Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე ერევანში ირანის პრეზიდენტს შეხვდა

ირაკლი კობახიძე და მასუდ ფეზეშქიანი
ირაკლი კობახიძე და მასუდ ფეზეშქიანი

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ერევანში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები საქართველოში ირანის საელჩომ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელეს.

საელჩოს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ირანს შორის თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს. შეხვედრაზე აღინიშნა პოზიტიური თანამშრომლობა ტურიზმის მიმართულებით.

„შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დიალოგისა და დიპლომატიური ძალისხმევის განსაკუთრებულ მნიშვნელობას დეესკალაციისა და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

კობახიძე ერევანში გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის (COP17) ლიდერთა სამიტში მონაწილეობს.

ირაკლი კობახიძე სომხეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან ერთად
ირაკლი კობახიძე სომხეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან ერთად

ერევანში, COP17-ის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, კობახიძემ ძირითადად გარემოს დაცვის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ეკონომიკური განვითარების საკითხებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ტყის აღდგენისა და გაშენების სამუშაოები 7 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე ჩატარდა, ხოლო 2030 წლისთვის ხელისუფლება ამ მაჩვენებლის სულ მცირე 20 ათას ჰექტრამდე გაზრდას გეგმავს.

ურთიერთობები ირანთან

ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის ფონზე თბილისს თეირანთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები არ შეუწყვეტია.

მაგალითად, 3 ივლისს „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი თეირანში ჩავიდა, სადაც ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში ის ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანსაც შეხვდა.

აქტიურია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობებიც. მაგალითად, 2026 წელს საქართველოდან ირანში ავტომობილების რეექსპორტი მკვეთრად გაიზარდა.

ამასთან, სექტემბერში, აშშ-ის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ბოლო რეისი 20 სექტემბერს შესრულდა. ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ საქართველო ითვალისწინებს საერთაშორისო შეზღუდვებს, თუმცა ირანს ორმხრივ სანქციებს არ უწესებს.

საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ისტორიულ საკითხებზე აქტიურად აკეთებს განცხადებებს. მის არაერთ განცხადებას ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური რეაგირება არ მოჰყოლია, თუმცა 30 სექტემბერს ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ამის მიზეზი ქეთევან დედოფლის შესახებ ელჩის განცხადება გახდა. მოჯანიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქეთევან დედოფლის ისტორიის შესახებ განსხვავებული ვერსიები არსებობს და ამ საკითხზე საკუთარი კვლევის შედეგების გამოქვეყნებას გეგმავდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩს განუმარტეს, რომ მისი განცხადებები დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს სცდებოდა და მოუწოდეს, თავი შეეკავებინა საქართველოს ისტორიისა და შიდა საკითხების ინტერპრეტირებისგან.

  • 16x9 Image

    სანდრო ჯუფალაკიანი

    მუშაობს კონფლიქტებისა და ეკონომიკის თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2020 წლიდან.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG