საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში ირანში 161,9 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ეს მაჩვენებელი 19,1 მლნ დოლარი იყო.
ექსპორტის უდიდესი ნაწილი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ირანში 129,2 მილიონი დოლარის ღირებულების 7360 მსუბუქი ავტომობილი გავიდა. შესაბამისად, ავტომობილებზე ირანში ექსპორტის დაახლოებით 80% მოდის.
მანქანების ექსპორტი განსაკუთრებით მკვეთრად გაიზარდა რაოდენობრივადაც. 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ირანში 19 მსუბუქი ავტომობილი გავიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში - 10, ხოლო 2026 წლის პირველ რვა თვეში - უკვე 7360.
ირანში ექსპორტირებულ უმსხვილეს საქონელს შორის ასევე არის ფეროშენადნობები, რომელთა ექსპორტის ღირებულებამ დაახლოებით 18,2 მლნ დოლარი შეადგინა.
2026 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, ირანი საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო პარტნიორებს შორის მეცხრე ადგილზეა. ირანის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 3%-ს შეადგენს.
ამავე პერიოდში ირანიდან საქართველოში იმპორტმა 169,4 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველოს მთლიანი ექსპორტი 22,1%-ით გაიზარდა
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს მთლიანმა ექსპორტმა 5,42 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22,1%-ით მეტია. 2025 წლის პირველ რვა თვეში ექსპორტის მოცულობა 4,44 მლრდ დოლარს შეადგენდა.
საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია. მათი ექსპორტის ღირებულებამ 1,35 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 24,9%-ია (ავტომობილების ექსპორტი წინა წელთან შედარებით 22%-ით შემცირდა).
მეორე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 688,9 მლნ დოლარით (ზრდამ 1067% შეადგინა), მესამეზე კი ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 403,1 მლნ დოლარით (+68,6%).
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ამ პერიოდში ყირგიზეთია, სადაც 577,6 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა. მას მოსდევენ ჩინეთი, 543,7 მილიონი დოლარით და რუსეთი, 500,7 მილიონი დოლარით.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.
მისი თქმით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გამოკლებით, გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 60%-ით გაიზარდა და აგვისტოსთვის რეკორდულ, 432,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ცინცაძის შეფასებით, ეს მიუთითებს, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება იზრდება.
„მათ შორის იზრდება იმ პროდუქციის წარმოება, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანია და საქართველოდან მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გადის“, - განაცხადა ცინცაძემ.
საუბარია, მათ შორის, ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში წარმოებულ ნავთობპროდუქტებზე.
ფორუმი