტიკის სისტემა არის "ცუდ დღეში" და, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ნაცვლად, რეალურ პრობლემებს ახლა ობიექტური პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული დამოუკიდებელი აუდიტი უნდა იკვლევდეს; ხოლო საზოგადოებამ ამ უპრეცედენტო ჩაბნელებებთან დაკავშირებით შუალედური ანგარიშებიც უნდა მოითხოვოს.
გიგა თვაურისთვის საქართველოს ენერგოსისტემის მძიმე მდგომარეობის ერთ-ერთი ნიშანი "ელექტროენერგიის იმპორტის კატასტროფული ზრდაა"; ამბობს, რომ დიდი ჰესების აშენების გარეშე, საქართველოს ელექტროსისტემა “პრაქტიკულად განწირულია".
“სად მიდის ჩვენი დენი” - სოციალურ ქსელში შეკითხვას სვამს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი (2014-2015 წწ) ელგუჯა ხოკრიშვილი და საქართველოში მაინინგს ასახელებს ერთადერთ გზად, რომელიც იძლევა საშუალებას, “იაფი ელექტროენერგია კაბელის გარეშე გაიტანო ქვეყნიდან, გადააქციო ქონებად და თითქმის არაფერი გადაიხადო”.
“გაუქმდეს საგადასახადო შეღავათები მაინინგზე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე”, - თუკი ელექტროენერგიის ექსპორტს სჭირდება ხაზი, ქვესადგური, სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება, გატარების ტარიფი და მყიდველი, ელექტროენერგიის მოხმარებით გამომუშავებულ ბიტკოინს "არაფერი ესაჭიროება. წამებში კვეთს ნებისმიერ საზღვარს, უბაჟოდ და ბანკის გარეშე” და საქართველოში არც აღრიცხვიანობა არ არსებობს.
ხოკრიშვილი წერს, რომ 2025 წელს მაინინგმა დაახლოებით 752 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია მოიხმარა; რაც ქვეყნის მოხმარების 5-6%-ს შეადგენს; ხოლო "პარალელურად მოსახლეობას ტარიფი 5 თეთრით გაეზარდა".
დასკვნების მოლოდინში
ეჭვები „ენგურჰესის“ აგრეგატების შესაძლო გაუმართაობასთან დაკავშირებით არ დადასტურდა - უთხრა BMG-ს „ენგურჰესის“ ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ. მისი თქმით, ჩატარებულმა ტესტირებამ დაადასტურა, რომ პრობლემა არა უშუალოდ ჰესის აგრეგატებს, არამედ სისტემურ ავტომატიკას უკავშირდება.
სემეკი და უშიშროების სამსახური კვლავ იკვლევენ სისტემის გაუმართაობის და სრული ჩაბნელების მიზეზებს. ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ როგორიც არ უნდა იყოს სემეკის და სუსის საბოლოო დასკვნები, პრობლემა მხოლოდ საკადრო ცვლილებით არ გადაიჭრება. მაგალითად, ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ დარგი პოლიტიკური ზეგავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს.
მარგველაშვილი ირწმუნება, რომ „სახელმწიფო ელექტროსისტემიდან“ „უამრავი კვალიფიციური თანამშრომელია წასული; ნაკლებად კვალიფიციური კადრების დანიშვნასთან ერთად კი ხელისუფლება „საოპერაციო საქმეებშიც ერევა“.
„ამ დარგს სჭირდება სხვანაირი მიდგომა და მართვა, ეს სახელმწიფოებრივი საქმეა და არა პარტიული“, - ამბობს მარგველაშვილი.
ფორუმი